Gccc-logo.png


მუხლი 139. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 139. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

2. თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომი გაგრძელების შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან ერთად. თუ ერთ-ერთი მხარე პროცესს კვლავ განაგრძობს, შეწყვეტის შემდეგ დაწყებული ხანდაზმულობის ახალი ვადა ისევე შეწყდება, როგორც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით.

I. ზოგადი დებულებები

1

139-ე მუხლი განსაზღვრავს დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანისას. კერძოდ, 139 I მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილია სარჩელის შეტანის მომენტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე ან პროცესის სხვაგვარად დასრულებამდე.

2

ნიშანდობლივია, რომ 139 I მუხლი სარჩელის შეტანასა და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას ერთმანეთს უკავშირებს. სარჩელის შეტანით კი უფლებამოსილი პირი არაორაზროვან აქცენტს უნდა აკეთებდეს იმაზე, რომ მას სურს სასარჩელო წარმოების გზით საკუთარი უფლებების განხორციელება ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. უფრო მეტიც, შესაძლოა, სასამართლომ ყურადღება ასევე ისეთ გარემოებებზეც გაამახვილოს, როდესაც აშკარაა, რომ მოსარჩელეს ცალსახად არ აქვს იურიდიული ინტერესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით და მას მხოლოდ სარჩელის შეტანით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სურს.[1] ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა იმაზე ფიქრიც, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა მსგავსი განზრახვით შეტანილ სარჩელს შედეგად არ უნდა მოჰყვეს.

II. სარჩელის შეტანა და მისი შედეგები

3

138-ე და 139 I მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ მომენტის განსაზღვრა, როდიდანაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარჩელი შეტანილად. სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „[...] ხანდაზმულობას წყვეტს უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, ხოლო, თუ სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადებას ან სარჩელს არ მიიღებს, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება. სარჩელის განუხილველად დატოვებისას ან საქმისწარმოების შეწყვეტისას კი იმავე სარჩელის ექვსი თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის დროიდან. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შეწყვეტამდე განვლილი დრო ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.“[2]

გამოდის, რომ სარჩელი 139-ე მუხლის მიზნებისათვის შეტანილად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც სასამართლო მას საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღებს წარმოებაში.

4

139-ე მუხლის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღების მომენტიდან სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან პროცესის სხვაგვარად დასრულებამდე გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. 139 I მუხლის ჩანაწერი შეიძლება ისე იქნეს აღქმული, რომ თითქოს იგი ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას შეეხება და არა შეწყვეტას. მაგრამ აღნიშნული მუხლი, განსხვავებით მისი მსგავსი გერმანული რეგულაციისაგან (შესაბამისი რეფორმის შემდეგ),[3] ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას შეეხება და არა შეჩერებას.

III. კავშირი პროცესთან

5

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ საპროცესო-სამართლებრივ შედეგებზე. კერძოდ, ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება (ა) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან (ბ) პროცესის სხვაგვარად დასრულებამდე.

6

(ა) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერი ძალის ქვეშ იგულისხმება მისი ფორმალური კანონიერი ძალა. კერძოდ, გადაწყვეტილების ის თვისება, რომლის ძალითაც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს, ხოლო მხარეთა შორის არსებული დავა კი ითვლება გადაჭრილად.[4] აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლში.

7

(ბ) პროცესის სხვაგვარად დასრულების ქვეშ, უპირატესად, საგულისხმოა საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის XXIX თავით განსაზღვრული გადაყვეტილების გამოტანის გარეშე საქმისწარმოების დამთავრების შემთხვევები, როგორიც არის საქმისწარმოების შეწყვეტა (სსსკ-ის მუხლი 272) და სარჩელის განუხილველად დატოვება (სსსკ-ის მუხლი 275-ე). თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საქმისწარმოების ყველა სახის შეწყვეტა და სარჩელის განუხილველად დატოვება არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის სარჩელის შეტანის გზით შეწყვეტას (იხ. 140 I).

IV. პროცესის შეწყვეტა (139 II მუხლი)

8

აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას პროცესის შეწყვეტის შესახებ ან თუ პროცესი მისი შემდგომი გაგრძელების შეუძლებლობის გამო შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენაც წყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დასრულებასთან ერთად. მსგავსი ფორმით შეწყვეტილი ხანდაზმულობის ვადის ახლიდან ათვლა დაიწყება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დასრულებასთან ერთად. ხოლო ასეთი ფორმით ახლიდან ათვლილი ხანდაზმულობის ვადის დენა ისევ შეწყდება, თუ ერთ-ერთი მხარე პროცესს კვლავ განაგრძობს.




  1. გერმანულ სამართალში შდრ. MüKo/Grothe, § 204, Rn. 3.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის #ას-493-467-2015 გადაწყვეტილება; ნაჭყებია, სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014, გვ. 54.
  3. იხ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 204.
  4. ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, 2015, გვ. 273, 274.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_139._ხანდაზმულობის_ვადის_დენის_შეწყვეტის_ხანგრძლივობა&oldid=1997"