Gccc-logo.png


მუხლი 14. შეზღუდული ქმედუნარიანობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 14. შეზღუდული ქმედუნარიანობა


ბესარიონ ზოიძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.

2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.

3. ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა აღარ არის ის საფუძველი, რომლის გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.

I. ასაკობრივი შეზღუდული ქმედუნარიანობა

1
სამოქალაქო კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ „არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ნაწილობრივი ქმედუნარიანობის მქონეა, რაც გულისხმობს სუბიექტის გარკვეულ ურთიერთობებში ქმედუნარიანობას, გარკვეულში კი — ქმედუუნარობას.[1] შეზღუდული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ემსახურება ამ კატეგორიის არასრულწლოვნების დაცვასა და მათი აღზრდის გზით სრულ ქმედუნარიანობამდე მიყვანას. იმავდროულად, იგი ემსახურება მეორე მხარის ინტერესებსაც.[2] შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი ქმედუნარიანია, ოღონდ, მისი ნების გამოვლენა ჯერ კიდევ არ არის იმ თვისების (ავტონომიურობის) მქონე, რომ მან, როგორც წესი, სხვა პირთა შეფასების გარეშე, დამოუკიდებლად გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი. ნების გამოვლენას არასრულწლოვანი ახდენს, მაგრამ მისი ძალაუნარიანობის აღიარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უნარიანია იგი იყოს ნების გამოვლენიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობის აქტიური მატარებელი. ნების გამოვლენის, ე.წ. „ძალაში შესვლის“ ნორმატიულად დადგენილი წესი, არ აქცევს პირს ქმედუუნაროდ. ქმედუუნარობის შემთხვევაში პირის ნების გამოვლენა საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, რაც არ არსებობს, იგი ვერც შეფასდება. მცირეწლოვანი საერთოდ არ წარმოადგენს ნების გამოვლენის სუბიექტს, მაშინ, როცა შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი ნების გამოვლენის სუბიექტია. ესაა მისი საკუთარი, არასრულწლოვნის ნების გამოვლენა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილად, შეიძლება — არა. მაშასადამე, ნების გამოვლენა და ნების გამოვლენის ნამდვილობა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ბათილი ნების გამოვლენა მაინც ნების გამოვლენაა. ამდენად, არასრულწლოვანი ქმედუნარიანი იმიტომაა, რომ ის ნების გამოვლენის სუბიექტია. თუ სრულწლოვნის ნების გამოვლენა უშუალოდ ფასდება ნამდვილობის კუთხით, არასრულწლოვნის ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია დამატებით გარემოებაზე, როგორიცაა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა.
2
ბუნებრივია, შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკობრივი ზღვარის შიგნით არასრულწლოვანთა მიერ სამართლებრივად ჯანსაღი (ვარგისი) ნების გამოვლენის უნარიანობა განსხვავდება ერთმანეთისაგან. სუბიექტის ნორმალური განვითარების პროცესში, რაც უფრო მეტი ასაკისაა არასრულწლოვანი, მით უფრო სამართლებრივად გონივრული იქნება მის მიერ გამოვლენილი ნება და მით მეტადაა სავარაუდო, რომ იგი იურიდიული ძალის მქონე იქნება. კანონმდებელი ვერ განსაზღვრავდა აღნიშნული ასაკობრივი ზღვარის შიგნით, ასაკის მატების ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს, რა კატე გორიის ნების გამოვლენა იქნებოდა სამართლებრივად გამართლებული. კანონმდებელი ზოგადი დანაწესებით შემოიფარგლება. იგი ადგენს, რომ არასრულწლოვნის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რამდენი წლისაა აღნიშნული ასაკობრივი ზღვარის მონაკვეთში და რა კატეგორიის გარიგებას დებს არასრულწლოვანი, ეს თანხმობა აუცილებელია. ამასთან, კანონმდებელი იმასაც ადგენს, რომ აღნიშნული თანხმობა არ არის საჭირო, როცა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს (15, 63 I, 65) ან განკარგავს ე.წ. „ჯიბის ფულს“ (65 I). თვრამეტ წლამდე ასაკის პირები, რომლებიც იმყოფებიან ქორწინებაში, უტოლდებიან სრულ ქმედუნარიანებს (12, III). თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც მშობელი ანიჭებს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, ამ სფეროში შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება (65 II); შეზღუდული ქმედუნარიანი პირები შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც წარმომადგენლები (105), მაგრამ მათი პასუხისმგებლობა შეიძლება შეზღუდული იყოს გარკვეული გარემოებებით.
3
შეზღუდული ქმედუნარიანობის სტატუსი შვიდიდან თვრამეტ წლამდე პირს ენიჭება შვიდი წლის ასაკს მიღწევისთანავე, ანუ დაბადების 00:00 საათზე. ამ დროიდან არასრულწლოვანი შეზღუდულ ქმედუნარიანად ითვლება. შეზღუდული ქმედუნარიანობის მდგომარეობა მთავრდება მე-18 წელიწადის უკანასკნელი დღის გასვლით, ანუ 24:00 საათზე.[3]

II. ასაკის მიუხედავად შეზღუდული ქმედუნარიანობა

4
თუკი შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნები ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ითვლებიან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ, სრულწლოვანი პირი, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას სასამართლო უწესებს მზრუნველობას (14 II 1). მზრუნველს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო, თუკი დაადგენს, რომ სრულწლოვანი პირის მიმართაც არსებობს ის ზოგადი საფუძველი, რის გამოც კანონმდებელმა შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნები აღიარა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ. კერძოდ, მზრუნველი შეიძლება დაენიშნოს სრულწლოვან პირს, რომლის გონებრივი, ინტელექტუალური განვითარების საერთო მდგომარეობა ისეთია, რომ მას არ ძალუძს დამოუკიდებლად მიიღოს სამართლებრივად აწონილ-დაწონილი (გონივრული) გადაწყვეტილება კერძოსამართლებრივი ურთიერთობის დამყარების პროცესში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
5
14 II მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა განსხვავდება 1277 II 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისაგან, როცა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სრულწლოვან ქმედუნარიან პირს მისი თხოვნით უნიშნავს მზრუნველს, იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები. ეს შემთხვევა არ წარმოადგენს ქმედუნარიანობის შეზღუდვას. ქმედუნარიანობის შეზღუდვა შეზღუდვის სუბიექტის ნებისგან დამოუკიდებლად ხდება. სამოქალაქო კოდექსი კრძალავს გარიგებით ქმედუნარიანობის შეზღუდვას (3). ქმედუნარიანობის შეზღუდვა პირის ფაქტობრივად შეზღუდული ქმედუნარიანობის ფორმალური აღიარებაა. ის, რაც ფაქტის სახით არ არის მოცემული, ვერც საკუთარი ნებით და ვერც ფორმალურად ვერ მოხდება მისი აღიარება. ამიტომაც, როცა პირი ითხოვს მზრუნველის დანიშვნას, ივარაუდება, რომ ამას ითხოვს ქმედუნარიანი პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უძლურია განახორციელოს კუთვნილი უფლება-მოვალეობანი. ამის გამოა, რომ მზრუნველი კანონიერ წარმომადგენლად ითვლება და განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში (1290).

III. ქმედუნარიანობის შეზღუდვის გაუქმება

6
როცა ასაკის გამო ხდება ქმედუნარიანობის შეზღუდვა, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევისთანავე (12 II) ან გარკვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში (12 III), უქმდება შეზღუდვის საფუძველი და პირი ხდება სრული ქმედუნარიანი. სხვა შემთხვევებში (14 II; 16 I) ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 183-184.
  2. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §106, Rn. 2.
  3. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, ‚§106, Rn. 8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_14._შეზღუდული_ქმედუნარიანობა&oldid=908"