Gccc-logo.png


მუხლი 140. უარი სარჩელზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 140. უარი სარჩელზე


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული.

2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

I. ზოგადი დებულებები

1

140-ე მუხლი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც სარჩელის შეტანა, მიუხედავად 139-ე მუხლის დანაწესისა, არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას და ვადა საერთო წესით განაგრძობს დენას. აღნიშნულ შემთხვევებს განეკუთვნება:

(ა) მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა და

(ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელის განუხილველად დატოვება.

II. კავშირი პროცესთან

2

(ა) სარჩელზე უარის თქმა საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 272 I (გ) მუხლის მიხედვით წარმოადგენს საქმისწარმოების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სსსკ-ს 273 II მუხლის თანახმად, საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. შესაბამისად, 140 II მუხლის მიზნებისათვის ახალი სარჩელის შეტანისას გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოსადმი მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით თუ მოხდება, მაშინ 140 II მუხლის შედეგები ვერ დადგება.

140-ე მუხლი სარჩელზე უარის თქმაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ 140-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ასევე უნდა დადგეს მაშინაც, როდესაც მოსარჩელის მიერ ხდება სარჩელის გამოხმობა სსსკ-ს 831-ე მუხლის საფუძველზე. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ ისიც განმარტა, რომ „[...] მართალია, სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებულია სარჩელის განუხილველად დატოვების და არა საქმის განხილვის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს მისი დანიშნულების გათვალისწინებით და არა გამოყენებული ტერმინების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე. [140-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი მაშინაც დგება სახეზე, როდესაც ადგილი აქვს] სარჩელის მიღებაზე უარის თქმას, [და არა სარჩელის განუხილველად დატოვებას და აღნიშნული] არ შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი“.[1]

3

(ბ) სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 275-ე მუხლში. სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით ხანდაზმულობის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი რეგულირება ერთმანეთს ემთხვევა. კერძოდ, 140-ე მუხლის მსგავსად, სსსკ-ის 277-ე მუხლის თანახმადაც, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება.

III. ახალი სარჩელის შეტანა (140 II მუხლი)

4

140 II მუხლი იძლევა საშუალებას, რომ ახალი სარჩელის შეტანის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდეს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს და შესაბამისად, ვადა საერთო წესით განაგრძობს დენას (140 I), რადგანაც უარი ითქვა სარჩელზე ან განუხილველად იქნა დატოვებული, მაშინ აღნიშნული მომენტიდან 6 თვის ვადაში შეტანილი ახალი სარჩელის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

5

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „[...] საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან. სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში, თუ ეს საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვის ვადაში განსჯადი სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად პირველი სარჩელის წარდგენიდან ითვლება. იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით კი, სარჩელის განუხილველად დატოვება წარმოებაში მიღების შემდეგადაც დაიშვება, თუ შესაბამისი საფუძველი მოგვიანებით გამოვლინდა.“[2]




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის #ას-1586-1489-2012 გადაწყვეტილება.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის #ას-1586-1489-2012 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_140._უარი_სარჩელზე&oldid=1999"