მუხლი 141. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ათვლა თავიდან
თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
|
ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას განსაკუთრებული გავლენა აქვს მისი დენის შეწვეტამდე განვლილ დროსთან მიმართებით. კერძოდ, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა თავიდან იწყება.
ერთ-ერთ საქმეზე „სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განხილული სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული არ არის, რადგან 2010 წლის 28 მაისს შესრულებული გადახდით (2250 ლარი), რომლითაც ნაწილობრივ ანაზღაურდა დასაქმებულის წინაშე არსებული ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, რადგან ვალდებულმა პირმა უფლებამოსილი პირის წინაშე მთლიანი დავალიანების ნაწილის გადახდით აღიარა დასაქმებულის მოთხოვნის არსებობა დავალიანების დანარჩენი ნაწილისადმი. შესაბამისად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის (რომელიც, იმავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეადგენს 3 წელს, როგორც პერიოდულად შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებაზე) დენა დაიწყო თავიდან.[1]
სხვა საქმეზე სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა: „ზემომითითებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის დენა იწყება თავიდან. აქედან გამომდინარე, შპს „[X]-ის“ მიერ განხორციელებული გადახდების პერიოდულობა 3 წელზე ნაკლებია. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ბოლო გადახდიდან და ვინაიდან, ამ დროიდან სარჩელის წარდგენამდე არ გასულა 3 წელი, სააპელაციო სასამართლოს […] სარჩელი სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა.[2]
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა