Gccc-logo.png


მუხლი 142. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 142. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

2. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა.

I. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ხანდაზმულობა (მუხლი 142 I)

1

იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნის დადასტურება ხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაშინ ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელს შეადგენს მაშინაც კი, თუ ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მაგალითად, თუ სახელშეკრულებო მოთხოვნის თაობაზე დავა დასრულდა სასამართლოს საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნა, მაშინ ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იქნება 10 წელი, ნაცვლად სამი (სახელშეკრულებო მოთხოვნა, რომელიც არ არის უძრავ ნივთებთან დაკავშირებით (129 I)) ან ექვსი (უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის შემთხვევაში (129 I)) წლისა.[1]

შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დავა შეეხება სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომელზეც ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და დავა თუ დასრულდება მხარეთა მიერ სასამართლოში მიღწეული მორიგებით (სსსკ-ს 272 (დ)), მაშინ სასამართლოს მიერ სსსკ-ის 208 I მუხლის საფუძველზე გამოტანილი განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გაუტოლდეს 142-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელ გადაწყვეტილებას. საქმის-წარმოების მორიგების საფუძველზე შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება (სსსკ-ის 273 II მუხლი). რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების პირობების საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნათა მიმართ იმოქმედებს 142-ე მუხლით გათვალისწინებული 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლად 129 I მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადისა.

2

სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე 142-ე მუხლთან დაკავშირებით შემდეგი სახის განმარტება გააკეთა: „[...] მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ.“[2]

3

კანონიერ ძალაში შესული უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 142 I მუხლის მიზნებისათვის უნდა გაუტოლდეს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ცნობაუნარიანი იქნება.[3]

4

მართალია, 142 I ცალსახად უთითებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, თუმცა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შედეგი ასევე უნდა გავრცელდეს კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებზეც როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებზეც.

II. პერიოდულად განმეორებადი მოქმედებების დადასტურება (მუხლი 142 II)

5

სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულ ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც შეეხება პარალელურად განმეორებად მოქმედებებს (პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების თაობაზე იხ. 129-ე მუხლის კომენტარი).




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 142, გვ. 335, 336.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის #ას-1196-1138-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის №ას-431-409-2012 განჩინება.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის #ა-1639-შ-37-2015 გადაწყვეტილება, საქმე №010222215950849; დამატებით ლიტერატურაზე მითითებით უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების თაობაზე იხ. Svanadze, Grundlagen des deutsch-georgischen Anerkennungsrechts, Eine rechtsvergleichende Analyse, 2004; Svanadze, in: Beiträge und Informationen zum Recht im postsowjetischen Raum.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_142._სასამართლოს_გადაწყვეტილებით_დადასტურებული_მოთხოვნის_ხანდაზმულობის_ვადა&oldid=2006"