Gccc-logo.png


მუხლი 143. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 143. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც.



1

მესამე პირი უფლებამონაცვლეობის გზით შეიძლება გახდეს იმ ნივთის მფლობელი, რომელზედაც სხვა პირს გააჩნია სანივთო მოთხოვნა.[1] უფლებამონაცვლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სპეციალურ რეგულირებებს შეიცავს 241-ე (უფლებამონაცვლეობა აღნაგობის უფლების შეწყვეტისას), 572-ე (უფლებამონაცვლეობა გაქირავებული ნივთის გასხვისებისა), 958-ე და 1512-ე (ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის [უფლებამონაცვლეობა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებთან მიმართებით]) მუხლები.

2

143-ე მუხლის თანახმად, სანივთო მოთხოვნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში მოვალის ცვლილებას არანაირი გავლენა არ აქვს უკვე დაწყებული ხანდაზმულობის ვადის დენასთან მიმართებით. განსახილველ მუხლში საუბარია ე.წ. მფლობელობით უფლებამონაცვლეობაზე. კერძოდ, თუ ნივთი იმყოფება ერთი პირის მფლობელობაში, ხოლო მეორე პირი მესაკუთრეა და ნივთი მესამე პირის მფლობელობაში გადავა, მაშინ მის წინამორბედ მფლობელთან მიმართებით გასული ხანდზმულობის ვადა გამოიყენება და ჩაითვლება გასულად უფლებამონაცვლის მიმართაც. შესაბამისად, ნივთის ახალი უფლებამონაცვლე-მფლობელის შესაბამის ურთიერთობაში შესვლასთან ერთად არ ხდება სანივთო მოთხოვნათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ახლიდან ათვლა.

3

აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი შესაძლო შემთხვევის განხილვა: პირი მოძრავ ნივთს უწყვეტად ფლობდა 2009 წლიდან 2013 წლამდე — 4 წლის განმავლობაში და ამ ნივთის მესაკუთრემ იცოდა, რომ მას გააჩნდა მფლობელთან მიმართებით ნივთის მისთვის გადაცემის მოთხოვნის უფლება (სანივთო მოთხოვნა), მაგრამ მესაკუთრეს არც აღნიშნული უფლება (172) და არც დასაბუთებული პრეტენზიის წაყენების უფლება (168) ამ 4 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია. მეხუთე წელს — 2014 წელს, ნივთის მფლობელმა ნივთი გადასცა მესამე პირს მფლობელობაში. მესამე პირს განზრახული ჰქონდა, რომ ნივთზე საკუთრების უფლება შეეძინა ხანდაზმულობით (165) და სწორედ ამიტომაც მოიპოვა ნივთზე მფლობელობა. ასეთ შემთხვევაში, 2009 წლიდან გასული 4 წელი შეიძლება ჩაითვალოს 165-ე მუხლით განსაზღვრული, ხუთწლიან ხანდაზმულობის ვადაში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე 2014 წლის ბოლომდე, ანუ, თავდაპირველი მფლობელის მიერ ნივთის უწყვეტად ფლობის დაწყებიდან 5 წლის გასვლამდე უკვე ახალი უფლებამონაცვლის მიმართ არ განახორციელებს თავის უფლებას (172) ან პრეტენზიას (168), მაშინ ახალმა უფლებამონაცვლემ შეიძლება 165-ე მუხლის საფუძველზე ნივთზე მოიპოვოს საკუთრების უფლება 5-წლიანი უწყვეტად ფლობის ხანდაზმულობით. აღნიშნული შესაძლო დასკვნის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულ შედეგამდე მისვლის შესაძლებლობა. ასეთი შემოწმებისას ცენტრალური საკითხი უნდა იყოს იმის დადგენა, (ა) აქვს თუ არა მფლობელს ნივთის ფლობის უფლება (172) და (ბ) გააჩნია თუ არა მესაკუთრეს ნივთის მფლობელის მიმართ დასაბუთებული პრეტენზიის წაყენების შესაძლებობა (168).




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 143, გვ. 336.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_143._ხანდაზმულობის_ვადა_სანივთო_მოთხოვნათა_მიმართ&oldid=2008"