Gccc-logo.png


მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

2. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

3. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

I. უარი მოქმედების შესრულებაზე (144 I)

1

მოთხოვნა მაშინ ითვლება ხანდაზმულად, როდესაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების, შეწყვეტისა და სხვა შემაფერხებელი გარემობების მიუხედავად, ხანდაზმულობის შესაბამისი ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა თავად მოთხოვნას არ აუქმებს (არ წყვეტს), ის უბრალოდ მოვალეს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე.[1] სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია“.[2] ხატოვნად რომ ითქვას, სახეზეა „შიშველი“ ვალდებულება, რამეთუ იგი აღარ არის „შემოსილი“ უპირობოდ შესასრულებელი არახანდაზმული და განხორციელებადი მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს, თავისუფლად განკარგოს შესრულების ის საგანი, რომლის მოთხოვნაც ხანდაზმულია.[3] დოგმატურად მოვალის აღნიშნული შეცილების უფლება წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ და არა პროცესუალურ-სამართლებრივ უფლებას.[4] 144 I მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.[5]

2

საპროცესო-სამართლებრივ კონტექსტში საფიქრალია, რომ, თუ შესაბამისი მხარე არ ითხოვს კონკრეტული სამართლებრივი მოთხოვნა შეფასდეს ხანდაზმულად, მაშინ სასამართლომ წესით ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით შეფასება არ უნდა გააკეთოს და ამით უნდა მოახდინოს მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის დაცვა. თუმცა აღნიშნული მიდგომის გამოყენებაზე თავისუფლად შეიძლება ფიქრი ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავა შეეხება თანაბარი ძალის მქონე პირებს, მეწარმეებს, რომლებიც შესაბამისი ადვოკატებით ან იურისტებით არიან პროცესში წარმოდგენილი. როდესაც სახეზეა არათანაბარი სიტუაცია და ერთი მხარე სუსტია მეორე მხარესთან შედარებით (მაგალითად, მეწარმე და მომხმარებელი, იურიდიული პირი და ფიზიკური პირი, დამსაქმებელი იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია და დასაქმებული ფიზიკური პირი, სახელმწიფო და მოქალაქე), მაშინ სასამართლომ შეიძლება, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, დაუშვას ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და მისი შედეგების თაობაზე განმარტების საკუთარი ინიციატივით გაკეთება.[6]

3

ასევე მნიშვნელოვანია პროცესუალურ-სამართლებრივად იმის განსაზღვრა, თუ პროცესის რა ეტაპზე შეუძლია შესაბამის მხარეს, 144 I მუხლის შესაბამისად, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე საფიქრალია, რომ თანაბარი ძალის მქონე პირებს შორის დავისას შესაბამისმა მხარემ მთავარ სხდომამდე უნდა განახორციელოს შესაბამისი შუამდგომლობის დაყენება. ხოლო არათანაბარი ძალის მქონე პირებს შორის დავისას სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და მისი შედეგების თაობაზე განმარტების საკუთარი ინიციატივით გაკეთებაც ასევე სასამართლოს მთავარ სხდომამდე უნდა მოახდინოს. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში არც ერთ მხარეს არ უნდა მიეცეს 144 I მუხლზე დაყრდნობით შესაბამისი მოთხოვნის დაყენების საშუალება.

4

სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დავისას 144 I მუხლზე სახელმწიფოს აპელირებასთან დაკავშირებით ძალიან საგულისხმო გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლომ;[7] აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სანიმუშოდ საყურადღებო ასპექტებზე გაამახვილა სასამართლომ ყურადღება კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიებსა და სასამართლოს მიერ სახელმწიფოსთვის 144 I მუხლით სარგებლობის უფლების შეზღუდვასთან მიმართებით. კერძოდ, სასამართლომ სამართლებრივი შეფასების ცენტრალურ საგნად დააყენა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება, რომ სახელმწიფომ ისარგებლოს ხანდაზმულობის ინსტიტუტზე მითითების სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებით და „[...] უნდა შეიზღუდოს თუ არა სახელმწიფო, როგორც საკუთრების კონსტიტუციური გარანტი, ხანდაზმულობაზე მითითების უფლებაში, როდესაც სადავო-სამართლებრივ ურთიერთობაში ის მონაწილეობს, როგორც საკუთრების უფლების სავარაუდო ხელმყოფი“.[8] დასმულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ განავითარა მსჯელობა და შეაფასა თავად ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი, მისი იურიდიული ფუნქცია, გამოყენების პირობები და კეთილსინდისიერების პრინციპის მოქმედება 144 I მუხლზე დაყრდნობით მოთხოვნის დაყენებისას. კერძოდ, სასამართლომ შემდეგი საგულისხმო განმარტებები გააკეთა, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე შესაბამისი მითითებით, რაც ასევე საგულისხმოა საერთო სასამართლოს მხრიდან საკანონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით სამართლებრივი მსჯელობისა და, ზოგადად, ერთიანი სამართლებრივი სივრცისა და საკუთრივ სამართლის განვითარების კუთხით:

„[...] ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართული ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეი- ძლება წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს... (იხ. STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).“

„[...] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......”.

მართალია, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ისიც სამართლიანად დასძინა, რომ: „[...] სახელმწიფო, როგორც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, ასევე სარგებლობს ხანდაზმულობაზე მითითების უფლებით და სასამართლოს მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა განპირობებული უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნებით“. თუმცა 8 III მუხლის თანახმად, ასევე დამაჯერებლად დაასკვნა, რომ „[...] სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები [...]“ და რომ „[...] კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს სწორედ ხანდაზმულობის ინსტიტუტის მოქმედება სამოქალაქო სამართალში, ვინაიდან შეუძლებელია, მოვალე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივად იყოს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის წარდგენის მოლოდინში [...]“. განვითარებული მსჯელობის საფუძველზე კი სასამართლომ დაასკვნა შემდეგი, რაც საფუძვლად დაედო თავად გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგს:

„[...] თუკი თავად ხანდაზმულობის ინსტიტუტის გამოყენება ხდება კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, ამასთან, თუკი საკითხი ეხება საკუთრების უფლებას, ხოლო სუბიექტად თავად ამ უფლების დაცვის კონსტიტუციური გარანტი გვევლინება, სასამართლომ უნდა შეაფასოს საკითხი, რამდენად ლეგიტიმურია ამ უფლების გამოყენება კონსტიტუციური მართლწესრიგის ფარგლებში. მით უმეტეს – იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ ხანდაზმულობაზე მითითებით – ყოველგვარი არსებითი დასაბუთების გარეშე.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, გააჩნია თუ არა სახელმწიფოს, როგორც საკუთრების კონსტიტუციური გარანტის ფუნქციით აღჭურვილ სუბიექტს, ხანდაზმულობაზე მითითების უფლება, როდესაც ამ უფლების რეალიზაციით იგი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცდილობს აირიდოს თავიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობა.“

„[...] როგორც აღინიშნა, სამოქალაქო ურთიერთობაში სახელმწიფო თვისებრივად არ კარგავს „განსაკუთრებულ სტატუსს“, რაც გულისხმობს, რომ იგი ინარჩუნებს კონსტიტუციურ ვალდებულებებს კერძოსამართლებრივ სივრცეშიც. როგორც სუვერენი და კონსტიტუციური ვალდებულებების მატარებელი, იგი შებოჭილია სამართლიანობის დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით. უფლების რეალიზაცია სამართლიანობის ფარგლებში განსაკუთრებულად სახელმწიფოს მოვალეობაა [...].“

„[...] უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან, კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (მსგავსი მოსაზრება ასახულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში. საქმე #2ბ/4686-13). სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხანდაზმულობის ინსტიტუტით სარგებლობა, იქ, სადაც ამ უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციური ვალდებულებების არსს ანდა, როდესაც სახელმწიფო მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური შინაარსის ქმედებით იძენს ქონებრივ სარგებელს სხვა პირის უფლების ხელყოფის ხარჯზე – დაუშვებელია. ამიტომ, ამ დავის ფარგლებში სახელმწიფო ვერ ისარგებლებს ამ ინსტიტუტზე მითითებით, რადგან მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზია გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მისი საკუთრების უფლების ხელყოფას სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, სახელმწიფო ვერ ისარგებლებს ხანდაზმულობის უფლების გამოყენებით, რათა ყოველგვარი სამართლებრივი პოლემიკის გარეშე თავიდან აიცილოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა“.

თუმცა სასამართლომ ამავდროულად ხაზგასმით დაასკვნა, რომ „[...] სახელწიფოს მიმართ ყოველი ამგვარი აკრძალვა წარმოადგენს კონკრეტული შემთხვევის ფარგლებში შეფასების საგანს და უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ლეგიტიმურ ინტერესებს“.

II. ვადის გასვლის შემდეგ შესრულების შედეგები (144 II)

5

144 II მუხლის თანახმად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.[9] აღნიშნული დანაწესი სწორედ 144 I მუხლით განსაზღვრული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმული მოთხოვნა, მართალია, განუხორციელებადია, მაგრამ ის, 144 II მუხლით გათვალისწინებულ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, შესრულებადად[10] რჩება.

III. აღიარება და უზრუნველყოფის საშუალებები (144 III)

6

ხანდაზმულობის ვადის გასვლისას 144 I, II მუხლით დადგენილი შედეგები მაშინაც დგება, როდესაც ვალდებული პირი აღიარებს ვალს ან კრედიტორი ვალდებულების უზრუნველსაყოფად განახორციელებს შესაბამის ქმედებას ან გამოიყენებს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ას. მაგალითად, თუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოვალე ხანდაზმული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სათანადო წესით იპოთეკით დატვირთავს ქონებას, ასეთ შემთხვევაში 144 III მუხლის საფუძველზე გამოდის, რომ მოვალემ კონკლუდენტური ქმედებით აღიარა ვალდებულების არსებობა, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა თავიდან დაიწყება და მოვალეს უფლება აღარ ექნება, უარი განაცხადოს მათ შესრულებაზე შესაბამისი, ხელმეორედ დაწყებული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.[11]




  1. Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 214, Rn. 1.
  2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის #2/17071-14 გადაწყვეტილება.
  3. BGH NJW-RR 05, 241.
  4. Meller-Hannich, JZ, 2005, S. 241.
  5. როგავა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადაცემის ფარგლები და მისი ხანდაზმულობა სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი (საქმე #ას-581-549-2011), სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი, 2013, 15, 20.
  6. გერმანიის სასამართლოს პრაქტიკის მაგალითზე იხ.: Düss NJW 91, 2091; Köln NJW-RR 90, 192, BayOblG NJW 99, 1875, BGH NJW 98, 612.
  7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის #2/17071-14 გადაწყვეტილება.
  8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის #2/17071-14 გადაწყვეტილება.
  9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის #2ბ/4587-14 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის #ას-960-909-2015 გადაწყვეტილება.
  10. Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 214, Rn. 4.
  11. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 144, გვ. 338.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_144._ვალდებული_პირის_უფლება_ხანდაზმულობის_ვადის_გასვლისას&oldid=2011"