Gccc-logo.png


მუხლი 145. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 145. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.



1

დამატებითი მოთხოვნა წარმოადგენს მთავარ/ძირითად მოთხოვნასთან ისე დაკავშირებულ მოთხოვნას, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ავტომატურად გასულად ითვლება მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად მაშინაც კი, როდესაც ამ დამატებით მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.[1] თუმცა აღსანიშნავია, რომ დამატებით მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადის დაწყება, ხანგრძლივობა, შეჩერება და დენის ახლიდან დაწყება დამოკიდებული არ არის ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე.[2]

2

სამოქალაქო კოდექსი 145-ე მუხლის მიზნებისათვის არ იძლევა დამატებითი მოთხოვნის კანონისმიერ დეფინიციას. ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ასეთ დამატებით მოთხოვნებს განეკუთვნება გირაო, თავდებობა,[3] პირგასამტეხლო, პროცენტი, ასეთი ასევე შეიძლება იყოს ნივთისა და უფლების ნაყოფი[4] (154) და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები;[5] თუმცა ლიტერატურაში არ არის კონკრეტულად განხილული, თუ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი რა საშუალებები იგულისხმება დამატებით მოთხოვნებში.

3

სასამართლო პრაქტიკით დამატებითი მოთხოვნები გაიგივებულია აქცესორულ უფლებებთან,[6] „[...] რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს“ (153, იხ. 153-ე მუხლის კომენტ.). ამავე საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ „[...] იპოთეკა წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებით აქცესორულ უფლებას, რომელიც გამომდინარეობდა ძირითადისაგან, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა იპოთეკის ხელშეკრულებაზეც, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას აღარ იძლეოდა. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ [...] [მო]სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო“.[7]

სხვა საქმეზე სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „[...] იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც — მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. რამდენადაც ხანდაზმული იყო ძირითადი მოთხოვნა — სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, ხანდაზმულად მიიჩნეოდა ასევე დამატებითი მოთხოვნაც იპოთეკით დათვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე“.[8]

4

საინტერესო განმარტება გააკეთა სასამართლომ 145-ე მუხლის კონტექსტში, როდესაც მიუღებელი შემოსავალის მოთხოვნა 145-ე მუხლის მიზნებისთვის დამატებით მოთხოვნას გაუტოლა. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ: „[...] ვინაიდან უსაფუძვლო იყო ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ამ თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. შესაბამისად, ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაც ხანდაზმულად უნდა მიჩნეულიყო“.[9]

5

145-ე მუხლიდან გამონაკლისს წარმოადგენს საბანკო გარანტია (881), რომელიც ლიტერატურაში ასევე განიხილება დამატებით მოთხოვნად, თუმცა ძირითადი მოთხოვნის ვადის გასვლა გავლენას არ ახდენს იმ მოთხოვნაზე, რომელიც საბანკო გარანტიაზეა დაფუძნებული.[10]




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 145, გვ. 338.
  2. Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 214, Rn. 1.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის #ა-114-ა-15-03 გადაწყვეტილება.
  4. Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 214, Rn. 1.
  5. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 145, გვ. 338; Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 214, Rn. 1.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის #ას-858-822-2014 გადაწყვეტილება.
  7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის Nას-858-822-2014 გადაწყვეტილება.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის #ას-369-350-2015 გადაწყვეტილება; ასევე შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები #ას-444-423-2015, 30.10.2015; #ას-1196-1216-2011, 20.10.2011.
  9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის #ას-826-784-2013 გადაწყვეტილება.
  10. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 145, გვ. 339; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბრის #ას-159-867-03 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_145._დამატებითი_მოთხოვნის_ხანდაზმულობის_ვადა&oldid=2014"