Gccc-logo.png


მუხლი 146. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა შეთანხმებით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 146. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა შეთანხმებით


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა) შეიძლება გარიგების დადებამდე გაუქმდეს, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თანხმობის (ნებართვის) გაუქმების შესახებ უნდა ეცნობოს ორსავე მხარეს.



1

ხანდაზმულობის ვადები და მათი გამოთვლის წესი ლიტერატურაში შეფასებულია, როგორც იმპერატიული ნორმა, რაც შესაბამის მხარეებს არ აძლევს უფლებას, შეთანხმების გზით ან რაიმე სხვა ფორმით შეცვალონ (გაზარდონ, შეამცირონ) ხანდაზმულობის ვადები ან მათი გამოთვლის წესი.[1]

2

ქართველი კანონმდებლის მიდგომა განსხვავდება გერმანიის ვალდებულებითი სამართლის 2002 წლის რეფორმის შედეგად მიღებული გსკის § 202-ის რედაქციისაგან, რომლის თანახმადაც, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი ვრცელდება როგორც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადების შემცირებასა და გაზრდაზე, ასევე მისი გამოთვლის წესის შეცვლაზე.[2]

3

146-ე მუხლის იმპერატიული ხასიათი გასათვალისწინებელია შიდა ქართულ სამართლებრივ ურთიერთობებში. თუმცა აღნიშნულ საკითხს შეიძლება სხვა შეფასება ჰქონდეს საერთაშორისო კერძო და სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივ კონტექსტში.

4

თუ მხარეები საერთაშორისო კერძო ხელშეკრულებით გამოსაყენებელ სამართლად განსაზღვრავენ რომელიმე უცხო ქვენის სამართალს, რომლის სადავო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც მეტი ან უფრო მცირეა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმავე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, მაშინ თავს იჩენს ქვემოთ მოყვანილი შემდეგი საკითხები, თუ საქმის განმხილველი სასამართლო იქნება საქართველო: კერძოდ, ქართულ სასამართლოს მოუწევს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 35 III, მე-5 და მე-6 მუხლებზე დაყრდნობით იმის შეფასება, თუ რამდენად არის 146-ე მუხლის იმპერატიული ხასიათი ასევე საერთაშორისო კონტექსტშიც იმპერატიულად გასათვალისწინებელი. ლიტერატურაში დამკვიდრებული პოზიციის თანახმად, საერთაშორისო კერძო და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივ კონტექსტში ყველა იმპერატიული ნორმა არ არის მკაცრად იმპერატიულად გასათვალისწინებელი. მხოლოდ უნდა მოხდეს იმ იმპერატიული ნორმების გათვალისწინება, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფოს მიერ მიღებულია ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მისი საზოგადოებისა და საჯარო წესრიგის საერთო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, იმპერატიულ ნორმებს ასევე საერთაშორისო ხასიათიც უნდა ჰქონდეს, რათა მათი გათვალისწინება მოხდეს საერთაშორისო კერძო და საერთაშორისო სამოქალაქო-საპროცესო სამართლებრივ კონტექსტში.[3]

5

იმ შემთხვევაში, თუ მსგავს დავაზე მიღებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ იქნება გადასაწყვეტი, მაშინ სასამართლოს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68 (2) (ზ) მუხლით მოუწევს შეფასება, თუ რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს ძირითადი სამართლებრივი პრინციპების საწინააღმდეგოდ საქართველოში დადგენილი ხანდაზმულობის ვადებზე დიდი ან უფრო მცირე ვადის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების საქართველოში ცნობა, ეს სასამართლოს შეფასების საგანია.[4] იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე გავრცელდეს უცხო ქვეყნის სამართალიც, მაშინ საფიქრალია, რომ საერთაშორისო კერძო და სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივ კონტექსტში 146-ე მუხლი ყოველთვის არ უნდა იქნეს განხილული ისეთ [ზე]იმპერატიულ ნორმად, რომელიც საქართველოს საერთაშორისო საჯარო წესრიგის დამდგენია და რომლის გაუთვალისწინებლობაც საქართველოს ძირითადი სამართლებრივი პრინციპების დარღვევად დაკვალიფიცირდება.[5] შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ყოველთვის არ უნდა ეთქვას უარი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოში ცნობას. თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული განსხვავებული ხანდაზმულობის ვადების შედარება-შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

6

იმ შემთხვევაში, თუ განსახილველ საქმეზე გამოსაყენებელი იქნება რომელიმე საერთაშორისო ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება, მაშინ სასამართლომ უპირატესად შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით უნდა იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნულ საკითხთა გადაწყვეტისას (მე-2 მუხლი).




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 146, გვ. 339.
  2. Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 202, Rn. 1; MьKo/Grothe, § 202 Rn. 1; როგავა, ხანდაზმულობის ვადის შემცირება მხარეთა შეთანხმებით გერმანიის სამოქალაქო სამართალში, სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი, 2014, 116, 122.
  3. დამატებით საერთაშორისო ლიტერატურაზე მთითებით შეად: სვანაძე, საერთაშორისო ბიზ ნესხელშეკრულებების მოლაპარაკება და შედგენა საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის მაგალითზე, ქართული ბიზნეს-სამართლის მიმოხილვა, IV გამოცემა, 2015, გვ. 64, 70; Vashakidze, Das Internationale Privatrecht von Georgien, 2014, S. 79-87; Vashakidze, Kodifikation des Internationalen Privatrechts in Georgian in: Transformation durch Rezeption?, 2014, S. 290, 319; Svanadze, Recognition of foreign judgments in Georgia: Is the Recognition of foreign judgments in Georgia predictable? (Comparative analyse) in: Beiträge und Informationen zum Recht im postsowjetischen Raum (www. mpipriv.de/gus), http:// mpipriv.de/shared/data/pdf/2009_12_09_02.pdf; Svanadze, Grundlagen des deutsch-georgischen Anerkennungsrechts, Eine rechtsvergleichende Analyse, 2014, S. 93-96.
  4. დამატებით ლიტერატურაზე მითითებით იხ: Svanadze, Grundlagen des deutsch-georgischen Anerkennungsrechts, Eine rechtsvergleichende Analyse, 2014, S. 93-96.
  5. სვანაძე, საერთაშორისო ბიზნეს-ხელშეკრულებების მოლაპარაკება და შედგენა საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის მაგალითზე, ქართული ბიზნეს-სამართლის მიმოხილვა, IV გამოცემა, 2015, გვ. 64, 70.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_146._ხანდაზმულობის_ვადის_შეცვლის_დაუშვებლობა_მხარეთა_შეთანხმებით&oldid=2016"