Gccc-logo.png


მუხლი 147. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 147. ცნება


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.



I. ზოგადი დებულებები

1

147-ე მუხლის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. თავის მხრივ, კოდექსი შეიცავს ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დეფინიციებს (148, 149, 152). ქონების ცნება საჭიროებს დაზუსტებას.

2

მე-7 მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, ბრუნვიდან არ არის ამოღებული. „ობიექტის“ ეს ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული 147-ე მუხლით განსაზღვრულ ქონების ცნებასთან, რომელიც მე-7 მუხლში მოცემული ობიექტის შინაარსს აზუსტებს და მას „ქონების“ სახელწოდებით განამტკიცებს. „ობიექტის“ ცნებას არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და იგი 147-ე მუხლის „ქონების“ ცნების იდენტურია.[1] მართალია, მე-7 მუხლის მიხედვით, „ობიექტის“ დეფინიცია მოიცავს ასევე არაქონებრივი ღირებულების სიკეთეებსაც (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და სხვ.), მაგრამ, მათი ბრუნვაუუნარობის გამო, ისინი განიხილებიან სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის ობიექტებად და არა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებად.[2]

3

ჯერ კიდევ რომის სამართალი[3] (Gaius, Inst II 12–14) განასხვავებდა სხეულებრივ (res corporales) და უსხეულო ნივთებს (res incorporales). რომაელი იურისტების მიხედვით, სხეულებრივი ნივთების დამახასიათებელი ნიშანი იყო მათი ბუნებრივი თვისება – ხელშესახებობა, ხოლო უსხეულო ნივთი იყო იდეალური რაღაც, უფლება, რომელიც არსებობდა სამართლებრივი დებულებების საფუძველზე, მაგალითად, მემკვიდრეობის უფლება და უზუფრუქტი. სამოქალაქო კოდექსი ობიექტებს ორ ჯგუფად ყოფს: ნივთებად და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებად.

II. ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

4

იურიდიულ ლიტერატურაში ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ერთმანეთისგან გამიჯვნა ცალსახად არ არის განსაზღვრული. გამიჯვნის კრიტერიუმი, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკური სუბსტანციის არსებობა/ არარსებობაა. ნივთი არის მატერიალური, სხეულებრივი საგანი, ხოლო არამატერიალური საგანი არის უსხეულო, ინტელექტუალური და შეუძლებელია მისი სივრცობრივად შემოსაზღვრა; არამატერიალური საგნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან დროსა და სივრცეში არსებობის მიხედვით, ხოლო ტიპური მატერიალური საგნების თანაარსებობა დროსა და სივრცეში შესაძლებელია.[4] შესაბამისად, არამატერიალური საგნები უნივერსალურია. გარდა ამისა, არის წმინდა მატერიალური, წმინდა არამატერიალური საგნები და მატერიალური საგნები, რომელთაც გარკვეული არამატერიალური კომპონენტები აქვთ და მატერიალური საგნები, რომლებიც უფრო მეტად არამატერიალური თვისებებით ხასიათდებიან, მატერიალური კომპონენტი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.[5]

5

სამოქალაქო კოდექსის ქონების ცნება მოიცავს არა მხოლოდ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს, არამედ მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შეძენას, ფლობას, სარგებლობას, განკარგვას,[6] რაც ამ ქონების მფლობელს განსაზღვრულ მატერიალურ სარგებელს ანი ჭებს. შესაბამისად, ქონების ცნებას საფუძვლად უდევს მისი მატერიალური სარგებლიანობა, მაშასადამე, მას აქვს განსაზღვრული საბაზრო ფასი და, აქედან გამომდინარე, იგი განხილულ უნდა იქნეს ზიანის ანაზღაურების პერსპექტივიდან. ზიანი არის ყველა ის ნაკლოვანება, რომლებიც წარმოიშობა პირის კუთვნილ სამართლებრივ სიკეთეებზე. მართალია, ზიანის ანაზღაურების ნორმები (408-415) განსაზღვრავს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოვალეობას, მაგრამ არ ახდენს მათ გამიჯვნას. აუცილებელი წინაპირობაა, რომ სამართლებრივი სიკეთის დაცვა ხორციელდებოდეს კანონმდებლობის საფუძველზე და არ ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, ქონების ცნება არ მოიცავს იმ შემოსავალს, რომელიც პირმა აკრძალული საქმიანობის შედეგად მიიღო, მაგალითად, ასეთია პროსტიტუციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. გამომდინარე აქედან, სამოქალაქო კოდექსის გაგებით, ქონება არის ფიზიკური ან იურიდიული პირის ფულადი ღირებულების მქონე მოძრავი ან უძრავი ნივთი, ასევე მოთხოვნა და უფლება, რომელთა ფლობა და განკარგვა არ არის კანონით აკრძალული ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

6

სამართლებრივად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რას მოიცავს ქონება: მხოლოდ აქტივს, მაშასადამე, იმ უფლებებსა და მოთხოვნებს, რომლებიც მატერიალური სარგებლიანობის მომტანია, თუ ასევე პასივს – ვალდე ბულებებს, რომლებითაც ეს ქონება არის დატვირთული. 147-ე და 152-ე მუხლების მიხედვით, ქონების ცნებაში ცალსახად მოიაზრება მხოლოდ ნივთები, უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის მფლობელს მატერიალურ სარგებელს ანიჭებს და ამით გამორიცხავს პასივს. ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსი არ არის თანმიმდევრული და 1306-ე, 1328- ე მუხლების თანახმად, მემკვიდრეებზე გადადის მამკვიდრებლის ქონება, რომელიც მოიცავს როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას. შესაბამისად, ქონების ცნება უნდა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლის ნორმის ტელეოლოგიური ინტერპრეტაციის გზით.[7]




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 139; კერესელიძე, უზოგადესიცნებები, 2009, გვ. 185.
  2. დაწვრილებით: ჭანტურია, იქვე, გვ. 138-140; კერესელიძე, იქვე, გვ. 183-192.
  3. Jickeli/Stieper, in Staudinger BGB, 2011, Vorbemerkungen zu § 90-103, Rn. 2; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 147, გვ. 15; ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 21; ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება, 2013, გვ. 40.
  4. Jacob, Ausschließlichkeitsrechte an immateriellen Gütern, 2010, S. 94; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 46-48.
  5. Wulf, Immaterielle Vermögenswerte nach IFRS, 2007, S. 20.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 147, გვ. 15.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 158-160.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_147._ცნება&oldid=1461"