Gccc-logo.png


მუხლი 15. წარმომადგენლის თანხმობა შეზღუდული ქმედუნარიანობისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 15. წარმომადგენლის თანხმობა შეზღუდული ქმედუნარიანობისას


ბესარიონ ზოიძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.

I. მნიშვნელობა და გამოყენების სფერო

1
მე-15 მუხლი წარმოადგენს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის უფლების განმსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას.[1] იგი იცავს მას იმ უარყოფითი სამართლებრივი შედეგებისაგან, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებას შეზღუდული ქმედუნარიანობის ნიადაგზე. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ნების გამოვლენა ნამდვილად ჩაითვლება, თუკი იგი ამ გარიგებით იღებს სარგებელს. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაში ერთ შემთხვევაში იგულისხმება ნებართვა, როგორც წინასწარ გაცემული თანხმობა (100) და მოწონება, როგორც შემდგომი თანხმობა (101). მკაცრი წესები მოქმედებს ცალმხრივი გარიგების მიმართ (66). მე-15 მუხლი ეხება ქმედუნარიანობის სპეციალურ შემთხვევას — გარიგებაუნარიანობას. მსგავს რეგულირებას შეიცავს 63 I მუხლი.[2] მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლში საუბარია იმ პირებზე, რომელთაც ქმედუნარიანობა შეზღუდული აქვთ არასრულწლოვნობის საფუძველზე, მე-15 მუხლი აფართოებს ამ ნორმის მოქმედების ფარგლებს და ავრცელებს მას შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ყველა პირზე.[3]
2
მე-15 მუხლი ვრცელდება როგორც ყველა კატეგორიის ნების გამოვლენაზე, ისე გარიგების მსგავს მოქმედებებზე, გარდა რეალური აქტებისა. იგი გამოიყენება საოჯახო-სამართლებრივი ნების გამოვლენისას, როგორიცაა ნიშნობა, თუმცა, არ ეხება, მაგალითად, არასრულწლოვნის თანხმობას საკუთარ სამართლებრივ სიკეთეში ჩარევაზე, როგორიცაა, ოპერაციაზე თანხმობა. გადამწყვეტია ასეთ შემთხვევებში გონიერებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.[4]

II. თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენა

1. თანხმობა

3
თანხმობა წარმოადგენს მიღებასავალდებულო, ფორმით თავისუფალ ნების გამოვლენას, რომელიც მის მიღებამდე შეიძლება უკან იქნეს გამოხმობილი (100). კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ან გარიგების მეორე მხარის წინაშე წინასწარ ან გარიგების დადებისას გამოხატოს თავისი ნება. თანხმობის გამოხატვა შეიძლება კონკლუდენტური მოქმედებითაც.[5] მე-15 მუხლის საფუძველზე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით დადებული გარიგება, უნდა განვასხვაოთ იმ გარიგებისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი დებს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელით. ეს პირი საკუთარი სახელით დებს გარიგებას, მაშინ, როცა კანონიერი წარმომადგენელი მოქმედებს სხვისი სახელით. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება დაიდოს ისეთი გარიგებები, რომლებიც შეიძლება არ იყოს უფლებრივად სარგებლიანი.

2. მოცულობა

4
თანხმობას მე-15 მუხლით დაცული ინტერესის (მიზნის) ფარგლებ- ში შეიძლება სხვადასხვა მოცულობა ჰქონდეს. ერთ შემთხვევაში სახეზეა სპეციალური თანხმობა, რომელიც ეხება მკაცრად განსაზღვრულ გარიგებას. მეორე შემთხვევაში სახეზეა გვარეობითი თანხმობა, რომელიც ეხება გარკვეული კატეგორიის გარიგებებს. მესამე შემთხვევაში გენერალური თანხმობაა, რომელიც მრავალი გარიგების დადებას ეხება.[6] ასეთი თანხმობა შეზღუდული გენერალური თანხმობაა და ეხება მიზნობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ გარიგებებს. როცა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს კანონიერი წარმომადგენელი თანხმდება დადოს მგზავრობის ხელშეკრულება, მას ამით უფლება ეძლევა დამოუკიდებლად დადოს ის გარიგებებიც, რომლებიც მგზავრობის მიზნებს ემსახურება (როგორიცაა, ტვირთის გადატანის, სასტუმროს მომსახურების, კვების პროდუქტების შეძენის და ა.შ.).[7]

III. სარგებლის მომტანი გარიგება

5
მე-15 მუხლით არ არის განსაზღვრული იმ სარგებლის ცნება, რომელსაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი იღებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე გარიგების დადებისას. კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის მიღებისას უარი თქვა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ანალოგიური ნორმის — § 107-ის სიტყვასიტყვით გადმოტანაზე და შესაბამისად, იქ მოცემულ ტერმინზე, როგორიცაა „უფლებრივი სარგებელი“. ეს გარემოება სამართალგამომყენებელს აფიქრებინებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლი სარგებლის ზოგადი ცნების შემოტანით, იმაზე მეტად აფართოებს მის შინაარსს, ვიდრე იგი მოცემულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსში. ამით უნდა იყოს გამოწვეული ლიტერატურაში არსებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც სარგებლის შეფასებისას გასათვალისწინებელია მისი როგორც ეკონომიკური, ისე პედაგოგიური მხარე.[8] როგორი შეფასებაც არ უნდა მიეცეს მე-15 მუხლით გათვალისწინებული სარგებლის ცნებას და რა კატეგორიის სარგებელიც არ უნდა მოიაზრებოდეს მასში, ვინაიდან გარიგების სამართლებრივ შედეგებს ეხება საქმე, ნებისმიერი შედეგი შეფასდება უფლებრივი სარგებლიანობის კუთხით. ამიტომაც, ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლებრივად ანგარიშგასაწევ სარგებლად, როცა იგი შეზღუდულად ქმედუნარიანი პირისათვის უფლებრივადაა სარგებლიანი. გარიგება წარმოადგენს უფლებრივ ურთიერთობას და შესაბამისად ღირებულებითი სასწორი, რომლითაც მისი პოზიტიური და ნეგატიური შედეგები ფასდება, ესაა უფლებრივი სასწორი. აქედან გამომდინარე, სწორი უნდა იყოს მე-15 მუხლით გათვალისწინებული სარგებლის უფლებრივი სარგებლის ფოკუსში მოქცევა, როცა უფლება-მოვალეობათა ერთმანეთთან შეწოვნის შედეგად აღნიშნული სასწორი უფლების სასარგებლოდ იხრება. მიიღო თუ არა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირმა უფლებრივი სარგებელი, ამას წყვეტენ მისი კანონიერი წარმომადგენლები.[9]
6
ა) ცალმხრივი გარიგება უფლებრივი სარგებლის მომტანია. მაგალითად, როგორიცაა: უპროცენტო სესხი, როცა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირია გამსესხებელი; შეხსენება ვალის გადახდის თაობაზე. მეტწილად ასეთი გარიგებები სამართლებრივად წამგებიანია. მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულების, პროცენტიანი სესხის მოშლა, სამკვიდროს მიღებაზე უარი.[10]
7
ბ) მავალდებულებელი გარიგებები. ამ კატეგორიის გარიგებებს მიეკუთვნება ისეთი გარიგებები, რომელთა საფუძველზეც პირი კისრულობს რაიმე მოქმედების შესრულების ან მისგან თავშეკავების ვალდებულებას.[11] ასეთია ორმხრივი გარიგებები, რომლებიც შეზღუდული ქმედუნარიანი პირისათვის არ იწვევს მარტო უფლებრივ სარგებელს. შეიძლება იგი ეკონომიკურად მისთვის მომგებიანად (სასარგებლოდ) გამოიყურებოდეს, მაგრამ უფლებრივად არ იყოს სარგებლიანი.[12] შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს კი, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე შეუძლია დადოს მხოლოდ უფლებრივი სარგებლის მომტანი გარიგება. ორმხრივი გარიგებებით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი იმავდროულად იტვირთება მოვალეობებით. რაც გამორიცხავს მხოლოდ უფლებრივი სარგებლის მიღებას. მაგალითად, თხოვების ხელშეკრულების შემთხვევაში შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მოქმედება არ არის დაკავშირებული მარტო უფლებრივ სარგებელთან, მისი მოქმედებები დაკავშირებულია მოვალეობებთანაც. როცა გამნათხოვრებლის როლში გამოდის, 615-ე მუხლის საფუძველზე იგი იღებს ვალდებულებას უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს ნივთი მონათხოვრეს, ხოლო, როცა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი მონათხოვრეა, 621 I მუხლის საფუძველზე იგი ვალდებულია ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დაუბრუნოს გამნათხოვრებელს. როცა შეზღუდული ქმედუნარიანი პირი უსასყიდლო მიბარების ხელშეკრულებისას მიმბარებელია, იგი არ იღებს მარტო უფლებრივ სარგებელს, რადგანაც 769-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულია აანაზღაუროს ნივთის თვისებებით გამოწვეული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულება, საბანკო გარიგება, სესხი, არ არის მარტოოდენ სარგებლის მომტანი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისათვის და საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას. ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება დამოუკიდებლად შეიძლება დადოს მან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება ეხება ხელშეკრულების პარტნიორს.[13] მავალდებულებელი გარიგება, რომელიც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ანიჭებს მხოლოდ მოთხოვნის უფლებას, ითვლება უფლებრივი სარგებლის მომტანად. მაგალითად, როგორიცაა საჩუქრის დაპირება (525, III). მნიშვნელობა არა აქვს, შემდგომში, ვიდრე საჩუქრის გადაცემა მოხდებოდეს, გაიზრდება თუ შემცირდება შეპირებული ნივთის ღირებულება კერძო თუ საჯარო დატვირთვების შედეგად.[14] სამართლებრივად მომგებიანად ვერ ჩაითვლება, როცა ქონებასთან ერთად პირს დაეკისრება ის ვალდებულებაც, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ეს ქონება.</ref>კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 378.</ref> სამართლებრივი სარგებლის მომტანად ვერ ჩაითვლება სამემკვიდრეო წილის ჩუქება, რომელიც დატვირთულია ვალებით. ამ შემთხვევაში საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
8
გ) განკარგვითი გარიგება. განკარგვითი გარიგებით ხდება უკვე არსებული უფლებების შინაარსობრივი შეცვლა, გადაცემა, დატვირთვა ან გაუქმება.</ref>Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 8. Aufl., gv. 450, Rn. 36.</ref> განკარგვითი გარიგება შეზღუდული ქმედურიანობის მქონე პირმა შეიძლება დადოს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, როცა ამ განკარგვით იგი ღებულობს სარგებელს. კერძოდ, მოცემულ პირზე საკუთრების გადაცემა ან მოთხოვნის დათმობა ნამდვილია, როცა შემძენი არ იქნება დატვირთული ვალდებულებებით, რისთვისაც იგი პასუხს აგებს არა მარტო შეძენილი ქონებით, არამედ საკუთარი ქონებითაც.[15]

მნიშვნელობა არა აქვს ქონების შეძენისას დატვირთულია თუ არა იგი შეზღუდული სანივთო უფლებებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკუთრების უფლების სრული ან ნაწილობრივი გამოფიტვა. როგორც არ უნდა შემცირდეს მისი ქონების ღირებულება, უფლებრივი სარგებელი, რომელიც პირმა მიიღო საკუთრების შეძენით, შენარჩუნდება, ვინაიდან სანივთო-სამართლებრივი ტვირთები არ იწვევს შემძენის პასუხისმგებლობას.[16]

გერმანულ ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომელიც, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირზე ქონების გადაცემისას, საჭიროდ მიიჩნევს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას,[17] ასეთმა პირმა უმიზნოდ რომ არ გამოიყენოს ეს ქონება. ეს არგუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიანად, ვინაიდან ქონების გამოყენების პროცესში დადებული ახალი გარიგების ნამდვილობა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, დამოკიდებული იქნება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაზე. მიწაზე საკუთრების გადაცემა დატვირთული რომ იყოს, ტრადიციული საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებებით, ეს არ გამოიწვევს უფლებრივი სარგებლის გაუქმებას მე-15 მუხლის აზრით, ვინაიდან იგი არავითარ საფრთხეს არ უქმნის შეზ- ღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის კანონით დაცულ ინტერესებს.[18] მაგალითად, თუკი მშობელი თავის არასრულწლოვან შვილს აჩუქებს მიწის ნაკვეთს, რომელიც შემდგომ გადასახადით დაიტვირთება, ჩუქება იქნება უფლებრივი სარგებლის მქონე.

9
დ) საზოგადოებებში არსებული წილის გადაცემა არასრულწლოვანისთვის უმეტესად დაკავშირებულია პასუხისმგებლობის რისკთან და/ან სხვადასხვა ვალდებულებასთან, რის გამოც იგი არ არის მარტო უფლებრივი სარგებლის მომტანი. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა ვალდებულებები დაკავშირებულია კომანდიტ პარტნიორებთან. უფლებრივად სარგებლიანია სრულად ანაზღაურებადი აქციების გადაცემა.[19]
10
ე) ნეიტრალური გარიგება ისეთი გარიგებაა, რომელიც არც უფლებრივი სარგებლის მომტანია და არც წამგებიანი. იგი გათანაბრებულია სარგებლის მომტან გარიგებასთან და არ საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლების თანაქმედებას. მაგალითად, ნივთის განკარგვა არაუფლებამოსილი არასრულწლოვნის მიერ, როცა ეს ხდება უფლებამოსილი პირის თანხმობით (101 I), ან როცა მას იძენს კეთილსინდისიერი შემძენი (187, 312). ამ გარიგებებს არ მოაქვთ ზიანი არასრულწლოვნისთვის, ვინაიდან იგი სხვის ქონებას განკარგავს. მაგრამ ეს გარემოება არ არის საკმარისი გარიგება ნამდვილად რომ ჩაითვალოს. გარიგების ნამდვილობა განპირობებულია იმით, რომ ხდება მე-15 მუხლის ფართო განმარტება და მასში ამ ტიპის გარიგების მოაზრება.

იურიდიულად ნეიტრალური გარიგების სპეციალურ შემთხვევას მიეკუთვნება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე (105).[20]

11
ვ) ნივთის მითვისებისას უპატრონო მოძრავ ნივთს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი ეუფლება 190 I მუხლის საფუძველზე. ამ დროს მისი მხრიდან ხდება ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი ნების გამოვლენით იღებს სარგებელს და მიუხედავად იმისა, რომ მსგავს შემთხვევებში (191, 192) მასთანაა დაკავშირებული კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება, ეს არ აბათილებს უფლებრივი სარგებლის მომტან ხასიათს.[21]





  1. Baldus, Anwalt kommentar zum BGB AT, 2005, §432, Rn. 1.
  2. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 15, გვ. 49.
  3. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 374.
  4. Erman, in Erman BGB, 12. Aufl., §107, Rn. 2.
  5. Erman, in Erman BGB, 12. Aufl., §107, Rn. 9.
  6. Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 8.Aufl., S. 493, Rn. 30.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 186.
  8. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 186.
  9. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 186.
  10. Erman, in Erman BGB, 12. Aufl., §107, Rn. 3.
  11. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 307.
  12. Erman, in Erman BGB, 12. Aufl., §107, Rn. 5.
  13. Erman, in Erman BGB, 12. Aufl, §107, Rn. 5.
  14. Erman, in Erman BGB, 12. Aufl, §107, Rn. 5.
  15. Erman, in Erman BGB, 12. Aufl, §107, Rn. 5.
  16. Шапп, Система германского гражданского права, 2006, С. 258.
  17. Medicus, AT des BGB, 2006, § 39, Rn. 566. შდრ. Medicus, Burgerlicher Recht, 19, Aufl. Rn. 171. გაზიარებულია: კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ. 376.
  18. Erman, in Erman BGB, 12. Aufl, §107, Rn. 6.
  19. Erman, in Erman BGB, 12. Aufl, §107, Rn. 6.
  20. Шапп, Система германского гражданского права, 2006, С. 261-262.
  21. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 377.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_15._წარმომადგენლის_თანხმობა_შეზღუდული_ქმედუნარიანობისას&oldid=922"