Gccc-logo.png


მუხლი 150. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 150. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების, ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.


I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

150 I მუხლი განსაზღვრავს, რომ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს განსაკუთრებული უფლებების ობიექტი. მაშასადამე, ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი იზიარებს მთავარი ნივთის სამართლებრივ ბედს. გამომდინარე აქედან, ნორმის მიზანია, შეინარჩუნოს ნივთების შეერთების შედეგად შექმნილი ერთიანი ნივთის ეკონომიკური ღირებულება და თავიდან აიცილოს ნივთის ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელი განცალკევება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ შესაძლებელი იყოს განცალკევებულ ნაწილებზე სხვადასხვა უფლების წარმოშობა.[1]

2. ცნება

2

სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ნივთის შემადგენელი ნაწილის ზოგად ცნებას. სამართლებრივ ლიტერატურაში ნივთის შემადგენელ ნაწილებად ის საგნები მიიჩნევიან, რომლებიც თავიანთი ბუნებით ერთიანობას ქმნიან, ან, თუ ნივთებმა შეერთების შედეგად დამახასიათებელი თავისებურება იმდენად დაკარგეს, რომ ისინი ერთ მთლიან ნივთად მიიჩნევიან.[2] ამდენად, შემადგენელი ნაწილის განსაზღვრება დამოკიდებულია სივრცობრივად ერთიანი, მთლიანი ნივთის წარმოშობაზე. შესაძლებელია, რომ ნივთის შემადგენელი ნაწილები, თავის მხრივ, კიდევ იყოფოდეს შემადგენელ ნაწილებად, რომლებიც ასევე არის მთლიანი ნივთის შემადგენელი ნაწილები. მაგალითად, შენობა-ნაგებობა, 150 II მუხლის თანახმად, არის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. ხოლო, თავის მხრივ, შენობის სარკმელი და კარები შენობის შემადგენელი ნაწილებია.

3

ერთიანი ნივთი შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა ნივთის შეერთების შედეგად, მაგალითად: ავტომანქანა, ავეჯი; მარტივი ნივთები კი შედგებიან მხოლოდ ერთი ნაწილისაგან და სამართლებრივად მათ არ შეიძლება ჰქონდეთ შემადგენელი ნაწილები, მაგალითად: ძვირფასი ქვა, ნარგავი. მართალია, შესაძლებელია მარტივი ნივთების დაყოფა, მაგრამ ეს გარემოება არ ცვლის მის სამართლებრივ მდგომარეობას. მარტივი ნივთები მხოლოდ შერწყმით (194) კარგავენ სამართლებრივ დამოუკიდებლობას.

4

როგორც წესი, ნივთის ნაწილებს შორის უნდა არსებობდეს მყარი სივრცობრივი კავშირი, მაგრამ შესაძლებელია, სუსტი სივრცობრივი კავშირის მიუხედავად, ნივთის ნაწილები მთლიანი ნივთის შემადგენელი ნაწილები იყოს, თუ მათ შეერთებით დამოუკიდებელი დანიშნულება დაკარგული აქვთ, მაგალითად: ჩაიდანი და თავსახური, ან მაგიდა და უჯრა.

5

დაბოლოს, ნივთის შემადგენელ ნაწილს განსაზღვრავს სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები,[3] ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნივთის ეკონომიკური დანიშნულება, მისი ტექნიკური აგებულება და შეერთების ხანგრძლივობა.

II. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (150 I მუხლი)

6

ნორმის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ მაშინ არის არსებითი, თუ შეუძლებელია მისი გამოცალკევება მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების, ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. იმის დასადგენად, თუ რამდენად მოჰყვა ნივთის ნაწილების განცალკევებას განცალკევებული ნაწილის და დარჩენილი ნაწილის განადგურება ან დანიშნულების მოსპობა, საჭიროა მათი შეფასება. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა განცალკევების შემდეგ ნივთის ნაწილების ეკონომიკურად გამოყენება და განცალკევებული ნაწილების ღირებულება რამდენად ახლოს არის ნივთის განცალკევებამდე არსებულ ღირებულებასთან.[4] სერიულად წარმოებული ნაწილები იმ შემთხვევაშიც არ არის არსებითი შემადგენელი ნაწილი, როცა ისინი აუცილებლად საჭიროა მთლიანი ნივთის ფუნქციობისათვის, მაგალითად: ავტომობილის საბურავები ან ძრავა.[5] სერიული წარმოების შედეგად დამზადებული ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები არ არის ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილები.

7

ნივთის ნაწილების განადგურება ნიშნავს მათი სუბსტანციის მოსპობას,[6] მაგალითად: წიგნიდან გვერდების ამოხევა, შენობის დანგრევა. ნივთის დანიშნულების მოსპობა გულისხმობს ნივთის სუბსტანციის იმდაგვარად ცვლილებას, რომ შეუძლებელი ხდება მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება და მისი ღირებულება არ არის უმნიშვნელოდ შემცირებული.[7] თუ განცალკევებული ნაწილის გამოყენება შესაძლებელია, მაშინ სახეზე არ არის დანიშნულების მოსპობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი გამოყენებისათვის აუცილებელია სხვა ნივთთან შეერთება. ნივთისა და განცალკევებული ნაწილების შეფასება ხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმებითა და სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციის გათვალისწინებით. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი იყოს განცალკევებული ნაწილის ხარისხობრივი მდგომარეობა და ის, აქვს თუ არა მას შესაბამისი საბაზრო ღირებულება. მაგალითად, ძრავის ავტომობილისაგან განცალკევების შემთხვევაში, შესაძლებელია, ორივეს დანიშნულების მოსპობა იყოს სახეზე, თუ ავტომობილისათვის შეუძლებელია შესაბამისი ძრავის შეძენა და განცალკევებულ ძრავაზე არ არის საბაზრო მოთხოვნილება, შესაბამისი ავტომობილის არარსებობის გამო.

III. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (150 II მუხლი)

8

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა- ნაგებობები და ის ნივთები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. როგორც ნორმის პირველი ნაწილის შემთხვევაში, მიწასთან მყარად არის ნივთები დაკავშირებული, თუ მათი განცალკევება შეუძლებელია სუბსტანციის ან დანიშნულების მოსპობის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, მიწის ნაკვეთთან ნივთის მყარად დაკავშირება შესაძლებელია, თვით ამ ნივთის სიმძიმით იყოს განპირობებული.[8] ასეთ ნივთებს არ განეკუთვნება, მაგალითად, სპორტული შეჯიბრებისათვის დროებით განლაგებული ტრიბუნები ან საგამოფენო ტერიტორიაზე განლაგებული პავილიონები.

9

სამართლებრივად მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს არ განეკუთვნება მიწის შემადგენელი ნაწილები, როგორებიცაა: ქვები, ქვიშა, ტორფი და სხვ. ისინი არიან არა არსებითი ნაწილები, არამედ მიწასთან ერთად ქმნიან ერთიან ნივთს.[9] იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სუბსტანციები ხელოვნურად იქნა მიწის ნაკვეთზე განლაგებული და მათი სივრცობრივად შემოსაზღვრა შესაძლებელია, ისინი არ ქმნიან მიწის ნაკვეთის არსებითად შემადგენელ ნაწილებს.

10

მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნორმა შენობა-ნაგებობებს ცალსახად მოიაზრებს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებად. ღოგორც წესი, შენობა-ნაგებობები საძირკვლით მყარად არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. შენობის ნანგრევებიც არსებითი შემადგენელი ნაწილია, ისევე, როგორც შენობა-ნაგებობების შემადგენელი ნაწილები, როგორებიცაა: ბეტონი, აგური, ქვები და სხვ. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის[10] თანახმად, შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მიშენება-დაშენება არის ამ შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, იგი (მიშენება-დაშენება) განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. გამომდინარე აქედან, თუ პირი ყიდულობს მიწის ნაკვეთს, ივარაუდება, რომ იგი ყიდულობს ამ მიწასთან დაკავშირებულ შენობა-ნაგებობას და სხვა არსებით შემადგენელ ნაწილებს. შენობა-ნაგებობებს განეკუთვნება, ასევე, ღობე და გალავანი; საკომუნიკაციო ნივთები, როგორებიცაა: ბუნებრივი აირისა და წყლის მილები, ასევე, არხი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, როგორც ხაზობრივი ნაგებობები (საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი) არის უძრავი ნივთები. ეს ნივთები მიწასთან მყარად არის დაკავშირებული და, შესაბამისად, განეკუთვნება მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებს.[11] გამონაკლისია აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა. 234 II მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების და არა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად. აღნაგობის უფლებით აშენებული შენობა საჯარო რეესტრში რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.

{{ვ|11} შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი შესაძლებელია თავად შეიცავდეს არსებით შემადგენელ ნაწილებს. 149-ე-150-ე მუხლები ამის თაობაზე პირდაპირ არ მიუთითებს, მაგრამ ეს გამომდინარეობს ამ მუხლების სისტემური განმარტებიდან. შესაბამისად, ისეთი ნივთები, რომლებიც საჭიროა შენობის ასაგებად და მის შემადგენლობაში შედის, განეკუთვნება არა მიწის ნაკვეთის, არამედ შენობის შემადგენელ ნაწილებს. მაგალითად: შენობის კარები, სარკმელი, ლიფტი, გათბობის გაყვანილობა და სხვ.[12] ჩაშენებული სამზარეულო, რომელიც სპეციალურად არის დამზადებული, განეკუთვნება შენობის შემადგენელ ნაწილს, ისევე როგორც ჩაშენებული სამზარეულოსთვის განთავსებული სერიული წარმოების დანადგარები, მაგალითად: მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა. იმ შემთხვევაში, თუ ჩაშენებული სამზარეულოს ნაწილები შედგება მხოლოდ სერიულად დამზადებული ნაწილებისაგან, ისინი არ განეკუთვნებიან შენობის შემადგენელ ნაწილებს. სამართლებრივად უმნიშვნელოა ნივთის შენობა-ნაგებობასთან დაკავშირების დრო, როდის მოხდა ეს – შენობა-ნაგებობის აშენებისას თუ შემდგომში, რემონტისას.

12

150 II მუხლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობა ან ნივთები არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. მიწის ნაკვეთთან დაკავშირება მხოლოდ მაშინ არის დროებითი, როდესაც ასეთი კავშირი დროში განსაზღვრულია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს დრო რამდენიმე ათეულ წელს შეადგენს. მიწის ნაკვეთთან მუდმივად არის დაკავშირებული ნივთი, თუ ასეთი კავშირის დრო ლოგიკურად განსაზღვრული არ არის. რამდენად არის ნივთი დროებითი სარგებლობისათვის გამიზნული, დამოკიდებულია იმ პირის შინაგან ნებაზე, რომელმაც განახორციელა ნივთის ან შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთთან დაკავშირება, ან ვისი დაკვეთითაც მოხდა დაკავშირება. კონკრეტული შემთხვევის ობიექტური გარემოებები არის პირის ნების განმარტების საფუძველი. ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების შემთხვევაში, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნივთის დაკავშირება მიწის ნაკვეთთან მოხდა დროებითი სარგებლობის მიზნით. ასეთი ვარაუდი არსებობს, ასევე, სხვა დროებითი სარგებლობის ურთიერთობების შემთხვევებშიც. ვინაიდან ადამიანის ნების განსაზღვრა, ზოგადად, ემპირიულ წესებს არ ექვემდებარება, ვარაუდი, შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასებისას განხილულ იქნეს როგორც არაპირდაპირი ფაქტი.[13]

IV. სამართლებრივი შედეგი

13

ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. ეს სამართლებრივი შედეგი ვრცელდება მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც. ნივთზე არსებული პირობადებული საკუ-თრება შეწყდება იმ მომენტში, როდესაც ნივთი გახდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 150, გვ. 24; ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 34; Heinrichs, in Palandt BGB Kommentar, § 93, Rn. 1.
  2. Jickeli/Stieper, in Staudinger BGB, 2011, § 93, Rn. 7.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის #3კ-675-02 გადაწყვეტილება.
  4. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 93, Rn. 9.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 152; Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 93, Rn. 9; Heinrichs, in Palandt BGB Kommentar, § 93, Rn. 8.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 150, გვ. 26.
  7. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 93, Rn. 10; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 150, გვ. 26.
  8. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 94, Rn. 4.
  9. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 150, გვ. 27.
  10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის # ას-1163-118-2016 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის # ას-1081-1110-2011 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის # ას-500- 476-2013 გადაწყვეტილება.
  11. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 150, გვ. 27.
  12. Jickeli/Stieper, in Staudinger BGB, 2011, § 94, Rn. 35.
  13. Jickeli/Stieper, in Staudinger BGB, 2011, § 95, Rn. 9.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_150._ნივთის_არსებითი_შემადგენელი_ნაწილი&oldid=1515"