Gccc-logo.png


მუხლი 151. საკუთვნებელი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 151. საკუთვნებელი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.

I. ზოგადი დებულებები

1

განსხვავებით 150-ე მუხლისაგან, რომლის მიზანია, შეინარჩუნოს ნივთისა და მისი შემადგენელი ნაწილების ერთიანი ეკონომიკური ღირებულება, და მათი სამართლებრივი ბედის განსაზღვრა ერთიან წესებს დაუქვემდებაროს, 151-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ, სხვადასხვა ნივთის სამართლებრივი დამოუკიდებლობის მიუხედავად, მათ შორის შესაძლებელია არსებობდეს ეკონომიკური ერთიანობა, რაც სამართლებრივად ერთობლივ განსჯას აუცილებელს ხდის. ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო კოდექსი იმ ნივთებს, რომლებიც მთავარი ნივთის სამსახურისთვის არის განკუთვნილი, საკუთვნებელს უწოდებს. საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს კოდექსი სხვადასხვა ადგილას განსაზღვრავს. იურიდიულ ლიტერატურაში[1] მიუთითებენ საკუთვნებლის ორგვარ სამართლებრივ ბუნებას – როგორც დამოუკიდებელი ნივთისას და როგორც მთავარ ნივთთან დაკავშირებული ნივთისას. საკუთვნებელი, როგორც დამოუკიდებელი ნივთი, შესაძლებელია იყოს ცალკე უფლების ობიექტი; განსხვავება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილთან ის არის, რომ საკუთვნებლის გარეშე ნივთის ფუნქციური დანიშნულება არ დგება ეჭვქვეშ, ხოლო ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის გარეშე ნივთის გამოყენება დანიშნულებით შეუძლებელია.[2]


II. ნორმის შემადგენლობა

1. საკუთვნებლის ცნება

2

ნორმის მიხედვით, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მოძრავი ნივთი, მაგრამ არა უძრავი ნივთი და უფლება.[3] სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ინვენტარი, როგორც ნივთების ერთობლიობა, არის არა საკუთვნებელი, არამედ საკუთვნებელია ამ ერთობლიობის თითოეული ნივთი ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაშიც, თითოეულ ნივთთან მიმართებით მოცემული უნდა იყოს საკუთვნებლის საკანონმდებლო შემადგენლობის ნიშნები. საკუთვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთი, რომელიც არ არის მთავარი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.[4] ერთი ნივთი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საკუთვნებელიცა და არსებითი შემადგენელი ნაწილიც; ასევე, შესაძლებელია, რომ ნივთი თავდაპირველად იყო მთავარი ნივთის საკუთვნებელი და შემდგომ გახდეს მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, სამშენებლო მასალები, რომლებიც განლაგებულია მიწის ნაკვეთზე და განკუთვნილია შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, შესაძლებელია იყოს საკუთვნებელი და მათი მიწის ნაკვეთთან შეერთების შემთხვევაში გადაიქცევა ამ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებად; ასევე, საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებული სათადარიგო მანქანა-დანადგარები ამ საწარმოს საკუთვნებელია. 151 II მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკუთვნებლია ის მოძრავი ნივთი, რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე.

2. მთავარი ნივთი

3

საკუთვნებლის წინაპირობა არის მთავარი ნივთის არსებობა. მთავარი ნივთის ცნება დამოკიდებულია არა მხოლოდ ნივთების ეკონომიკურ ღირებულებასა და სივრცობრივ კავშირზე, არამედ, ასევე, სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციაზე.[5] მთავარი ნივთი შესაძლებელია იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი. საწარმოს მთავარ ნივთად განსაზღვრა დამოკიდებულია მის საწარმოო პროცესის მნიშვნელობაზე, რომელიც შეიძლება მიწის ნაკვეთი იყოს. მხოლოდ ის გარემოება, რომ საწარმო განთავსებულია მიწის ნაკვეთზე, ავტომატურად არ აქცევს მიწის ნაკვეთს მთავარ ნივთად. შესაძლებელია, ასევე, რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, მაგალითად, შენობა-ნაგებობას, ჰქონდეს საკუთვნებელი. ერთი საკუთვნებელი შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მთავარ ნივთს, მაგალითად, რამდენიმე მიწის ნაკვეთს.


3. საკუთვნებლის დანიშნულება

4

საკუთვნებლის დანიშნულება მთავარი ნივთის მიმართ განისაზღვრება მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებიდან, მისი ფაქტობრივი სარგებლობისა და სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდან. მთავარი ნივთი უნდა ასრულებდეს განსაზღვრულ სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს საკუთვნებელი. მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულება არ ნიშნავს ამ ნივთის მხოლოდ სამეწარმეო, მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, არამედ იგი მოიცავს იმ მიზანს, რომლის გამოც არსებობს მთავარი ნივთი. მაგალითად, ტაძარში განლაგებული ორღანი და ზარები შეიძლება იყოს ტაძრის საკუთვნებელი.

5

საკუთვნებელი ემსახურება მთავარ ნივთს, თუ იგი ხელს უწყობს მთავარი ნივთის ფუნქციის რეალიზებას („სამეურნეო დანიშნულება“).[6] მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას, თუ რამდენად აუცილებელი და საჭიროა მთავარი ნივთისათვის საკუთვნებლის არსებობა. საკუთვნებლის დამხმარე ფუნქციიდან გამომდინარეობს მისი დაქვემდებარებული დამოკიდებულება მთავარი ნივთისადმი.

4. სივრცობრივი კავშირი

6

საკუთვნებელსა და მთავარ ნივთის შორის უნდა არსებობდეს სივრცობრივი კავშირი და იგი უნდა ემსახურებოდეს მთავარი ნივთის სამეურნეო მიზანს. სივრცობრივი კავშირისათვის აუცილებელი წინაპირობა არ არის, რომ, მაგალითად, საკუთვნებელი, ფაქტობრივად, განლაგებული იყოს მიწის ნაკვეთზე. სივრცობრივი კავშირი არსებობს იმ შემთხვევაშიც, თუ ნივთი მთავარი ნივთის სიახლოვეს მდებარეობს. მაგალითად, მანქანა-დანადგარები, რომლებიც საწარმოს სიახლოვეს მდებარეობენ და სამეურნეო დანიშნულებით საწარმოო პროცესს ემსახურებიან.

5. სამოქალაქო ბრუნვის ტრადიცია

7

მოძრავი ნივთი არის საკუთვნებელი, თუ იგი, სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციის მიხედვით, მთავარ ნივთთან ერთად საერთო სამეურნეო დანიშნულებით ხასიათდება. თუ საკუთვნებლის ყველა წინაპირობა გამოკვეთილია, ნივთი შეიძლება არ ჩაითვალოს საკუთვნებლად, თუკი დამკვიდრებული შეხედულება მას ასეთად არ განიხილავს. მაგალითად, საკუთვნებელია სატრანსპორტო საწარმოს ავტომობილები, ორგანიზაციისა და რესტორნის ავეჯი და სხვ.

III. სამართლებრივი შედეგი

8

151-ე მუხლი არ განსაზღვრავს საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს. როგორც წესი, საკუთვნებელი სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთია და მასზე ვრცელდება მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული დებულებები. ვინაიდან მთავარი ნივთის სამართლებრივი ბედი საკუთვნებელზე არ ვრცელდება, შესაძლებელია, იგი იყოს სანივთო უფლებების ობიექტი. მაგალითად, როგორც განცალკევებული საგანი, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდეს სხვა პირს. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მთავარი ნივთის შესახებ გარიგებები შეეხება საკუთვნებელსაც. ამით კოდექსი იმ გარემოებას ანიჭებს მნიშვნელობას, რომ მოძრავი ნივთები თავისი სამეურნეო-ეკონომიკური დანიშნულებით და სივრცობრივი კავშირით განსაზღვრულ ეკონომიკურ ერთიანობას ქმნიან და კანონმდებელი ასეთი ერთიანობის შენარჩუნებას განსაზღვრულ ფარგლებში საჭიროდ თვლის. სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს მითითებას საკუთვნებლის სანივთო უფლებით დატვირთვის შესახებ, თუმცა სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი დებულებები შესაძლებელს ხდის, რომ პირის ვალდებულება, გაასხვისოს ან დატვირთოს ნივთი, გავრცელდეს საკუთვნებელზეც (324). საკუთვნებელი, როგორც მოძრავი ნივთი, არის გირავნობის უფლების ობიექტი და, ვინაიდან შესაძლებელია, მთავარი ნივთის მესაკუთრე არ იყოს საკუთვნებლის მესაკუთრეც, ამდენად საკუთვნებელზე საკუთრების მოპოვება და გირავნობის უფლების წარმოშობა განხორციელდება 187-ე მუხლის შესაბამისად. 324-ე მუხლი განმარტავს ხელშეკრულების დადების ფარგლებს. იგი არ ადგენს საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს და ძალაშია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9

511-ე მუხლი განსაზღვრავს გამოსყიდვის ხელშეკრულების შემთხვევაში მყიდველის ვალდებულებას, დააბრუნოს ნაყიდი ნივთი საკუთვნებელთან ერთად. ამ შემთხვევაშიც, მართალია, გამოსყიდვის ხელშეკრულების დებულებები არ არეგულირებს მთავარი ნივთის გაყიდვისას საკუთვნებლის ბედს, მაგრამ 324-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ გამოსყიდვის საგანი ვრცელდებოდა საკუთვნებელზეც. მაშასადამე, მყიდველმა მოიპოვა საკუთრება საკუთვნებელზეც, რომლის საფუძველსაც მოძრავ ნივთებზე საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენის წესები ქმნის (187).[7]

10

საკუთვნებლის სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 194-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მოძრავი ნივთების შერწყმისას ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზეც.[8]




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 153.
  2. იქვე, გვ. 153; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 210-213.
  3. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 97, Rn. 3-5.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 150, გვ. 29.
  5. იქვე, Rn. 10.
  6. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 211.
  7. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 150, გვ. 31.
  8. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 152-154.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_151._საკუთვნებელი&oldid=1518"