Gccc-logo.png


მუხლი 152. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 152. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

I. ზოგადი დებულებები

1

152-ე მუხლი შეიცავს არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ზოგად განმარტებას. ნორმის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის უფლებები და მოთხოვნები, რომელთა მიზანია, მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიანიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.

2

არამატერიალური ქონებრივი სიკეთის კიდევ ერთ განმარტებას შეიცავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.

II. მოთხოვნა

3

„მოთხოვნას“ 316-ე მუხლი განმარტავს, როგორც კრედიტორის უფლებამოსილებას, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ასევე, 128 I მუხლში მოცემულია „მოთხოვნის უფლების“ ცნება, როგორც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების უფლება. გამომდინარე აქედან, მოთხოვნის ცნება საჭიროებს დაზუსტებასა და იმის განსაზღვრას, თუ რა კავშირი არსებობს მოთხოვნასა (316) და მოთხოვნის უფლებას შორის (128 I) და რამდენად მოიაზრება ეს ცნებები 152-ე მუხლის საკანონმდებლო დეფინიციაში.

4

128 I მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების არსი განისაზღვრება გარიგების ან კანონის საფუძველზე. ვალდებულებითი სამართლის ფარგლებში კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ის, რაც მოვალემ უნდა შეასრულოს. შესაბამისად, ვალდებულებით სამართალში მოთხოვნა და ვალდებულება სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული ერთი და იმავე შინაარსის შემცველი სამართლებრივი ცნებებია.[1] შესაბამისად, ვალდებულებითსამართლებრივი მოთხოვნა გულისხმობს, ამავე დროს, მოთხოვნის უფლებას, მოითხოვო „სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება“. ამ თვალსაზრისით, მოთხოვნა არის მოთხოვნის უფლებაც.[2] მოთხოვნისა და მოთხოვნის უფლებას შორის არსებული განსხვავება არ გამომდინარეობს მათი დეფინიციებიდან. სამოქალაქო კოდექსის პირველ წიგნში დეფინირებული „მოთხოვნის უფლება“ უფრო ზოგადია, ვიდრე ვალდებულებითი სამართლის „მოთხოვნა“.

III. უფლება

5

უფლება არის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ინდივიდისათვის თავისი ინტერესების განსახორციელებლად მინიჭებული უფლებამოსილება.[3] უფლება სამართლებრივი წესწყობილების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა აბსოლუტური და ფარდობითი უფლებების დაყოფის საფუძველს, მაგრამ ასეთი დაყოფა აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაში.[4] ფარდობითი (რელატიური) უფლება არსებობს ორ ან რამდენიმე პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობაში. ფარდობითი უფლების მაგალითია მოთხოვნის უფლება, მაშასადამე, პირის უფლება – მოითხოვოს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (128 I). მოთხოვნის უფლება აღნიშნავს სამართლებრივ ურთიერთობას, რომელშიც, როგორც წესი, ორი პირი მონაწილეობს: უფლებამოსილი პირი ერთ მხარეს და ვალდებული პირი მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის უფლება მიემართება ერთ (ან რამდენიმე) პირს. მაგალითად, მოთხოვნის მფლობელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განუსაზღვროს მოვალეს ვალდებულების შესრულების ქმედება. ფარდობითი უფლება, როგორც წესი, შეიძლება მხოლოდ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების მიერ დაირღვეს.[5]

6

აბსოლუტური უფლება მოქმედებს ყველა პირის მიმართ. აბსოლუტური უფლების კლასიკური მაგალითია საკუთრება, როგორც მესაკუთრის უფლება, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (170 I). საკუთრება, როგორც აბსოლუტური უფლება, გამოხატავს ყველა პირის ვალდებულებას, პატივი სცენ მესაკუთრის უფლებას. აბსოლუტურ უფლებად ითვლება სანივთო უფლებები. სანივთო უფლებების დეფინიცია სამოქალაქო კოდექსში არ არის მოცემული და, როგორც ტერმინი, იგი მხოლოდ ცალკეულ მუხლებში გვხვდება (237, 2892, 3065, 1384). სანივთო უფლება ეწოდება ისეთ უფლებას, რომელიც აწესრიგებს ადამიანის სამართლებრივ ურთიერთობას ნივთთან დაკავშირებით და, მსგავსად მესაკუთრის უფლებისა, მოქმედებს ნებისმიერი მესამე პირის მიმართ.[6] „სანივთო უფლება“, როგორც ტერმინი, აღნიშნავს ნივთზე უშუალო ზემოქმედების ძალაუფლებას.[7] სანივთო უფლების მფლობელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოახდინოს ნივთზე ზემოქმედება და გამორიცხოს ამ ნივთზე სხვა პირთა მოქმედება. მაგალითად, საკუთრების უფლება, როგორც წესი, შეუზღუდავია, ხოლო სხვა სანივთო უფლებები შეზღუდულია განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობებში. სანივთო უფლებებს განეკუთვნება, მაგალითად: უზუფრუქტი, სერვიტუტი, აღნაგობა.

7

152-ე მუხლის გაგებით, სანივთო უფლებების გარდა, უფლებათა რიგს განეკუთვნება არამატერიალური ქონებრივი უფლებები, როგორებიცაა, მაგალითად: პატენტის მფლობელის უფლება, სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლება, საავტორო და მომიჯნავე უფლებები და სხვ.[8] საავტორო უფლებათა ობიექტებია: მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები. მათი აღიარება, გამოყენება და დაცვა ხორციელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

8

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს განეკუთვნება ასევე წილები და აქციები. სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს წილის დეფინიციას და მას არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. წილი ეწოდება საზოგადოებაში პარტნიორის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც პირს აქვს საზოგადოების წევრობიდან გამომდინარე.[9] პარტნიორის წილი განისაზღვრება მის მიერ საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესაბამისად. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. შესაბამისად, წილი გამოხატავს პარტნიორის უფლებას, მიიღოს საზოგადოების მართვაში მონაწილეობა. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 I მუხლი).[10]

IV. ქონების გადაცემა

9

152-ე მუხლი განსაზღვრავს არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სხვა პირებზე გადაცემას მაშინ, როცა 147-ე მუხლი უფრო ფართოდ არის ჩამოყალიბებული და ქონების ფლობას, სარგებლობას და განკარგვას მოიცავს. შესაბამისად, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე სამართლებრივი სტატუსის ცვლილება ისევე ხორციელდება, როგორც ნივთებზე. მაგალითად, შესაძლებელია: პატენტის გაყიდვა, დაგირავება და მასზე ლიცენზიის გაცემა (საქართველოს საპატენტო კანონის 48-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების სამართლებრივი მოწესრიგება სპეციალური კანონმდებლობით არის განსაზღვრული, სპეციალურ კანონთან ერთად გამოიყენება ასევე სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები.




  1. Gernhuber, Das Schuldverhältnis, 1989, S. 30; Olzen, in Staudinger BGB, 2009, § 241, Rn. 112.
  2. Schwab/Löhnig, Einführung in das Zivilrecht, 19. Aufl., 2012, S. 86, Rn. 197.
  3. იქვე, S. 79, Rn. 183.
  4. ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 15; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 83-85; შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 38.
  5. Schwab/Löhnig, იქვე, S. 82, Rn. 188.
  6. იხ. 153-ე მუხლის კომენტ., I; Geier, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, Einl. zum Sachenrecht, Rn. 4; Bassenge, in Palandt BGB Kommentar, Eiln. Zum Sachenrecht, Rn. 2
  7. Geier, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, Einl. zum Sachenrecht, Rn. 4.
  8. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 155; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 191-192; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 46-49.
  9. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 270.
  10. დაწვრილებით იხ. ჭანტურია/ნინიძე, იქვე, გვ. 313-317.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_152._არამატერიალური_ქონებრივი_სიკეთის_ცნება&oldid=1520"