Gccc-logo.png


მუხლი 154. ნივთისა და უფლების ნაყოფი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 154. ნივთისა და უფლების ნაყოფი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა, რომელთაც ეს ნივთი იძლევა.

2. უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად.

3. ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და უპირატესობა, რომელთა მიღებასაც ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით.

4. უფლებამოსილება ნივთზე ან უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ ნივთისა თუ უფლების ნაყოფის მიღებას ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. თუ პირი მოვალეა, უკან დააბრუნოს ნაყოფი, მას შეუძლია, მოითხოვოს ნაყოფზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუკი ეს ხარჯები სწორი სამეურნეო საქმიანობის შედეგია და ნაყოფის ღირებულებას არ აღემატება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის მიზანია, განსაზღვროს ნივთისა და უფლების ნაყოფის ცნებები და უფლებამოსილი პირი, ვისაც ეკუთვნის უფლება ნაყოფზე. ნორმა ერთმანეთისაგან განასხვავებს ნივთისა და უფლების ნაყოფს. ლეგალური დეფინიციის თანახმად, ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა, რომელთაც ეს ნივთი იძლევა, ხოლო უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად. იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული შეხედულების თანახმად, ნაყოფი არის სამეურნეო შემოსავალი, რომელსაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე იძლევა თავისი დანიშნულებით პირდაპირ (ბუნებრივი ნაყოფი) ან არაპირდაპირ, სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე (სამოქალაქო, იურიდიული ნაყოფი).[1] თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ნივთის კვალიფიკაციას ნაყოფად, მითითებულია სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნორმაში (მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნა ნივთისა და უფლების ნაყოფზე (162); უფლებამოსილი პირის მოთხოვნები კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელების მიმართ (163, 164); უზუფრუქტუარის უფლებამოსილება ნაყოფისა და სარგებლის მიღებაზე (245 III); მოგირავნის უფლება გირავნობის საგნიდან ნაყოფის მიღებაზე (261 II); მოიჯარის უფლება ნაყოფის მიღებაზე (581 I); საკუთრების მიმნდობის უფლება ქონების ნაყოფზე (726) და სხვ.).

II. ნივთის ნაყოფი

2

154 I მუხლის თანახმად, ნივთის ნაყოფია შემოსავალი, ნამატი ან/და Uპირატესობა. ნივთის პირდაპირი ნაყოფია ორგანული ნაყოფი, როგორებიცაა ცხოველთა და მცენარეთა პროდუქტები: რძე, მატყლი, პირუტყვის ნამატი, კვერცხი და სხვ. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, ნაყოფი განცალკევებულია თუ არა მისი მწარმოებელი ნივთისგან და, ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად მიზანშეწონილია განცალკევება. ნაყოფის მოსაპოვებლად მისი მწარმოებელი ნივთის სუბსტანცია არ უნდა მოისპოს. მაგალითად, დაკლული ცხოველის ხორცი არ ჩაითვლება ნაყოფად.[2] ასევე, ნივთის გადამუშავების შედეგად ნაყოფი არ წარმოიშობა.

3

ნორმის მიხედვით, ნივთის ნაყოფია ასევე ის შემოსავალი, რომელსაც ნივ- თი იძლევა და არ არის ნივთის ნამატი, მაგრამ ნივთისგან მისი სამეურნეო დანიშნულების გზით არის მიღებული. ნივთი იძლევა შემოსავალს, თუ მისი მოპოვება ხდება ნივთის ბუნებრივი ან ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგად. უპირველესად, ეს შეეხება მიწის სასარგებლო წიაღისეულს, რომლის მოპოვებაც ხდება საბადოებიდან და ღია კარიერებიდან: ქვანახშირი, ქვიშა, ტორფი და სხვ.; ნივთის ნაყოფი არ არის ელექტროენერგია, რადგან მისი მოპოვება არ ხდება წყლის, ბუნებრივი აირის ან ნავთობის სუბსტანციიდან.[3]

4

ნივთის, ასევე უფლების უპირატესობა არის ის სარგებელი, რომელიც თან სდევს ნივთის ან უფლების გამოყენებას. როგორც წესი, ნივთის უპირატესობა განისაზღვრება ნივთის ბუნებიდან გამომდინარე და იგი ხშირად ეფუძნება ნივთის მფლობელობას.[4] მაგალითად, საცხოვრებელი სახლის ან ბინის უპირატესობა არის მისი საცხოვრებლად გამოყენებადობა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სახლის საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობა. ავტომობილის უპირატესობა არის ადვილად გადაადგილებადობა და სხვ. ამ მუხლის გაგებით, უპირატესობა არ არის ქონებრივი ხასიათის სარგებელი. მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენების, ასევე ცხენის საჯირითოდ გამოყენების შესაძლებლობა არის უპირატესობა. უპირატესობა არ არის მოცემული, როდესაც სახეზეა ნივთის ან უფლების გასხვისება ან გაყიდვა. მაგალითად, აქციის მაღალი კურსით გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ არის უპირატესობა. ასევე, მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული საზღაური არ არის მიწის ნაკვეთის უპირატესობა.

III. უფლების ნაყოფი

5

154 II მუხლის ლეგალური დეფინიციის თანახმად, უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად. გამომდინარე აქედან, უფლების ნაყოფი არის შემოსავალი, რომელსაც უფლება თავისი არსით იძლევა. ნივთის ნაყოფის მსგავსად, უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი, რომლის მოპოვებაც ამ უფლების შინაარსი და მიზანია. თუ რამდენად არის ეს ნაყოფი უფლების განხორციელების შედეგად მიღებული, დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. უფლებები, რომელთა განხორციელების შედეგად მიიღება ნაყოფი, არის: იჯარა, უზუფრუქტი. უფლების პირდაპირი ნაყოფია აქციებზე გაცემული დივიდენდები. უფლების პირდაპირი ნაყოფი იქნება ის შემოსავალი, რომელსაც იღებს მოიჯარე, ასევე, უზუფრუქტუარის მიერ ნივთის სარგებლობის შედეგად მიღებული სარგებელი. ის შემოსავალი, რომელსაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სარგებლობის გადაცემის სამაგიეროდ უზუფრუქტუარისგან იღებს, ასევე, მეიჯარის მიერ მიღებული საიჯარო ქირა არის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მიღებული არაპირდაპირი ნაყოფი (154 III).

IV. სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მიღებული ნაყოფი

6

154 III მუხლის თანახმად, ნივთისა და უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი და უპირატესობა, რომელთა მიღებასაც ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. ასეთი შემოსავალი არის, მაგალითად, ქირავნობის, იჯარის ან უზუფრუქტის საფუძველზე ნივთის სარგებლობაში გადაცემის შედეგად პერიოდულად გადასახდელი თანხები, ასევე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევით მშენებლობის განხორციელების გამო მხარეებს შორის შეთანხმებული ყოველწლიური ფულადი კომპენსაცია (179) და სესხის შედეგად მიღებული პროცენტები.

V. ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების უფლებამოსილება

7

154 IV მუხლის წინაპირობაა ის, რომ პირი უფლებამოსილია, მიიღოს ნივთისა და უფლების ნაყოფი. სამართლებრივად არ არის მნიშვნელოვანი, ნივთისა და უფლების ნაყოფზე უფლებამოსილება ეფუძნება საკუთრებას თუ სხვა სანივთო უფლებას, მაგალითად, უზუფრუქტს, თუ იგი გამომდინარეობს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან, მაგალითად, იჯარის ხელშეკრულებიდან. ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების ვადა და მოცულობა დამოკიდებულია მიმღები პირის უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, 154 IV მუხლი არ განსაზღვრავს, თუ ვინ მოიპოვა ნივთისა და უფლების ნაყოფზე საკუთრება, არამედ ადგენს მოთხოვნის უფლებას („შესაძლებელს ხდის“) იმ პირებს შორის, რომლებიც დროში ერთმანეთის შემდეგ იყვნენ უფლებამოსილი პირები. ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების პერიოდში შესაძლებელია, შეიცვალოს უფლებამოსილი პირი, მაგალითად, აქციის გამყიდველი და მყიდველი, ან მეიჯარე და მოიჯარე. 154 IV მუხლი გამოიყენება ყოველთვის, როდესაც მოცემულია განსაზღვრულ ვადამდე ან განსაზღვრული ვადის შემდეგ ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების უფლებამოსილება.

VI. ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

8

სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ნივთისა და უფლების ნაყოფის მიმღებმა პირმა აანაზღაუროს ნაყოფის მისაღებად გაწეული ხარჯები.[5] 154 V მუხლის წინაპირობაა, ნივთისა და უფლების ნაყოფი, როგორც ნაყოფი, უნდა დაბრუნდეს უკან. პირს, რომელიც ვალდებულია, დააბრუნოს ნაყოფი, წარმოეშობა მოთხოვნის უფლება ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც მან ნაყოფის მისაღებად გაწია. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემთხვევაში, ეს ხარჯები შეიძლება იყოს სასუქის, სათესლე მასალისა და მოსავლის აღების ხარჯები. ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მოიცავს ასევე პირის საქმიანობის ხარჯებსაც. ეს შეეხება განსაკუთრებით საწარმოს ნაყოფს, რომლის მიღებაც პირის უნარსა და პირად თვისებებზეა დამოკიდებული.[6]

9

ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, თუ იგი სწორი სამეურნეო საქმიანობის შედეგია და ნაყოფის ღირებულებას არ აღემატება. თუ ხარჯები აღემატება ნაყოფის ღირებულებას, მაშინ იგი არაეკონომიური იყო.

10

154 V მუხლი არის პირის მოთხოვნის უფლება, მაგრამ იგი დაკავშირებულია ნაყოფის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასთან. შესაბამისად, ეს ნორმა, ამავე დროს, არის ნივთის დაკავების უფლება.[7] თუ ნაყოფის ნაცვლად უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება მიმართულია ფულად თანხაზე, მაშინ ნაყოფის მიმღებ პირს შეუძლია, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით გაქვითოს უკან დაბრუნების მოთხოვნა („შეუძლია მოითხოვოს“). 154 V მუხლი არის დისპოზიციური ნორმა და შესაძლებელია, მისი მოქმედება მხარეთა შეთანხმებით გამოირიცხოს.




  1. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 99, Rn. 1; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 154, გვ. 38.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 152; Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 99, Rn. 2-3.
  3. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 99, Rn. 4-5.
  4. Stresemann, იქვე, § 100, Rn. 2.
  5. Heinrichs, in Palandt BGB Kommentar, § 102 Rn. 1; Stresemann, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 102, Rn. 1.
  6. Heinrichs, იქვე; Stresemann, იქვე, Rn. 4.
  7. Stresemann, იქვე, Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_154._ნივთისა_და_უფლების_ნაყოფი&oldid=1526"