Gccc-logo.png


მუხლი 156. მფლობელობის შეწყვეტა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 156. მფლობელობის შეწყვეტა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს, ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

I. ზოგადი დებულებები

1

156-ე მუხლი 155-ე მუხლის ლოგიკური შედეგია და იგი აწესრიგებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე მხოლოდ პირდაპირი მფლობელობის შეწყვეტას. მფლობელობის შეწყვეტის არსი ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით დასრულებაშია. მუხლის დანაწესი ეხება როგორც ერთპიროვნულ მფლობელობას, ისე თანამფლობელობას. როგორც წესი, მფლობელობის შეწყვეტისათვის საჭიროა მფლობელის მიერ გარეგნულად შესაცნობი ქმედება ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტის თაობაზე. ეს განისაზღვრება საყოველთაო შეხედულების საფუძველზე. მხოლოდ პირის სურვილი, შეწყვიტოს ნივთზე მფლობელობა, საკმარისი არ არის.

II. ნორმის წინაპირობები

1. მფლობელობის შეწყვეტის ნება

2

მფლობელობის შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა პირის ნება, შეწყვიტოს მფლობელობა ნივთზე. მფლობელობის შეწყვეტის ნებაზე, ისევე როგორც მფლობელობის მოპოვების ნებაზე, არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის წესები ნების გამოვლენის შესახებ. ასეთი ნების გამოვლენისათვის პირს უნდა ჰქონდეს ნების გამოვლენის ბუნებრივი უნარი და არა გარიგების ნამდვილობის აუცილებელი ნების გამოვლენის უნარი. ასეთი უნარის მატარებელი არის ქმედუუნარო პირიც. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია მფლობელობის შეწყვეტისათვის გამოვლენილი ნების შეცილება, ვინაიდან ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა არის ფაქტობრივი პროცესი და არა გარიგება.

3

სამართლებრივად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევების შეფასება, როდესაც მფლობელის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას ახდენს შეცდომა, მოტყუება, ძალადობა ან მუქარა. გავრცელებული შეხედულების თანახმად,[1] მფლობელის თავისუფალი ნება არსებობს შეცდომისა და მოტყუების შემთხვევაში. სადავო საკითხია მფლობელის თავისუფალი ნების არსებობა მუქარის შემთხვევაში. მართალია, საკითხი კონკრეტული შემთხვევისათვის დამახასიათებელი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად უნდა გადაწყდეს, მაგრამ მფლობელის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს მუქარის ის შემთხვევები, როდესაც მუქარა მფლობელის მიმართ იწვევს განსაკუთრებით ძლიერ სულიერ იძულებას, როგორც ეს ხდება დაუძლეველი ფიზიკური ძალის შემთხვევაში.

2. მფლობელობის შეწყვეტის სახეები

4

სამოქალაქო კოდექსი მფლობელობის შეწყვეტის ორ ალტერნატივას განსაზღვრავს, კერძოდ: ნივთის მფლობელის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე მფლობელობის დათმობას სამუდამოდ და სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვას. მფლობელობის შეწყვეტის ამ ორი ალტერნატივის გამიჯვნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ განსხვავებული სამართლებრივი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ: სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა, როგორც მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ქმედება, გამორიცხავს ნივთის კეთილსინდისიერ შეძენას (187 II).

5

ა) ნივთის სამუდამოდ დათმობა შეიძლება განხორციელდეს მფლობელის მოქმედებით ან უმოქმედობით. მაგალითად, ნივთის გასხვისების ან მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გადაცემის შედეგად (მაგალითად, 186 I ). საკითხი იმის შესახებ, მფლობელმა ნივთი დათმო თუ სხვა პირს მხოლოდ ნივთზე თანამფლობელობა მიანიჭა, უნდა გადაწყდეს კონკრეტული შემთხვევის გარემოებების შეფასების საფუძველზე.

6

ბ) სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა ნიშნავს მფლობელის ნების გარეშე ან მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებას. მაგალითად, მფლობელის მიერ ნივთის დაკარგვა, მესამე პირის ჩარევა (ქურდობა, ყაჩაღობა) ან ფაქტობრივი გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს მფლობელობის შეწყვეტა, მაგალითად გემის ჩაძირვა. მხოლოდ გარდამავალი ხასიათის წინააღმდეგობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებისას არ იწვევს მფლობელობის შეწყვეტას.[2] მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ხანგრძლივია ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა და რამდენად არის მოსალოდნელი მფლობელობის განხორციელების შესაძლებლობა.[3] მფლობელობის შეწყვეტა არ არის სახეზე ისეთი დროებითი წინააღმდეგობის შემთხვევებში, როგორებიცაა: დროებით საცხოვრებელი სახლის მიტოვება ან ქარაფთან გემის გაჩერება.

III. მტკიცების ტვირთი

7

მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც მფლობელობის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებზე მიუთითებს.




  1. Joost, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 856, Rn. 7.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, 1999, წიგნი II, მუხ. 156, გვ. 51.
  3. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 63. Aufl., § 856, Rn. 4.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_156._მფლობელობის_შეწყვეტა&oldid=1531"