Gccc-logo.png


მუხლი 157. მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 157. მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან).

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის მიზანი

1

157-ე მუხლის მიზანია მამკვიდრებლის მფლობელობითი მდგომარეობის გადაცემა მემკვიდრეებზე ისე, რა სახითაც იგი არსებობდა მამკვიდრებელთან (მფლობელობა ფაქტობრივი ბატონობის გარეშე). მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე გამოიწვევს იმას, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში ნივთი არ გახდება უპატრონო და მემკვიდრეს შეუძლია, მფლობელობის ხელშეშლის შემთხვევაში მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (161). არამემკვიდრე პირის მიერ სამკვიდრო ქონებას მიკუთვნებული ნივთის გასხვისება გამოიწვევს იმას, რომ ნივთი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ „სხვაგვარად გავიდა“ მისი მფლობელობიდან (187 II).

2. სამართლებრივი ბუნება

2

157-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება სადავოა.[1] მართალია, მემკვიდრეს არა აქვს არც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და არც ამისათვის აუცილებელი მფლობელობის ნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მემკვიდრის მფლობელობა არის განსაკუთრებული და ნამდვილი მფლობელობა. იგი არ არის კანონის ფიქცია და 157-ე მუხლი განსაზღვრავს მემკვიდრეებზე მხოლოდ სამართლებრივი შედეგების გადაცემას, ადგენს მფლობელობის წარმოშობას ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გარეშე.[2] აუცილებელი წინაპირობა არც მფლობელობის ნების არსებობაა, რადგან მფლობელობის გადაცემა ხორციელდება მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალების ფაქტის ცოდნის გარეშე.[3]

II. ნორმის წინაპირობები

1. მამკვიდრებლის მფლობელობა

3

მამკვიდრებელი გარდაცვალების მომენტში უნდა იყოს ნივთის მფლობელი. 157-ე მუხლი გამოიყენება მამკვიდრებლის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის შემთხვევაში. სამართლებრივად არ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება, თუ რამდენად ჰქონდა მამკვიდრებელს ნივთის ფლობის უფლება.[4] 157-ე მუხლი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ახორციელებს მფლობელობას ნივთზე სხვა პირის სასარგებლოდ 155 II მუხლის გაგებით.[5]

2. მფლობელობის გადასვლა

4

მამკვიდრებლის მფლობელობა გადადის იმავე სახით, რა სახითაც იგი მამკვიდრებელთან არსებობდა მისი გარდაცვალების მომენტში (1306). მფლობელობის გადასვლა ხდება მაშინაც, როდესაც მემკვიდრეებმა არ იცოდნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე მამკვიდრებელთან ერთად იყო ნივთის თანამფლობელი, მაშინ იგი მოიპოვებს ნივთზე ერთპიროვნულ მფლობელობას. თანამემკვიდრეები ხდებიან ნივთის თანამფლობელები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე ახორციელებდა ნივთზე არაპირდაპირ მფლობელობას განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, 155 III მუხლის მიხედვით, მაშინ იგი მამკვიდრებლის გარდაცვალებით ხდება ნივთის პირდაპირი მფლობელი.[6] მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის (1421–1451), სასამართლოს მიერ მემკვიდრის უღირს მემკვიდრედ ცნობისა (1310, 1316) და ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში (1403-1409), უკუქცევითი ძალით იცვლება მემკვიდრეობის სამართლებრივი შედეგები და, შესაბამისად, მემკვიდრის მფლობელობაც.

3. ფაქტობრივი ბატონობა

5

მემკვიდრე მოიპოვებს ნივთზე მფლობელობას, როდესაც იგი ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას დაამყარებს 155-ე მუხლის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე დაამყარებს პირდაპირ მფლობელობას მამკვიდრებლის მიერ დანატოვარ ნივთებზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ხდებიან არაპირდაპირი თანამფლობელები.

III. სამართლებრივი შედეგები

6

ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მემკვიდრეობითსამართლებრივი შედეგები 1306-ე და 1484-ე მუხლების მიხედვით. 1306-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრე მოიპოვებს მამკვიდრებლის უკვე წარმოშობილ მოთხოვნის უფლებებს, ხოლო 1484-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრე პასუხს აგებს მამკვიდრებლის, როგორც მფლობელის, წინაშე წარმოშობილ მოთხოვნებზე. მემკვიდრე მოიპოვებს მფლობელობის დაცვის მოთხოვნის უფლებას 160-ე, 161-ე მუხლების მიხედვით. მემკვიდრეზე გადასული მფლობელობის დაცვა ხორციელდება 992-ე და 976-ე მუხლების თანახმად და მის სასარგებლოდ მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია (158). მფლობელის ნების გარეშე ნივთების გასვლა მფლობელობიდან ჩაითვლება „სხვაგვარად“ გასულად, 187 II მუხლის გაგებით. მემკვიდრე პასუხისმგებელია 999-ე, მე-1000 და 1003-ე მუხლების მიხედვით, როგორც მფლობელი. მამკვიდრებლის მფლობელობის ნაკლი, 172-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვლება მემკვიდრის ნაკლად.[7]

IV. მტკიცების ტვირთი

7

პირი, რომელიც ნივთზე მფლობელობას 157-ე მუხლის მიხედვით მიუთითებს, ვალდებულია, დაამტკიცოს გარდაცვალების მომენტში ნივთზე მამკვიდრებლის მფლობელობის არსებობა და მემკვიდრეობა.




  1. თეორიების მიმოხილვა: Gutzeit, in Staudinger BGB, 12. Aufl., § 857, Rn. 3.
  2. Baur/Stürner, Lehrbuch des Sachenrechts, 16. Aufl., 1992, S. 72.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 157, გვ. 52.
  4. Gutzeit, in Staudinger BGB, 12. Aufl., § 857, Rn. 8.
  5. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 63. Aufl., § 857, Rn. 2.
  6. Bassenge, იქვე, Rn. 3; Gutzeit, იქვე, Rn. 11.
  7. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 63. Aufl., § 857, Rn. 5-8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_157._მფლობელობის_გადასვლა_მემკვიდრეებზე&oldid=1533"