Gccc-logo.png


მუხლი 158. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 158. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

I. ზოგადი დებულებებ

1. ნორმის მიზანი

1

158-ე მუხლის მიზანია, სავინდიკაციო სარჩელის აღძვრის შემთხვევაში დაეხმაროს მოპასუხეს, რათა მოსარჩელემ, რომელსაც არა აქვს ნივთზე მფლობელობა, დაამტკიცოს არა მხოლოდ მის მიერ ადრე შეძენილი საკუთრება ნივთზე, არამედ მისი საკუთრების უწყვეტად არსებობა. მოსარჩელემ, 158 II 3 მუხლის გამო, შესაძლებელია, 158 I მუხლი გამოიყენოს, რადგან იგი მას თავისი საკუთრების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების დამტკიცებას უადვილებს. სამართლებრივი პრობლემაა ამ ნორმების ურთიერთმიმართება.[1]

2

ნორმის მიზანია, ასევე, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების დაცვა. სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში, მფლობელობის გადაცემა კეთილსინდისიერ პირზე საკუთრების მოპოვებისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებაა, რითაც კეთილსინდისიერი შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე და ეს ფაქტი მის წინააღმდეგ აღძრულ სავინდიკაციო სარჩელს უსაფუძვლოს ხდის, რადგან მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს ქმედების შემადგენლობის ნიშანს – „საკუთრებას“. მხარეებს შორის არსებული პროცესუალური წესების თანახმად, მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს საკუთრების უფლება და არა მფლობელმა მისი არარსებობა.

2. ნორმის გამოყენების სფერო

3

ა) 158-ე მუხლის გამოყენების სფერო ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე, ასევე ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც ხელიდან ხელში უბრალო ტრადიციით გადაიცემა.[2] 158 II 1 მუხლის თანახმად, ნორმის წესები არ გამოიყენება იმ შემთხვევებზე, როდესაც ნივთზე საკუთრებითი ხასიათი საჯარო რეესტრიდან ვლინდება. მაშასადამე, უძრავი ნივთების მფლობელობით საკუთრება არ ივარაუდება;

4

ბ) მეუღლეებს შორის მფლობელობითი ურთიერთობები, ხშირად, ცალსახად არ არის გამიჯნული. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ მეუღლეები კრედიტორის მოთხოვნების განხორციელებას ხელს შეუშლიან. მეუღლეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში, მფლობელობით საკუთრების მტკიცების წესი უნდა გავრცელდეს მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთებზე ან ისეთ ნივთებზე, რომლებიც, თავიანთი განსაკუთრებული და ექსკლუზიური ხასიათის გამო, მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრება შეიძლება იყოს.[3] 158-ე მუხლის პრეზუმფცია ასევე გამოიყენება მეუღლეთა საერთო ქონების მიმართ და ივარაუდება, რომ ნივთები მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, ერთ-ერთი მეუღლის ვალდებულებისათვის მათი დაყადაღება კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება;[4]

5

გ) მფლობელობით საკუთრების მტკიცების წესი გამოიყენება როგორც ნასყიდობის, ისე ჩუქების ხელშეკრულების არსებობისას, რადგან ქართულ სანივთო სამართალში საკუთრების მოპოვება დამოკიდებულია ნამდვილი უფლების არსებობაზე.

3. ნორმის არსი

6

158-ე მუხლში წარმოდგენილია კანონისმიერი ვარაუდი (praesumptio juris), რომლის უარყოფაც საწინააღმდეგოს დამტკიცებით არის შესაძლებელი, რაც ამსუბუქებს ნივთის მფლობელის მტკიცების ტვირთს და ზეგავლენას არ ახდენს მხარეებს შორის არსებულ მატერიალურსამართლებრივ ურთიერთობაზე. მფლობელმა უნდა დაამტკიცოს ნივთზე მფლობელობის მოპოვების ფაქტობრივი გარემოებები და არა საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი გარემოებები, მაგალითად, გამსხვისებლის უფლებამოსილება. შესაბამისად, პრეზუმფციის უარყოფა უნდა მოხდეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი მტკიცებულებების საფუძველზე. 158-ე მუხლი შეიცავს არა მტკიცების წესს, არამედ მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. იგი იწვევს მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის ცვლილებას, რადგან მფლობელმა უნდა დაამტკიცოს პრეზუმფციის ბაზისი (მფლობელობა) და არა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენ ლობა, რომელიც იწვევს სამართლებრივ შედეგებს.[5]

7

ნორმა გამოიყენება იმ მოთხოვნის საფუძვლების მიმართ, რომელთა წინაპირობაც არის საკუთრების უფლება (მაგ., 172 მუხლი),[6] ასევე დელიქტური და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენების შემთხვევებში.[7]

II. 158 I მუხლის წინაპირობები

1. მფლობელობა

8

მფლობელობით საკუთრების პრეზუმფციის საფუძველია პირის პირდაპირი მფლობელობა ნივთზე. პრეზუმფციის დანიშნულებიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების ვარაუდი გამორიცხულია: პრეზუმფციის წინაპირობა არის დავა მხარეებს შორის საკუთრების შესახებ და არ გამოიყენება არაპირდაპირი მფლობელობის (155 III) შემთხვევებზე, ვინაიდან არაპირდაპირ მფლობელს ნივთზე მფლობელობის უფლება მინიჭებული აქვს პირდაპირი მფლობელისგან და, როგორც წესი, არაპირდაპირი მფლობელი ნივთზე თავის საკუთრების უფლებას არ მიუთითებს.[8]

თანამფლობელობა წარმოშობს თანასაკუთრების ვარაუდს.[9] თუ ერთ-ერთი თანამფლობელი დაამტკიცებს ერთპიროვნულ მფლობელობას, მაშინ ივარაუდება მისი ერთპიროვნული საკუთრება ნივთზე.[10]

2. პრეზუმფციის შინაარსი

9

პრეზუმფცია ეფუძნება მფლობელობისა და საკუთრების მოპოვების ერთობლიობას. მაშასადამე, ივარაუდება არა ნივთის მფლობელის საკუთრება, არამედ ის, რომ ნივთის მფლობელმა პირდაპირი მფლობელობის წარმოშობის მომენტში მოიპოვა ნივთზე საკუთრება და ნივთზე საკუთრების უფლებას იგი მფლობელობის პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა.[11] აქედან გამომდინარე, 158-ე მუხლი არ გამოიყენება, თუ მფლობელი მიუთითებს, რომ მან თავდაპირველად მხოლოდ ნივთზე მფლობელობა მოიპოვა, მაგალითად, როგორც დამქირავებელმა, და მხოლოდ ამის შემდეგ, სხვა გარემოებების საფუძველზე, გახდა იგი ნივთის მესაკუთრე. ამ შემთხვევაში, დამქირავებლის მიერ პირდაპირი მფლობელობის წარმოშობას არ გამოუწვევია ნივთზე საკუთრების მოპოვება და დამქირავებელმა შემდგომში საკუთრების მოპოვების წინაპირობები სრულყოფილი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს.

3. პრეზუმფციის უარყოფა

10

მფლობელობის საფუძველზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია შესაძლებელია, მოწინააღმდეგე მხარემ უარყოს იმ გარემოებების დამტკიცებით, რომ ნივთზე პირდაპირი მფლობელობის წარმოშობას არ გამოუწვევია საკუთრების მოპოვება. ასევე, თუ მფლობელი მიუთითებს, რომ მან საკუთრება ნივთზე მფლობელობის წარმოშობამდე მოიპოვა, ზოგადი წესის თანახმად, არ არსებობს 158-ე მუხლის წინაპირობები და ნორმა არ გამოიყენება.[12]

11

მფლობელობით საკუთრების პრეზუმფცია შესაძლებელია უარყოფილ იქნეს, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს, რომ მან ნივთი დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან (187 II), ან მფლობელმა დაკარგა საკუთრება, მაშასადამე, როცა არსებობს საკუთრების უფლების წყვეტა. ამის საწინააღმდეგოდ, მფლობელმა საკუთრების ხელმეორედ მოპოვების ფაქტი უნდა დაამტკიცოს.[13] პირობადებული საკუთრების შემთხვევებში, პრეზუმფცია შესაძლებელია, უარყოფილ იქნეს, როდესაც ნივთის პირობადებული საკუთრებით გადაცემა გამომდინარეობს სავაჭრო სფეროში დამკვიდრებული გარემოებებიდან.

III. ძველი მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი (158 II)

12

ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ძველი მფლობელის სასარგებლოდ ივარაუდება, რომ იგი ნივთის მფლობელობის პერიოდში იყო ნივთის მესაკუთრე. ამ ვარაუდის უარყოფა შეიძლება, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს, რომ ნივთის მფლობელს არ მოუპოვებია ნივთზე საკუთრების უფლება. პრეზუმფციის დროში შეზღუდვა („მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში“) არ ნიშნავს, რომ მფლობელმა ნივთზე მფლობელობის დასრულების შემთხვევაში ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა უნდა დაამტკიცოს, არამედ ის, რომ, კოლიზიის შემთხვევაში, 158 I მუხლს უპირატესობა ენიჭება 158 II 3 მუხლის პრეზუმფციასთან მიმართებით. 158 II 3 მუხლის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სამი ნაწილისაგან შედგება: ივარაუდება, რომ 1. პირს ჰქონდა ნივთზე პირდაპირი მფლობელობის უფლება; 2. პირმა პირდაპირი მფლობელობის წარმოშობით მოიპოვა ნივთზე საკუთრების უფლება; და 3. იგი მფლობელობის პერიოდის განმავლობაში იყო ნივთის მესაკუთრე.




  1. Baldus, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 1006, Rn. 4.
  2. ზარანდია, ნივთის მფლობელი ივარაუდება მის მესაკუთრედ – პრეზუმფციის გამოყენების წინაპირობები და გამონაკლისები, გვ. 201.
  3. განსხვავებული მოსაზრება იხ. იქვე, გვ. 208.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 14 ნოემბრის № 3კ/706-01 გადაწყვეტილება.
  5. Assmann, Kommentar zum ZPO, § 292, Rn. 3.
  6. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 63. Aufl., § 1006, Rn. 3.
  7. Baldus, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1006, Rn. 30.
  8. იქვე, Rn. 21, 26.
  9. ზარანდია, ნივთის მფლობელი ივარაუდება მის მესაკუთრედ – პრეზუმფციის გამოყენების წინაპირობები და გამონაკლისები, გვ. 208.
  10. Baldus, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1006, Rn. 39.
  11. Baldus, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 1006, Rn. 43; Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 63. Aufl., § 1006, Rn. 4.
  12. Baldus, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1006, Rn. 49.
  13. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 63. Aufl., § 1006, Rn. 8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_158._მესაკუთრედ_ყოფნის_პრეზუმფცია&oldid=1538"