Gccc-logo.png


მუხლი 159. კეთილსინდისიერი მფლობელი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 159. კეთილსინდისიერი მფლობელი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა შეიცავს კეთილსინდისიერი მფლობელის ლეგალურ დეფინიციას. დეფინიციის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. მაშასადამე, ნორმა შეიცავს ორ ალტერნატივას და იგი კეთილსინდისიერების განმსაზღვრელ გარემოებად პირის მიერ მართლზომიერ მფლობელობას ან საჭირო გულმოდგინების შემოწმებას განსაზღვრავს. ნორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 160-ე–164-ე მუხლების გამოყენებისათვის.

II. ნორმის შემადგენლობა

2

ნორმის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში, ხოლო კეთილსინდისიერება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით შეიცავს სუბიექტურ ელემენტს – პირის დამოკიდებულებას ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი.[1] ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი.

3

დეფინიციის მეორე ალტერნატივის მიხედვით, მფლობელის კეთილსინდისიერება განისაზღვრება საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე, კერძოდ, თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები უდევს ნივთზე მფლობელობას საფუძვლად და მოეთხოვებოდა თუ არა მფლობელს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვებისას ამ გარემოებების გათვალისწინება. გამომდინარე აქედან, კეთილსინდისიერი მფლობელი შეიძლება იყოს არამართლზომიერი მფლობელი, თუ არ არსებობს მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი და პირს კონკრეტული გარემოებების საფუძველზე არ შეეძლო გაეცნობიერებინა მფლობელობის არამართლზომიერება. მაგალითად, მყიდველმა შეიძინა ნივთი იმ პირისაგან, რომელთანაც მას ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტში მყიდველისათვის უცნობი გარემოებების გამო იყო ქმედუუნარო. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას კანონმდებლის გადაწყვეტილება, რომელიც, 163-ე მუხლის თანახმად, არაუფლებამოსილ, მაგრამ კეთილსინდისიერ მფლობელს ნივთის დაბრუნების მოვალეობას აკისრებს.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს # ას-948-910-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის # ას-699-669-2014 გადაწყვეტილება.


Sandro Amashukeli Lawyer

14 დღის წინ
შეფასება: 1++
უზენაესის სასამართლოს ამ მსჯელობაზე რატომ არ აკეთებთ კომენტარს №ას-524-493-2012, 4 ოქტომბერი, 2012 წელი: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. განსახილველი ნორმის თანახმად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი." მით უმეტესს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება #73-ე მნიშვნელოვანი განმარტების რანგშია აყვანილი. არადა არის სრული სიბრიყვე, რადგან დაუშვებლად მიიჩნევს კეთილსინდისიერი მფლობელი მართლზომიერიც იყოს.

Sandro Amashukeli Lawyer

14 დღის წინ
შეფასება: 1++

ყოველივე ამან კონკრეტული გამოხატულება ჰპოვა უზენაესის პრაქტიკაში: "საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 160-ე მუხლები. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლთან მიმართებით ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ეს მუხლი ეხება კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნას, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს, რომელსაც არ გააჩნდა ფლობის უფლება, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ ის კეთილსინდისიერია, ჩამოერთვა მფლობელობა. ამ შემთხვევაში, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. აღნიშნული მუხლი იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებას, ანუ მფლობელის, რომელსაც არ გააჩნდა მფლობელობის კანონიერი (სახელშეკრულებო) საფუძველი. განსახილველი ნორმა მიგვითითებს კეთილსინდისიერი მფლობელისაგან „მფლობელობის ჩამორთმევაზე.“ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მითითებული ნორმის მიხედვით ახალ მფლობელს (მათ შორის მფლობელობის უკეთესი უფლების მქონე პირს) შეუძლია, ვინდიკაციის და არა თვითნებობის საფუძველზე დაიბრუნოს ნივთი. კეთილსინდისიერი მფლობელი ვერ მოითხოვს მფლობელობის დაბრუნებას უკეთესი უფლების მქონე პირისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უკეთესი უფლების მქონე პირმა ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-524-493-2012 4.10. 2012 წელი).

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი სადავო ურთიერთობაზე არ ვრცელდება, რადგან შპს „კ-ი” და შპს „შ. კ-ა“ წარმოადგენენ სს ”ი. ვ-ის” საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის მართლზომიერ მფლობელებს და ამ დოკუმენტების წვდომასთან გააჩნიათ ერთნაირი უფლებრივი მდგომარეობა" (საქმე №ას-899-857-2013). ანუ ერთხელ გზას აცდენილი მსჯელობის შედეგად, ახლა ყველა საქმე პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც კომენტარებში თქვენ სწერთ: კეთილსინდისიერ მფლობელს უზენაესი ქონებას უბრუნებს, მართლზომიერს კი უარს ეუბნება; აბა, მეტი აბსურდი განა ძალიან ძნელი წარმოსადგენი არ არის?

David Maisuradze

3 დღის წინ
შეფასება: 0++
ბატონო სანდრო, გმადლობთ მითითებისათვის. აუცილებლად დავუკავშირდებით 159-ე მუხლის კომენტარის ავტორს.
დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_159._კეთილსინდისიერი_მფლობელი&oldid=1541"