Gccc-logo.png


მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო


ბესარიონ ზოიძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულ წლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხო ლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.

2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.

I. ქმედუნარიანობის შეზღუდვის საფუძველი

1
16 I მუხლის მოქმედება ეხება სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს. თავისთავად ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება ვერ იქნება ქმედუნარიანობის შეზღუდვის საფუძველი. ქმედუნარიანობის შეზღუდვისათვოს მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა გავლენას ახდენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკული ნივთიერების მიღება. ბოროტად გამოყენების მაკვალიფიცირებელი ნიშანი ის არის, რომ პირი „ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს“. მძიმე მატერიალურ მდგომარეობას იწვევს ის ფაქტი, რომ სრულწლოვანი პირი თავის შემოსავლებს იყენებს არამიზნობრივად ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძენად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს ოჯახის არსებობისათვის აუცილებელი სახსრების გაფლანგვას, რაც ოჯახის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენებად კვალიფიცირდება. ამიტომაცაა, რომ მას ქმედუნარიანობა ეზღუდება მხოლოდ იმ ურთიერთობებში, რაც დაკავშირებულია აღნიშნული შემოსავლების განკარგვასთან. კერძოდ, 16 I 2 მუხლის თანახმად, „იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით.“ ამ შეზღუდვას აქვს პრევენციული მნიშვნელობა, ვინაიდან სრულწლოვანი პირი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ისეთი გარიგების დადებას, რაც შეიძლება მისი ოჯახისათვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ქმედუნარიანობის შეზღუდვის აღნიშნული გარემოებები, როგორიცაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და ოჯახის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენება, მიზეზშედეგობრივადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შეიძლება პირი იყენებდეს ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მაგრამ ამით ოჯახი არ ვარდებოდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში არც ქმედუნარიანობის შეზღუდვის საფუძველი იქნება. სასამართლო ვალდებულია ქმედუნარიანობის შეზღუდვის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასებისას დაადგინოს, აყენებს თუ არა ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში პირის მოქმედება, ვინაიდან თავისთავად ქმედება კი არაა კერძოსამართლებრივი შედეგის გამომწვევი, არამედ ქმედების ხასიათი, რაც კანონით განსაზღვრულ შედეგთან აუცილებელ მიზეზობრივ კავშირშია.
2
ქმედუნარიანობაშეზღუდულ პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს „წვრილმანი ყოფითი გარიგება.“ ამ გარიგებებს იგი დებს იმ საშუალებების გამოყენებით, რომელთა განკარგვაც, როგორც წესი, მზრუნველის თანხმობით ხდება. სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა „წვრილმანი ყოფითი გარიგების“ ცნებას. ასეთ გარიგებად უნდა ჩავთვალოთ პირის არსებობისათვის აუცილებელი მასობრივი, ყოველდღიური მოხმარების საგნების შესაძენად დადებული გარიგება (მაგალითად, სიგარეტის, კვების პროდუქტების და ა.შ. საგნების შეძენა). წვრილმანი გარიგების კატეგორიაში არსებითად ხვდება ბევრი ისეთი გარიგებაი, რომელთა დადების უფლებაც აქვთ ასაკის გამო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს.
3
ალკოჰოლისა და მსგავსი ნივთიერებების გამოყენების შედეგად ქმედუნარიანობაშეზღუდული პირი, თუკი დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში სხვა პირს მიაყენებს ზიანს, ამისათვის იგი პასუხს აგებს როგორც დელიქტუნარიანი პირი (996).
4
აღნიშნული ხასიათის ნორმას შეიცავს პოსტსაბჭოური ქვეყნების სამოქალაქო კოდექსები. ერთ დროს მას შეიცავდა გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც. ამ კატეგორიის ნორმის არსებობა თანამედროვე სამოქალაქო კოდექსებში საეჭვოდ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან ქმედუნარიანობაშეზღუდული პირი სრული ქმედუნარიანობის თვისებას ატარებს ყველა დანარჩენ ურთიერთობაში.

II. შეზღუდვის გაუქმება

5
ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება, თუკი პირი თავს დაანებებს ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას. შესაძლებელია პირი კვლავაც იყენებდეს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მაგრამ ამით თავის ოჯახს არ აყენებდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო აუქმებს ქმედუნარიანობის შეზღუდვას და შესაბამისად უქმდება მის მიმართ მზრუნველობა.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_16._ქმედუნარიანობის_შეზღუდვა_ალკოჰოლის_ან_ნარკოტიკული_ნივთიერებების_გამოყენების_გამო&oldid=927"