Gccc-logo.png


მუხლი 160. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 160. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია, ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

I. ზოგადი დებულებები

1

161-ე მუხლის მიზანია კეთილსინდისიერი მფლობელის დაცვა. ამ მოთხოვნას უწოდებენ პოსესორულ[1] მოთხოვნას, ვინაიდან მისი წარმოშობის საფუძველია მფლობელობა, როგორც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა.[2] პოსესორული მოთხოვნისგან განასხვავებენ პეტიტორულ[3] მოთხოვნას, რომელიც განსაზღვრული უფლებების (მაგალითად, სანივთო უფლებების, როგორიცაა საკუთრება) საფუძველზე წარმოიშობა. პრაქტიკაში იშვიათია შემთხვევა, როდესაც 160-ე მუხლი გამოიყენება სახელშეკრულებო ან სანივთო მოთხოვნის უფლებებთან ერთად.

II. მოთხოვნის წინაპირობები

1. უფლებამოსილი პირი

2

მოთხოვნის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირია კეთილსინდისიერი პირდაპირი მფლობელი (155, 159), მაგრამ არა მჭერი (155 II). კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს ნივთზე პირდაპირი მფლობელობა. მფლობელობის ხელშეშლის შემთხვევაში გამოიყენება 161-ე მუხლი. უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელია ამ მოთხოვნის მესამე პირისათვის დათმობა (199), ასევე, მემკვიდრეობით გადაცემა (1306).

2. ვალდებული პირი

3

მოთხოვნა უნდა მიემართებოდეს ნივთის ახლანდელ მფლობელს. თუ ახლანდელმა მფლობელმა ნივთი სხვა პირს გადასცა და იგი რჩება ნივთის არაპირდაპირ მფლობელად, მაშინ კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს არაპირდაპირი მფლობელობის მინიჭება.

3. მფლობელობის დაბრუნება

4

მოთხოვნის შინაარსი ჩამორთმეული მფლობელობის დაბრუნებაშია. ახლანდელი მფლობელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კეთილსინდისიერი მფლობელისათვის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის აღდგენა ისე, როგორც იგი არსებობდა მფლობელობის ჩამორთმევამდე. ნივთის კეთილსინდისიერი თანამფლობელის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს თანამფლობელობის აღდგენაზე. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ მოთხოვნის განხორციელების ვადა შეადგენს სამ წელიწადს.

III. მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა

5

160 II მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნა გამორიცხულია იმ შემთხვევაში, თუ ახალ მფლობელს აქვს ნივთის უკეთესი მფლობელობის უფლება. ასეთი უპირატესი უფლება შეიძლება ჰქონდეს მესაკუთრეს, თუ მისი საკუთრება არ არის დატვირთული რაიმე ვალდებულებითსამართლებრივი ვალდებულებით, მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულებით.[4] ეს გარემოება არ იწვევს მოწინააღმდეგე მხარის (ახლანდელი მფლობელის) შესაგებელს და, შესაბამისად, იგი სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის ინიციატივის გარეშეც უნდა გაითვალისწინოს. ნივთის ახლანდელი მფლობელის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკან დაბრუნების მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც, თუ მას აქვს უკეთესი ფლობის უფლება, მაგრამ ნივთი მოპოვებულ იქნა ახლანდელი მფლობელის მიერ ძალადობით ან მოტყუებით.

IV. მტკიცების ტვირთი

6

მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა იგი იყო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი მფლობელობის ჩამორთმევის მომენტში. მან ასევე უნდა დაამტკიცოს მოპასუხის ახლანდელი მფლობელობა.




  1. მფლობელობა (ლათ. possesio).
  2. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2009, გვ. 71.
  3. მოთხოვნის უფლება (ლათ. petitio)
  4. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2009, გვ. 73.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_160._კეთილსინდისიერი_მფლობელის_მიერ_უკანონო_მფლობელობიდან_ნივთის_უკან_დაბრუნების...&oldid=1545"