Gccc-logo.png


მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

I. ზოგადი დებულებები

1

161-ე მუხლიც, ისევე როგორც 160-ე მუხლი, წარმოადგენს ნივთის მფლობელის პოსესორულ მოთხოვნას, რომელიც არა მფლობელობის ჩამორთმევით, არამედ მის სხვაგვარად ხელშეშლით გამოიხატება. ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი. კეთილსინდისიერი მფლობელი, 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს. მაგალითად: დამქირავებელი, მოიჯარე ან მონათხოვრე.

II. ნორმის წინაპირობები

1. მფლობელობის ხელშეშლა

2

ნორმის წინაპირობაა მფლობელობის ხელშეშლა, რომელიც არ გამოიხატება მფლობელობის ჩამორთმევით. ხელშეშლა, ამ მუხლის თანახმად, უნდა გრძელდებოდეს და მას უნდა ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი. თუ საკუთრების ხელშეშლა განხორციელდა წარსულში და იგი დამთავრებულია, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება არ არსებობს.

2. ხელშეშლის უკანონობა

3

ხელშეშლის ქმედება განხორციელებული უნდა იყოს უკანონოდ. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ქმედების მართლწინააღმდეგობა. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, თუ არ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები, როგორებიცაა: აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა, თვითდახმარება და სხვ. ქმედება შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.

3. მოთხოვნის უფლების მფლობელი

4

მოთხოვნის უფლების მფლობელია კეთილსინდისიერი მფლობელი, მაგალითად, დამქირავებელი. შესაძლებელია მოთხოვნის უფლების დათმობა მესამე პირისათვის, მაგრამ ვინაიდან იგი, როგორც პოსესორული მოთხოვნა, ნივთის მფლობელობასთან განუყრელად არის დაკავშირებული, მოთხოვნის დათმობას თან უნდა სდევდეს მესამე პირზე მფლობელობის გადაცემაც.

4. მოთხოვნის უფლების მოვალე

5

მოთხოვნის უფლების მოვალე არის პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხელშეშლის ქმედებას. მოთხოვნის უფლების პოსესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი შესაძლებელია, მიმართული იყოს მესაკუთრის წინააღმდეგაც.

III. მოთხოვნის უფლების შინაარსი

6

კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. მოვალე ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეშლის აღკვეთა. მოთხოვნის უფლების მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება ზოგადი წესების თანახმად. მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია იმ შემთხვევაშიც, როცა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა შეუძლებელია.

IV. მტკიცების ტვირთი

7

მოსარჩელეს, კეთილსინდისიერ მფლობელს, ეკისრება მტკიცების ტვირთი, რადგან მოვალის მიერ განხორციელებულია მისი მფლობელობის ხელშეშლა.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_161._კეთილსინდისიერი_მფლობელის_მიერ_უკანონო_ხელშეშლის_აღკვეთის_მოთხოვნა&oldid=1547"