Gccc-logo.png


მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.

3. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა განსაზღვრავს კეთილსინდისიერი მფლობელის (159) უფლებებსა და მოვალეობებს. ნორმა წარმოადგენს კეთილსინდისიერი მფლობელის ნივთის დაკავების უფლებას, ვინაიდან ნორმა მას ანიჭებს უფლებამოსილებას, არ დააბრუნოს ნივთი, ვიდრე არ იქნება მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებული.

II. ნივთის დაბრუნების ვალდებულება (162 I)

2

კეთილსინდისიერი მფლობელის ნივთის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ მას თავიდანვე არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება, ან მან დაკარგა ეს უფლება. მაშასადამე, ნორმის რეგულირების სფეროში მოიაზრება არამართლზომიერი მფლობელობის[1] შემთხვევები. მაგალითად, ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირი ახორციელებს მფლობელობას, არ არის ნამდვილი, ან იგი ბათილად იქნა ცნობილი ნივთის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ. უფლებამოსილი პირი შესაძლებელია იყოს როგორც მესაკუთრე, ასევე მართლზომიერი მფლობელი. ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის კეთილსინდისიერ მფლობელს იმ მომენტამდე, სანამ მას ნივთის დაბრუნების მოთხოვნა არ ექნება წაყენებული.[2]

III. კეთილსინდისიერი მფლობელის ანაზღაურების მოთხოვნა (162 II)

3

კეთილსინდისიერ მფლობელს ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლებასთან ერთად შეუძლია, უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ნივთის გაუმჯობესება და ხარჯების ანაზღაურება. ნივთზე გაწეულ ხარჯებში იგულისხმება აუცილებელი ხარჯები, რომელთა გაწევის ვალდებულება ნივთის მესაკუთრეს ექნებოდა. მაგალითად, ასეთ ხარჯებად უნდა მივიჩნიოთ ნივთის სუბსტანციის ან ვარგისიანობის შესანარჩუნებლად გაწეული ხარჯები.[3] ამასთან, კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ გაწეული ხარჯები არ უნდა იყოს ნივთის სარგებლობით ან მისგან მიღებული ნაყოფით კომპენსირებული. მაშასადამე, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასა და ნივთის სარგებლობასა და მისგან მიღებული ნაყოფის ღირებულებას შორის უნდა არსებობდეს ურთიერთშეფარდება. ამ პროცესში გამოიქვითება კეთილსინდისიერი მფლობელის ბრალეულობით მიუღებელი შემოსავალი.

IV. დაკავების უფლება

4

163 III მუხლი უფლებას ანიჭებს კეთილსინდისიერ მფლობელს, არ დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს, ვიდრე არ იქნება ანაზღაურებული მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯები. მფლობელს ეკისრება მტკიცების ტვირთი გაწეული ხარჯების შესახებ.




  1. ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 76.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 163, გვ. 66.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 162, გვ. 67.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_163._არაუფლებამოსილი_კეთილსინდისიერი_მფლობელის_მოვალეობა&oldid=1553"