Gccc-logo.png


მუხლი 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).

2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან, თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუ- თვნოდა.

I. ზოგადი დებულებები

1

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როგორც წესი, ხანდაზმულობა წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელს და იგი მხარეებს შორის არსებულ მატერიალურსამართლებრივ მდგომარეობას არ ცვლის. 165-ე მუხლი არის ის გამონაკლისი ნორმა, როდესაც დროის გასვლა იწვევს უფლების წარმოშობას. შესაბამისად, ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, ნივთზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით კანონმდებლის არასწორი არჩევანია. 186-ე და 187-ე მუხლების საფუძველზე მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის შემთხვევაში, დროის ფაქტორს არა აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა, რადგან შემძენის კეთილსინდისიერება მხოლოდ ნივთის გადაცემამდე უნდა იყოს სახეზე და არა გადაცემის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, 165-ე მუხლის საფუძველზე საკუთრების შეძენა არ არის ცენტრალური ნორმა – იგი მხოლოდ გაურკვეველი სამართლებრივი ურთიერთობების გამარტივებისა და დარეგულირების საშუალებაა.[1] ეს ინსტიტუტი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეძენას აკლია შეძენისათვის აუცილებელი სამართლებრივი ძალის მქონე ერთ-ერთი წინაპირობა.[2]

II. ნორმის გამოყენების სფერო

2

მფლობელობით ხანდაზმულობის გამოყენების სფერო მოიცავს ორ ძირითად შემთხვევას: პირველ შემთხვევაში სახეზეა ცდომილება საკუთრე ბის შეძენის პროცესში და მისი გადალახვა შეუძლებელია შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტით. მაგალითად, როდესაც ნივთის მესაკუთრე არის ქმედუუნარო პირი ან შეზღუდულია მესაკუთრის მიერ ნივთის განკარგვის უფლებამოსილება. ამ მუხლის მნიშვნელოვანი გამოყენების სფეროა ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრემ ნივთი დაკარგა, მას მოჰპარეს ან მისი ნების საწინააღმდეგოდ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან (187 II).

3

მფლობელობითი ხანდაზმულობის სხვა შემთხვევაა ისეთი ვითარება, როდესაც ნივთის მფლობელი თავს ნივთის მესაკუთრედ მიიჩნევს, რადგან მისთვის ცნობილი არ არის ნივთზე საკუთრების ურთიერთობა. მაგალითად, მემკვიდრის მიერ იმ ნივთის განკარგვა, რომელიც მამკვიდრებელს სხვა პირისგან ჰქონდა ნათხოვარი.[3]

III. ნორმის შემადგენლობა

1. მოძრავი ნივთი

4

165-ე მუხლის საფუძველზე მფლობელობით საკუთრების მოპოვების ობიექტი არის მხოლოდ მოძრავი ნივთი. შესაბამისად, გამორიცხულია ამ ნორმის გამოყენება უძრავ ნივთებსა და მათ არსებით შემადგენელ ნაწილებზე. ნორმა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მოძრავი ნივთის საკუთვნებელზეც.

2. ნივთის ფლობა, როგორც საკუთარისა

5

პირი ნივთს უნდა ფლობდეს როგორც საკუთარს. შესაძლებელია, რომ მას ჰქონდეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობა. ნივთის საკუთრივ ფლობა არ არის გარიგება და, გამომდინარე აქედან, საკმარისია პირის ბუნებრივი ნებელობა და არა ქმედუნარიანობა.

3. ნივთის ფლობის უწყვეტობა

6

ნივთის მფლობელი უნდა ფლობდეს ნივთს უწყვეტად ხუთი წლის განმავლობაში. უწყვეტი, მუდმივი მფლობელობა გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ერთხელ დაწყებული მფლობელობა არ უნდა იქნეს შეწყვეტილი ან მიტოვებული. შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს იურიდიულმა ან ფაქტობრივმა გარემოებებმა.[4] მფლობელობა შეწყდება იურიდიულად მესაკუთრის სავინდიკაციო სარჩელის წარდგენის გზით, ან, თუ მესაკუთრე ნივთის მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას 168-ე მუხლის საფუძველზე. ვადის გამოთვლისას გამოიყენება 121-ე-127-ე მუხლები.

4. ნივთის მფლობელის კეთილსინდისიერება

7

165 II მუხლის თანახმად, გამორიცხულია ნივთის შეძენა მფლობელობითი ხანდაზმულობით, თუ ნივთის მფლობელი მას არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა. მაშასადამე, მფლობელის კეთილსინდისიერება მოითხოვება მთელი ხანდაზმული მფლობელობის განმავლობაში და არა მხოლოდ მფლობელობის მოპოვების მომენტში.[5] შესაბამისად, არაკეთილსინდისიერია ნივთის ის მფლობელი, რომელიც მფლობელობის მოპოვების მომენტში აცნობიერებდა ნივთის ფლობის არამართლზომიერებას, ან საჭირო გულმოდგინების შემოწმების საფუძველზე შეეძლო საკუთარი უფლებამოსილების ნაკლის დადგენა (159). ამ შემთხვევაში, საჭიროა არა მხოლოდ უფლებამოსილების ნაკლის გამომწვევი გარემოებების დადგენა, არამედ მათი შესაბამისი შეფასებაც. ნორმა არ განსაზღვრავს პირის ვალდებულებას, დამატებით გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოებები და, შესაბამისად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია, მოეთხოვოს პირს გარემოებების გამოსაკვლევად დამატებითი ქმედებების განხორციელება. მაგალითად, თუ ნახატზე არსებობს მუზეუმის სიგნატურის წაშლილი კვალი ან ცნობილი მხატვრის ნახატი დაბალ ფასში იყო შემოთავაზებული. მსგავს შემთხვევებში, შესაძლებელია, პირს მოეთხოვოს გარემოებების გამოკვლევა, მაგალითად, კულტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურში გადამოწმება.

IV. სამართლებრივი შედეგები

8

მფლობელობითი ხანდაზმულობის სამართლებრივი შედეგი არის საკუთრების მოპოვება. 195-ე მუხლისაგან განსხვავებით, ნორმა არ განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობას. სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გარიგების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლებასთან კონკურენციის საკითხი. თუ პირი, გარიგების თანახმად, ვალდებულია, გადასცეს ან დააბრუნოს ნივთი, მას არ შეუძლია, მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების მოპოვებაზე მიუთითოს. მაგალითად, მამკვიდრებლისათვის ნათხოვარი ნივთის მესაკუთრეს შეუძლია, თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვოს მემკვიდრისგან ნივთი.

V. მტკიცების ტვირთი

9

მფლობელმა უნდა დაამტკიცოს ნივთის ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად, როგორც საკუთარის, მფლობელობა. მფლობელის არაკეთილსინდისიერება არის ის შესაგებელი, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარემ უნდა წარუდგინოს.




  1. Baldus, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 937, Rn. 2.
  2. ქოჩაშვილი, მფლობელობისა და საკუთრების ურთიერთდამოკიდებულება, „სამართლის ჟურნალი“, 1/2011, გვ. 122.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 165, გვ. 73.
  4. ქოჩაშვილი, მფლობელობისა და საკუთრების ურთიერთდამოკიდებულება, „სამართლის ჟურნალი“, 1/2011, გვ. 127.
  5. ქოჩაშვილი, მფლობელობისა და საკუთრების ურთიერთდამოკიდებულება, „სამართლის ჟურნალი“, 1/2011, გვ. 125; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის # ას-995- 1273-09 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_165._მოძრავ_ნივთებზე_საკუთრების_შეძენა_ხანდაზმულობით&oldid=1559"