Gccc-logo.png


მუხლი 167. უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 167. უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

I. ნორმის მიზანი

1

მუხლის მიზანია, თავიდან აიცილოს საკუთრების უფლებისა და რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთწინააღმდეგობა, რის შედეგად, რეესტრში რეგისტრირებული არამესაკუთრე მოიპოვებს უძრავ ნივთზე საკუთრებას. რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ მოქმედებს 312-ე მუხლის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მიწის ნაკვეთზე ან სხვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების არშეძენის მაგალითია სამკვიდრო ქონების მიღება ბათილი ანდერძის საფუძველზე. ნორმა მოქმედებს, ასევე, არაკეთილსინდისიერი მფლობელის სასარგებლოდ და, შესაბამისად, არ გამოიყენება 159-ე მუხლი.

II. ნორმის წინაპირობები

1. უძრავი ნივთები

2

ნორმა გამოიყენება მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, აღნაგობა.

2. რეგისტრაცია

2

უძრავი ნივთის მფლობელი რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს მესაკუთრედ ან თანამესაკუთრედ. რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე და ნივთის მფლობელი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს. თუ ნივთის მფლობელი რეგისტრირებულია თანამესაკუთრედ, მაშინ იგი მოიპოვებს საკუთრებას თანასაკუთრების წილზე.

3. ნივთის, როგორც საკუთარის, მფლობელობა

3

რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე უძრავ ნივთს უნდა ფლობდეს როგორც საკუთარს. მხოლოდ ასეთი მფლობელის სასარგებლოდ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მფლობელის კეთილსინდისიერება, როგორც 165-ე მუხლის წინაპირობა, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს სახეზე.

4. დროში უწყვეტად ფლობა

4

უძრავი ნივთის მფლობელობა და მფლობელის მესაკუთრედ რეგისტრაცია უნდა არსებობდეს უწყვეტად თხუთმეტი წლის განმავლობაში. მფლობელობის ვადის დენის შეჩერება კანონით რეგულირებული არ არის. მფლობელობის მოკლე დროით შეწყვეტა საკმარისია ამ ნორმის სამართლებრივი შედეგების უარსაყოფად.

5. სამართლებრივი შედეგები

5

რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას კანონის ძალით (იპსო ჯურე). ნივთის მესაკუთრის მოთხოვნის უფლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების თანახმად უსაფუძვლოა, რადგან საკუთრების მოპოვება კანონის ძალით მოიცავს სამართლებრივ საფუძველსაც.[1] გარდა ამისა, უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნა ხანდაზმული იქნება.

III. მტკიცების ტვირთი

6

167-ე მუხლი მოქმედებს რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ უნდა გააბათილოს მფლობელობითი ხანდაზმულობის შემადგენლობის ნიშნები. რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს არ ევალება ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდის დამტკიცება 166-ე მუხლის მიხედვით.




  1. Kohler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 900, Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_167._უძრავ_ნივთებზე_საკუთრების_შეძენა_ხანდაზმულობით&oldid=1563"