Gccc-logo.png


მუხლი 168. ნივთის მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის პრეტენზიის გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 168. ნივთის მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის პრეტენზიის გამო


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით განსაზღვრავს მფლობელობის შეწყვეტის საფუძველს მესაკუთრის მიერ მფლობელისათვის დასაბუთებული Pრეტენზიის წარდგენის გზით. ნორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკუთრების შეძენითი ხანდაზმულობის შემთხვევებისათვის, ვინაიდან 165-ე, 167-ე მუხლების გამოყენების წინაპირობა არის ნივთზე მფლობელობის უწყვეტობა. შესაბამისად, ნორმა გავლენას ახდენს საკუთრების უფლების სამართლებრივი შედეგების დადგომაზე. მესაკუთრის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენა გამოიწვევს ნივთის მფლობელის არაკეთილსინდისიერებას (165 მუხლი: თუ მფლობელმა „მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა“). საპირისპირო დასკვნის თანახმად, მესაკუთრის უმოქმედობა გამოიწვევს მფლობელობის ლეგიტიმაციას მესაკუთრის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

II. ნორმის წინაპირობები

2

ნორმის წინაპირობაა მესაკუთრის მიერ მფლობელისათვის პრეტენზიის წაყენება. დაზუსტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება მესაკუთრის პრეტენზიაში.

1. მესაკუთრის პრეტენზია

3

თავისთავად ცხადია, რომ, 138-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის მიერ სარჩელის შეტანა სასამართლოში გამოიწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარის მიერ დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართული საშუალება ვარგისი იყო შესაბამისი შედეგის მისაღწევად და სასამართლო წარმოებაში მიიღებს სასარჩელო განცხადებას.[1] 168-ე მუხლის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისი ადგილი სამოქალაქო კოდექსში მიუთითებს იმაზე, რომ ნორმა განხილულ უნდა იქნეს მფლობელის კეთილსინდისიერებასთან მჭიდრო კავშირში. ნორმის მიზანია, მფლობელმა არ მიიღოს სარგებელი ნივთზე საკუთრების მოპოვების სახით, თუ მისთვის ცნობილი გახდა მფლობელობის უფლებამოსილების ნაკლი. კანონმდებლის გადაწყვეტილებით, 168-ე მუხლი არის დამატებითი სამართლებრივი საშუალება, დაცულ იქნეს მესაკუთრის უფლება და თავიდან იქნეს აცილებული მფლობელის მიერ ნივთზე საკუთრების მოპოვება. შესაბამისად, მესაკუთრის პრეტენზია გულისხმობს არა სასარჩელო წარმოების გზით მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვას, არამედ მფლობელის შეტყობინებას, რომ იგი ნივთს არაკეთილსინდიერად ფლობს. ეს დასკვნა გამომდინარეობს 165-ე მუხლიდან: მფლობელმა „...მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა“.

2. მფლობელობის უწყვეტობა

4

მართალია, ნორმა არ მიუთითებს მფლობელობის უწყვეტობაზე, მაგრამ ეს წინაპირობა გამომდინარეობს საკუთრების შეძენითი ხანდაზმულობის 165-ე, 167-ე მუხლებიდან.[2] ამასთან, 166-ე მუხლის თანახმად, „თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც“.

III. სამართლებრივი შედეგი

5

ნორმის თანახმად, მესაკუთრის მიერ მფლობელისათვის პრეტენზიის წაყენება გამოიწვევს მფლობელობის შეწყვეტას. იურიდიულ ლიტერატურაში[3] გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ნორმის სამართლებრივი შედეგი სამოქალაქო კოდექსში ქართულ ენაზე არასწორი თარგმანის გზით აღმოჩნდა და ნორმის გერმანულ რედაქციაში მითითებულია არა მფლობელობის შეწყვეტა, არამედ „მფლობელობის სამართლებრივი ძალის შეწყვეტა“ („Die Wirkung des Besitzes“),, ვინაიდან მფლობელობა, როგორც პირის ფაქტობრივი ბატონობა ნივთზე, არ შეიძლება შეწყდეს მესაკუთრის თუნდაც საფუძვლიანი პრეტენზიის წაყენებით, რადგან მესაკუთრის პრეტენზია გამოიწვევს მფლობელობის არამართლზომიერებას.[4] 168-ე მუხლის სამართლებრივი შედეგი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაა და არა მფლობელობისა, როგორც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტა.[5] შესაბამისად, დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა გამოიწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას (141), რაც მფლობელის მიერ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას დააბრკოლებს. შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელობა გაგრძელდება, იგი ჩაითვლება ხელმეორედ წარმოშობილად და მოცემული იქნება ახალი მფლობელობა 165-ე, 167-ე მუხლებით გათვალ ისწინებული სახით.[6]




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის № ას-960-909-2015 გადაწყვეტილება.
  2. ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 93.
  3. იქვე, გვ. 87.
  4. იქვე.
  5. მარიამიძე, www.gccc.ge, შენიშვნა 168-ე მუხლის კომენტარზე; განსხვავებული მოსაზრება: შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 103.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, გვ. 80.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_168._ნივთის_მფლობელობის_შეწყვეტა_მესაკუთრის_პრეტენზიის_გამო&oldid=1567"