Gccc-logo.png


მუხლი 17. სახელის უფლება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 17. სახელის უფლება


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს.

2. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ.

3. სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. პირი მოვალეა მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებანი

1

სახელის უფლება ზოგადი პიროვნული უფლების ერთ-ერთი გამოვლინებაა და იგი პიროვნულობის განუყოფელ ელემენტს შეადგენს.[1] პირს გააჩნია უფლებამოსილება, ყველა სხვა სუბიექტს თავისი სახელის აღიარება და მისი ხელყოფისგან თავის შეკავება მოსთხოვოს.[2] სახელი წარმოადგენს ანბანის ასოებისგან შემდგარ სიტყვას, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ორგანოში პირის იდენტიფიცირების მიზნით და რომელიც განასხვავებს მას სხვა პირებისგან.[3] სახელის უფლება კონსტიტუციურ დონეზე დაცული უფლებაა. მის საკონსტიტუციო საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლში გაწერილი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ფარგლებშიც პირს უფლება აქვს საკუთარ სახელზე.[4]

2

ფიზიკური პირის სახელად ციფრების, გეომეტრიული ფიგურების, სასვენი ნიშნების, გრაფიკული გამოსახულების, სიმბოლოების, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვების ან მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისგან შემდგარი) სახელის განსაზღვრა დაუშვებელია.[5]

3

თანამედროვე ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად სახელმა შეიძინა ელექტრონულ სივრცეში (ინტერნეტში) ინდივიდუალიზების ფუნქცია.[6] ადამიანთა უმეტესობას, სახელიდან გამომდინარე, აქვს შექმნილი ელექტრონული ფოსტა, რომლის საშუალებითაც ერთმანეთთან სხვადასხვა სახის კონტაქტს ამყარებენ.

II. სახელის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის მნიშვნელობა

1. სახელის შეძენა

4

ფიზიკურმა პირმა სახელი შეიძლება შეიძინოს დაბადებით, ქორწინებით ან/და სახელის შეცვლის საფუძველზე.[7] ჩამოთვლილთაგან სახელის შეცვლის ყველაზე გავრცელებული საშუალება ფიზიკური პირის დაბადებაა, რომლის დროსაც, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვის სახელს მისი მშობლები ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ (1194).[8] ბავშვს გვარი მიეცემა მშობლების გვარის მიხედვით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ, შვილს დედის ან მამის გვარი, ან მშობლების შეთანხმებით შეერთებული გვარი მიენიჭება (1195).

5

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაბადების შემდეგ მშობელმა არ მიანიჭა სახელი და გვარი (არ დაარეგისტრირა ფიზიკურ პირად შესაბამის ორგანოში) და თუ სასამართლოს გზით იგი აღიარებულია მიტოვებულად (11931 და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი), მაშინ ამ უკანასკნელს სახელსა და გვარს ანიჭებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო,[9] რომელმაც მიმართვაში უნდა ჩაწეროს ბავშვის სახელი და გვარი („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი).

6

თუ უფლებამოსილი პირი ბავშვს არ მიანიჭებს სახელს, მაშინ აღნიშნული პრეროგატივა ენიჭება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ბავშვის სქესიდან გამომდინარე, დამახასიათებელი სახელებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

7

გვარის შეძენის (გვარის შეცვლის საფუძველზე) საშუალებაა ქორწინება, როდესაც მეუღლეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის საფუძველზე ერთ-ერთ მეუღლეს გააჩნია უფლებამოსილება, აირჩიოს საკუთარი გვარი, ან საკუთარი და მეუღლის გაერთიანებული გვარისგან ერთობლივი გვარი.

8

სახელის შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ასევე სახელის შეცვლა, რომელიც აუცილებელია განხორციელდეს ნებაყოფლობით,[10] საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.[11] სახელის შეცვლისთვის არ არის მნიშვნელოვანი განმცხადებლის მოტივაციის დადგენა და სურვილი, მთავარია, იგი შეესაბამებოდეს მოქმედ საკანონმდებლო წესს.[12]

2. განსხვავება სახელსა და სახელწოდებას შორის

9

სახელის, ისევე როგორც სახელწოდების არჩევისას მისი მომავალი მატარებელი (იურიდიული პირის შემთხვევაში — დამფუძნებელი) თავისუფალია,[13] გარდა გარკვეული გამონაკლისისა. მაგალითად, ორ არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს არ შეიძლება გააჩნდეს ერთი და იგივე სახელი,[14] რაც არ ვრცელდება კომერციულ იურიდიულ პირებზე[15] და სხვ. განსხვავებით სახელისგან, იურიდიული პირის იდენტიფიკაციის საშუალებას სახელწოდება წარმოადგენს.[16] იგი განხილულ უნდა იქნეს იურიდიული პირის დასახელების ან კონკრეტული ბრუნვაუნარიანი პროდუქტის, ასევე კონკრეტულ სფეროში არსებული ობიექტის გამიჯვნის საშუალებად. სახელწოდება იურიდიული პირის ქონებას წარმოადგენს,[17] ხოლო სახელი — ფიზიკური პირის ქონებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

10

სახელის დარად, სახელწოდების გამოყენება ხორციელდება ნებისმიერ სფეროსა და სამართლის ნებისმიერ დარგში. მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ საკუთარი სახელწოდება, რომლითაც ხდება მათი ერთმანეთისგან განსხვავება.[18] ასეთი სახელწოდების არარსებობის შემთხვევაში, რეალურად პრობლემა შეექმნებოდა ისეთ ძირითად უფლებას, რომელსაც პიროვნების საარჩევნო უფლება ჰქვია, ვინაიდან მისთვის რთული იქნებოდა ერთმანეთისგან გაემიჯნა კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების მქონე დაჯგუფებები.[19]

III. 17 I სახელის განმარტება

1. სახელი და გვარი

11

ფიზიკური პირის სახელს „სამოქალაქო სახელსაც“ უწოდებენ.[20] თანამედროვე ქართულ სახელში ეროვნული ანთროპონიმიკის ისტორიაში გაბატონებული ორწევრიანი სისტემა აისახა,[21] რაც, თავის მხრივ, ქრისტიანულ ტრადიციებს შეესაბამება[22] და რომლის მიხედვითაც, პირის იდენტიფიკაციის ძირითად საშუალებას სახელისა და გვარის ქონის უფლება წარმოადგენს.[23]

12

სახელისა და გვარის ტარების უფლება თავის მხრივ გარკვეულ მოვალეობასაც წარმოადგენს,[24] ვინაიდან აღნიშნულის მიმართ მოქმედებს სახელმწიფო და სოციალური ინტერესები.[25]

2. ბავშვისთვის სახელის დარქმევის ვალდებულება

13

1990 წლის 2 სექტემბრიდან ძალაში შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. აღნიშნული კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვს დაბადებიდანვე უნდა ჰქონდეს სახელი და გვარი, რაც, თავის მხრივ, მშობლების მოვალეობას წარმოშობს, სახელის დარქმევის კუთხით.[26]

3. ფსევდონიმი

14

ფსევდონიმი, ისევე როგორც სამოქალაქო სახელი, ინდივიდუალიზების საშუალებას წარმოადგენს.[27] ფსევდონიმის დაცვის უფლება პირს გააჩნია მას შემდეგ, თუ იგი საყოველთაოდაა ამ ფსევდონიმით ცნობილი.[28] ფსევდონიმი არ გულისხმობს სამოქალაქო სახელის შეცვლას, თუმცა იგი ანიჭებს მის მატარებელს შესაძლებლობას, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა იმავე სახით, რაც სამოქალაქო სახელის შემთხვევაშია გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ მე-17 მუხლი ფსევდონიმზე არ საუბრობს, აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტი მოწესრიგების გარეშე არ რჩება, ვინაიდან მისი სამართლებრივი წინაპირობები განსაზღვრულია სპეციალური კანონით.[29]

15

ფსევდონიმზე ვრცელდება ზოგიერთი ისეთი სახის უფლებამოსილება, რაც პირს სამოქალაქო სახელიდან გამომდინარე გააჩნია. მაგალითად, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, რომელიც პირად საიდუმლოებას ეხება.[30] აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ფსევდონიმის დროს, ისევე როგორც სამოქალაქო სახელისას, ხდება პირის იდენტიფიცირება და მათ შორის განსხვავება მხოლოდ დასახელებასა და განსხვავებულ სახელწოდებაშია.[31] ამასთან, სახელის უფლებისგან განსხვავებით, ფსევდონიმს შეიძლება რამდენიმე პირი ერთობლივი საქმიანობისთვის იყენებდეს.[32] ასეთის არსებობისას, მისი დაცვა ხდება ერთი ფიზიკური პირის მიერ ფსევდონიმის ტარების სამართლებრივი ნორმების დაცვის გათვალისწინებით.

16

ფსევდონიმით ნაწარმოების გამოცემისას ავტორის უფლებების დაცვა ხდება გამომცემლის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტორმა თავისი სახელი არ გამოააშკარავა.[33] ფსევდონიმი, ისევე როგორც ავტორობის უფლება, წარმოადგენს პირის პირად არაქონებრივ უფლებას, რომლის განკარგვაც შეუძლებელია. მან შეიძლება უარი თქვას, მაგალითად, ფსევდონიმზე,[34] თუმცა უფლების დატვირთვის თვალსაზრისით მას მხოლოდ ქონებრივი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია.

4. ნათლობის სახელი, არაოფიციალური საკუთარი სახელი და ზედმეტსახელი

17

არაოფიციალურია საკუთარი სახელი, რომელიც არც ფსევდონიმს წარმოადგენს და არც სამოქალაქო სახელს.[35] იგი შეიძლება უკავშირდებოდეს ნათლობას ან მშობლების სურვილს, დაუძახონ შვილს განსხვავებული სახელი.[36] აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობს ტრადიციებიდან, რომლის საფუძველზეც პირს მიეცემა ე.წ. „მეორე სახელი“.[37] სამოქალაქო სახელისგან განსხვავებით, იგი არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს. ასეთი სახელი ძირითადად ჟღერადობის, შემოკლებისა და სხვა ფაქტების გამოა შერქმეული.

ნათლობის სახელი ასევე განსხვავდება სამოქალაქო სახელისაგან. საეკლესიო კანონის საფუძველზე, არ არის სავალდებულო, პირი მხოლოდ წმინდანის სახელზე მოინათლოს,[38] თუმცა რელიგიური ადათის გათვალისწინებით, ისეთი სახელის დარქმევა, რომელიც ცნობილ წმინდანს ან დღესასწაულს უკავშირდება, რეკომენდებულია.[39] თუნდაც პიროვნებას სამოქალაქო სახელისგან განსხვავებით, სხვა ნათლობის სახელი ჰქონდეს, სამართლებრივი ურთიერთობისთვის სწორედ სამოქალაქო სახელის გამოყენება იქნება სავალდებულო.

18

ზედმეტსახელი გამოიყენება ფიზიკური პირის სამოქალაქო სახელისგან განსხვავებული, იდენტიფიკაციის საშუალების მქონე არაოფიციალური მიმართვის ფორმის მიზნით. ზედმეტსახელი არ ეთითება რომელიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტში (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებში), თუ იგი საქმის ვითარებასთან ოფიციალურ კავშირში არ არის.[40]

5. წოდება, ტიტული

19

ნებისმიერი სახის წოდება ან ტიტული (აკადემიური ან სხვ.) არ წარმოადგენს სამოქალაქო სახელის შემადგენელ ნაწილს.[41] სპეციალური ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოში არ ხდება მისი დართვა პირადობის დამადასტურებელ ან სხვა ოფიციალურ დოკუმენტზე. აღნიშნული მოწესრიგება განსხვავდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკისგან, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, დოქტორის, პროფესორის და სხვ. რეგალიის მითითება სახელის წინ შესაბამისი სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაძლებელია.[42] ამასთან, პირის სტატუსიდან ან ტიტულიდან გამომდინარე შესაბამისი მოთხოვნის დაყენება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და მას არ გააჩნია დაცვის მექანიზმი მე-18 მუხლის მიხედვით. აღნიშნულს განაპირობებს ამ საკითხის მხოლოდ საზოგადოებრივი ეთიკის შემადგენელ ნაწილად კუთვნილება.[43]

6. სასულიერო სახელი

20

სასულიერო სახელი, რომელიც სასულიერო პირებს შეიძლება მიენიჭოს, ასევე არ წარმოადგენს სამოქალაქო სახელის ანალოგს. თუმცა, განსხვავებით სამოქალაქო სახელის მატარებელი პირისგან, სასულიერო სახელის მქონე პირზე ვრცელდება გარკვეული გამონაკლისი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-2 მუხლიდან გამომდინარეობს, რომლითაც საეკლესიო საიდუმლოების (სასულიერო პირისთვის განდობილი ინფორმაციაა) დაცვაა განსაზღვრული. აღნიშნული თავის მხრივ, ასახვას პოვებს ცალკეულ სამართლებრივ ნორმებში. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოწმედ ყოფნის ვალდებულება არ გააჩნია იმ სასულიერო პირს, რომლისთვისაც კონკრეტული გარემოება აღსარების ან სხვაგვარად განდობის საფუძველზე გახდა ცნობილი.

7. ვებგვერდის სახელწოდება

21

ვებგვერდი თანამედროვე მსოფლიოში კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლებლობაა.[44] როგორც წესი, ვებგვერდის შექმნისთვის პირი ხელმძღვანელობს საკუთარი სამოქალაქო სახელით, ფსევდონიმით, საფირმო ან მასთან იდენტიფიკაციის მქონე სხვა სახელწოდებით. ვებგვერდის შექმნა შეუძლებელია ე.წ. „დომეინის გარეშე“, რომელიც ინტერნეტში ტექნიკური მისამართის ერთ-ერთი სახეობაა.[45] თავის მხრივ, დომეინ- თან ერთად, ვებგვერდის მისამართი (სახელწოდება), სამოქალაქო სახელისგან განსხვავებით, მაშინ იღებს სამართლებრივ დატვირთვას, როდესაც მას გარდა მისამართისა, გააჩნია შემდეგი სახის ნიშნები: სახელწოდების წინ ერთვის — „www“ და სახელის შემდეგ „gw“, „com“, „edu.ge“[46] ან სხვ.[47] ისევე, როგორც სამოქალაქო სახელის შემთხვევაში, ვებგვერდის სახელწოდების უფლებაზეც ვრცელდება მე-12 მუხლით გათვალისწინებული პირობები და შესაბამისი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, მის მფლობელს უფლება გააჩნია კოდექსით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე მოახდინოს უფლების დაცვა.

IV. 17 II სახელის შეცვლა

22

სახელის შეცვლის უფლება ფიზიკურ პირს გააჩნია დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან უნდა მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.[48] დასაბუთებულ განცხადებაში იგულისხმება ნებისმიერი სახის მოტივაცია, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

23

ასეთი სახის დასაბუთება შეიძლება იყოს ქორწინებისას გვარის შეცვლის თაობაზე დაყენებული მოთხოვნა. კერძოდ, მეუღლის გვარზე გადასვლა ისე, რომ მეუღლის მხოლოდ გვარი შეიძინოს მეორე მეუღლემ[49] ან კანონით განსაზღვრული წესების დაცვით მოახდინოს ორივე გვარის ერთდროულად დარეგისტრირება.

1. სახელის შეცვლის უფლების საკანონმდებლო მოწესრიგება

24

სახელის შეცვლა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სახელად ციფრების, გეომეტრიული ფიგურების, სასვენი ნიშნების, გრაფიკული გამოსახულების, სიმბოლოების, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვების ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისგან შემდგარ) სახელს ირჩევს („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).

25

გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირს სახელის შეცვლის უფლება მხოლოდ ერთხელ გააჩნია. უშუალოდ სახელისგან განსხვავებით, გვარის არჩევის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით განსაზღვრულია ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც, პირს შეუძლია მიიღოს ახალი გვარი, თუ იგი წარმოადგენს: ა) პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარს; ბ) მშობელთა შეერთებულ გვარს; გ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარს; დ) მშვილებლის გვარს; ე) მეუღლის გვარს; ვ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებულ გვარს („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი). ჩამოთვლილთაგან უკანასკნელ შემთხვევაში გამოიყენება „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, საქართველო უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს ცნობს[50] და შესაბამისი პირის მიერ უცხო ქვეყანაში სახელის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებანი, სასამართლო შუამდგომლობას აღსასრულებლად მიაქცევს.[51]

2. სახელის შეცვლა მშვილებლის მოთხოვნით

26

ნაშვილებისთვის სახელისა და გვარის მინიჭება მშვილებლის თხოვნით ხორციელდება (1257). „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი მშვილებლის მოთხოვნით იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განპირობებულია კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ბავშვი 10 წელს მიღწეულია. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს უშუალოდ ბავშვის მოსაზრება (თანხმობა, 1257 II). ბავშვის სურვილის გაზიარება ხდება მაშინაც, როდესაც შვილად აყვანის გაუქმების შემთხვევაში სასამართლოს მიერ შვილად აყვანისას ბავშვისთვის მიკუთვნებული სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მისაღები.

3. შვილის გვარის გამოცვლა

27

შვილისთვის გვარის გამოცვლა, რომელიც მშობელთან ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ დარჩა, შესაძლებელია სასამართლო გზით, შვილის ინტერესის შესაბამისად (1196 II). აღნიშნული თავის თავში გულისხმობს ობიექტური გარემოებების არსებობას, რომელიც განმცხადებლის მიერ სასამართლოში უნდა იქნეს დასაბუთებული. მშობლის სურვილი, შვილისთვის გვარის გამოცვლის აუცილებლობის თაობაზე, ვერ გახდება მტკიცებულების საგანი და მისი გაზიარებისგან ასეთ შემთხვევაში სასამართლო თავს შეიკავებს.[52]

V. 17 III უფლებამონაცვლეობა სახელის შეცვლისას

28

სახელის შეცვლის შემთხვევაში, პირი ხდება ადრინდელი სახელის მქონე პირის უფლებამონაცვლე და არა სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, სახელის ცვლილება არ წარმოადგენს ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებას. მისი გათვალისწინება დაუშვებელია ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხითაც, ვინაიდან შესრულების შეუძლებლობის სამართლებრივი ინსტიტუტი უშუალოდ ქმედების განხორციელების შეუძლებლობას გულისხმობს და არა მისი მონაწილე მხარის მიერ შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ახლიდან ჩამოყალიბებას.

1. უფლება-მოვალეობების შენარჩუნების ფაქტორი

29

სახელის შეცვლით არ იცვლება სამართლებრივი ინსტიტუტის შინაარსი. მაგალითად, თუ პირს დადებული აქვს ხელშეკრულება და ნაკისრი აქვს ვალდებულება, შესაბამისი ქმედების განხორციელების კუთხით, მან ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე. სახელის შეცვლა მხოლოდ კონტრაჰენტის ფორმალურ ასპექტებს შეიცავს და გარიგების შინაარსთან მას არ გააჩნია რაიმე სახის გავლენა.

2. კრედიტორთა და მოვალეთა ინფორმირების სავალდებულობა

30

სახელის შეცვლის შემთხვევაში პირის ვალდებულებაა, შეიტანოს ცვლილება ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს.[53] მაგალითად, თუ პირმა შეიცვალა სახელი და არ შეატყობინა კრედიტორს ან მოვალეს, ამ უკანასკნელს შეეძლება შესაბამისი მოთხოვნის დაყენება 390-393-ე ან მე-400-404-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან პირის უმოქმედობა, შეუტყობინებლობის კუთხით ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება კრედიტორის ან მოვალის მიერ ვადის გადაცილებად.[54]

VI. სახელი, როგორც პირადი არაქონებრივი უფლება

31

სახელი წარმოადგენს პირის პირად და აბსოლუტურ უფლებას,[55] რომლის არაქონებრივი ხასიათიც მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმიდან გამომდინარეობს. კერძოდ, მე-18 მუხლი უშუალოდ განსაზღვრავს არაქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივ მოწესრიგებას, რომლის ერთერთ შემადგენელ ელემენტსაც სახელის უფლების დაცვა წარმოადგენს.[56]

32

სახელის უფლების არაქონებრივ ხასიათს მისი ბრუნვაუნარიანად ცნობის შეუძლებლობა განსაზღვრავს. სასაქონლო ნიშნის სახით რეგისტრირებული სახელის უფლების გადაცემა სხვა პირისთვის დასაშვებია. ასეთ შემთხვევაში პირის მიერ სხვა პირისადმი ხდება არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემა, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებისთვის იქნება შესაბამისი გამოყენების მნიშვნელობის მქონე.[57] სხვა მხრივ, ნებისმიერი არაქონებრივი სიკეთის და მათ შორის, სახელის სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.

VII. სახელი, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

33

სამოქალაქო ბრუნვაში სახელის გამოყენება ხდება მხოლოდ იმ ასპექტში, რითაც სახელის, როგორც საფირმო სახელწოდების ან სასაქონლო ნიშნის საკუთრების უფლების საფუძველზე განკარგვის შესაძლებლობა გააჩნია პირს.[58] აღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს საავტორო სამართლით მოწესრიგებული საკითხი, რომლის საფუძველზეც განსაზღვრულია საავტორო ქონებრივი უფლების განკარგვის შესაძლებლობა[59] და რომელიც მას მიჯნავს საავტორო პიროვნული უფლებისგან.[60]

34

საფირმო სახელწოდების შემთხვევაში ცალკე დასახელების გასხვისება დაუშვებელია.[61] მხარეთა შეთანხმებითაც კი, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული საფირმო სახელის ტარების უფლებაზე შეიძლება იურიდიული პირის კანონიერმა წარმომადგენელმა უარი თქვას და შეუცვალოს სახელწოდება, ეს არ გულისხმობს სახელწოდების გასხვისებას, ვინაიდან ასეთივე სახელის დარქმევის უფლებამოსილება წარმოეშობა არა მხოლოდ შეთანხმების მეორე მხარეს, არამედ პირთა განუსაზღვრელ წრეს.

VIII კავშირი კერძო და საჯარო სამართლის ინსტიტუტებთან

1. კერძო სამართლის ცალკეული ინსტიტუტები

35

სახელის უფლების კავშირი კერძო სამართლის თითქმის ყველა ინსტიტუტთან მიმართებით შეიძლება იქნეს განხილული, რამდენადაც სამართალი, უპირველეს ყოვლისა, პირთა შორის ურთიერთობის დამყარების მოწესრიგების მიზნით გამოიყენება, თითოეული ნორმის ფარგლებში, მისი საშუალებით უფლების დაცვისას, პირის იდენტიფიკაციის ფაქტორი უმთავრეს როლს თამაშობს.

36

კერძო სამართლის ინსტიტუტიდან გამოსაყოფია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით მოწესრიგებული ავტორობის პრეზუმფციის საკითხი. ამავე კანონის მე-4 მუხლით კი ავტორობის დეფინიციაა მოცემული, რომლის საფუძველზეც განსაზ- ღვრულია ის, თუ ვინ შეიძლება იყოს კონკრეტული ნაწარმოების ავტორი. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს პირი, ვისი სახელიცა და გვარიც მითითებულია ნაწარმოებზე.[62]

აღსანიშნავია ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელ- შიც საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი დათქმაა განსაზღვრული. მაგალითად, დასახელებული ნორმის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციისთვის სავალდებულოა პარტნიორ- თა ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი, რომელ- შიც მათი სახელი და გვარი უნდა მიეთითოს,[63] რაც იმას გულისხმობს, რომ პარტნიორის სახელისა და გვარის გარეშე საწარმოს დაფუძნება (რეგისტრაცია) შეუძლებელია.

2. კავშირი საჯარო სამართალთან

37

პირის იდენტიფიკაცია კერძო სამართლის მსგავსად, საჯარო სამართალშიც სწორედ სახელის უფლებიდან ხორციელდება. მაგალითად, თანამდებობის პირის სამართლებრივი ინსტიტუტის მოწესრიგება, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, ვისაც გავლილი აქვს შესაბამისი რეგისტრაცია და რომლის თაობაზეც შესაბამისი ინფორმაცია შეტანილია სახელის ერთიან ბაზაში შესაბამისი ორგანოს მიერ. ამასთან, თანამდებობის პირის მიერ გამოცემული, სამართლის ძალის მქონე ბრძანება (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება და სხვ.), ან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია) ძალა- ში შესვლა დამოკიდებულია შესაბამისი თანამდებობის პირის ხელმოწერაზე, რომლითაც თავის მხრივ, ხდება ამ პირის იდენტიფიკაცია. სახელის რეგისტრაცია კერძო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით საჯარო-სამართლებრივ პროცედურას წარმოადგენს.

IX. ნორმის დატვირთვა საპროცესო სამართალში

1. სამოქალაქო-საპროცესო პროცედურები

38

სამოქალაქო პროცესის ჩატარება შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი არ იქნება მოსარჩელის ან მოპასუხის სახელი ან სახელწოდება.[64] სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელისა და მოპასუხის სახელი (ან სახელწოდება). აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. დასახელებული ნორმით განისაზღვრება სახელის აღნიშვნის გარკვეული სავალდებულო წესი. მაგალითად, მოწმის დაკითხვა, რომელიც მისი სახელისა და გვარის გარკვევით უნდა დაიწყოს (იხ. ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და სხვ.

2. უდავო წარმოება

39

სახელის უფლების დატვირთვა სამოქალაქო-საპროცესო სამართალში ცალკე მნიშვნელობის მქონეა უდავო წარმოების სამართლებრივი ინსტიტუტიდან გამომდინარე.[65] აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო განიხილავს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის შესახებ, რომლის ერთ-ერთ გამოვლინებასაც სახელის უფლების დამტკიცება და განსაზღვრა წარმოადგენს.[66]

X. ნორმის გამოყენება პრაქტიკაში

40

განსახილველი ნორმის გამოყენება პრაქტიკაში დიდია იმდენად, რამდენადაც სახელის გარეშე პირი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, დაამყაროს სამართლებრივი ურთიერთობა. მაგალითად, დაბადების რეგისტრაციისას პირს ენიჭება პირადი ნომერი, რომელიც პირის უნიკალურ საიდენტიფიკაციო მონაცემს წარმოადგენს. თუ კანონი დაბადების რეგისტრაციას პირადი ნომრის მინიჭების გარეშე ითვალისწინებს, პირადი ნომრის მინიჭება რეგისტრაციის გარეშე დაუშვებელია. თავის მხრივ, თუ პირს არ ექნა პირადი ნომერი, იგი ვერ მოახერხებს ისეთი უფლებამოსილების განხორციელებასაც, როგორიცაა აქტიური ან პასიური საარჩევნო ხმის უფლება და სხვ.

41

ნორმის პრაქტიკულ დანიშნულებას განსაზღვრავს ასევე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია, თუ განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ თავისი გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი მეუღლეთა სახელი და გვარი. ამასთან, ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში სახელისა და გვარის მითითება და აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმოწერით პირის მიერ ნების გამოვლენა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ხელშეკრულების დადება,[67] შრომითი ურთიერთობის დამყარება[68] და სხვ.

სახელისა და გვარის არჩევის უფლება განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს იმ პერიოდში, როდესაც პიროვნება სრულწლოვანებას მიაღწევს. კანონმდებლობა ამ მხრივ გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს პირს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება სახელსა და გვარზე. მაგალითად, ატაროს მისი ბიოლოგიური მამის ან გამზრდელი მამის გვარი[69] და სხვ. ამდენად, გარდა გამონაკლისებისა, სახელისა და გვარის შეცვლაზე გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ის პირი, ვინც ამ სახელსა და გვარს ატარებს.[70]




  1. საჯაია, ავტორობისა და სახელის უფლება — ქართული საავტორო სამართალი და თანამედროვე სამართლებრივი ტენდენციები, სამართლის ჟურნალი,1/2013, გვ. 236.
  2. ნინიძე, სკ-ისკომენტარი, წიგნი I, მუხ. 17, გვ. 52.
  3. Wüstenberg, Das Namensrecht der Domainnamen, GRUR, Heft 2, 2003, S. 109.
  4. გოცირიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, 2013, მუხ. 16, გვ. 92.
  5. იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი.
  6. იხ. Koos, Der Name als Immaterialgut, GRUR, Heft 10, 2004, S. 808.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 203.
  8. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 204.
  9. შენგელია/შენგელია, საოჯახო სამართალი, 2009, გვ. 199.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 204.
  11. სახელის შეცვლის თაობაზე საკანონმდებლო მოწესრიგების საკითხი იხილეთ: პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 157-160.
  12. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 204.
  13. Schöpflin, in Beck OK BGB, §57, Rn. 6.
  14. იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 201.
  15. აღნიშნულ საკითხზე იხილეთ, ხუბაშვილი, საფირმო სახელწოდების დაცვის მატერიალური და საპროცესო-სამართლებრივი საშუალებები, მართლმსაჯულება და კანონი #4(43)14, გვ. 174.
  16. იხ. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მუხ. 6, გვ. 98.
  17. ხუბაშვილი, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია საფირმო სახელწოდებასთან მიმართებით ბესარიონ ზოიძე 60, საიუბილეო კრებული, 2013, გვ. 79.
  18. Schmitt-Gaedke/Arz, Der NamensschutzpolitischerParteien, NJW, 2013, Heft37, S. 2730.
  19. Schmitt-Gaedke/Arz, Der NamensschutzpolitischerParteien, NJW, 2013, Heft37, S. 2730.
  20. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 17, გვ. 52.
  21. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 17, გვ. 52.
  22. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ.195.
  23. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ.195.
  24. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 165
  25. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 17, გვ. 52.
  26. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 195.
  27. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 195.
  28. MüKo/Säcker, BGB, 6. Aufl., 2012, §12, Rn. 11.
  29. საჯაია, ავტორობისა და სახელის უფლება — ქართული საავტორო სამართალი და თანამედროვე სამართლებრივი ტენდენციები, სამართლის ჟურნალი,1/2013, გვ. 241.
  30. იხ. Roßangel/Scholz, Datenschutz durch Anonymität und Pseudonymität - Rechtsfolgen der Verwendunganonymer und pseudonymer Daten, MMR (Multimedia und Recht), Heft 12, 2000, S. 721 ff.
  31. Härting, Anonymität und Pseudonymität im Datenschutzrecht, NJW, Heft 29, 2013, S. 2066.
  32. იხ. საჯაია, ავტორობისა და სახელის უფლება — ქართული საავტორო სამართალი და თანამედროვე სამართლებრივი ტენდენციები, სამართლის ჟურნალი,1/2013, გვ. 243.
  33. ძამუკაშვილი, ძამუკაშვილი/ჯორბენაძე/შენგელია/ხრუსტალი/გაბუნია, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარი, 2003, მუხ. 10, გვ. 66.
  34. იხ. ჯორბენაძე, საავტორო უფლებები ცხოვრებაში, გვ. 104.
  35. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 17, გვ. 53.
  36. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 196.
  37. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 165.
  38. ჩიკვაიძე, მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი, 2013, გვ. 53.
  39. ჩიკვაიძე, მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი, 2013, გვ. 53.
  40. იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის #2კ-36აპ-13 განჩინება.
  41. MüKo/Säcker, BGB, 6. Aufl., 2012, §12, Rn. 13.
  42. MüKo/Säcker, BGB, 6. Aufl., 2012, §12, Rn. 15.
  43. Rifai, Anspruch eines Beamten auf die Anrede mit akademischem Grad, NVwZ, Heft 13, 2009, S. 816.
  44. ჯორბენაძე/ბახტაძე/მაჭარაძე, მედიასამართალი, 2014, გვ. 42.
  45. Kleespies, Die Domain als selbständiger Vermögensgegenstand in der Einzelzwangsvollstreckung, GRUR, Heft 9, 2002, S. 765.
  46. თითოეულ დომეინს გააჩნია განსხვავებული მოწესრიგება.
  47. იხ. Wüstenberg, Das Namenrecht der Domainnamen, GRUR, Heft 2, 2003, S. 110.
  48. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 157.
  49. იხ. Hebermann, in Staudinger BGB, 2013, §12, Rn. 294.
  50. იხ. მაგ., სუს განჩინება, 11 ივნისი, 2012, №ა-2330-შ-50-2012.
  51. იხ. სუს განჩინება, 14 მაისი, 2009, №ა-476-შ-22-09.
  52. იხ. სუს განჩინება — აღწერილობითი ნაწილი, 5 თებერვალი 2008, №ას-888-1195-07.
  53. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 17, გვ. 56.
  54. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 205.
  55. კობახიძე, სამოქალაქო სამართალის ზოგადი ნაწილი, 2000, გვ. 127.
  56. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 200.
  57. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 201.
  58. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 201.
  59. იხ. ჯორბენაძე, საავტორო უფლებები ცხოვრებაში, გვ. 168 და შემდგომი.
  60. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 192.
  61. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 202.
  62. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის №ას-869-1225-06 განჩინება.
  63. იხ. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მუხ. 5, გვ. 76.
  64. ქურდაძე/ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, 2012, გვ. 82.
  65. ქურდაძე/ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, 2012, გვ. 439.
  66. იხ. სუს განჩინება, 13 იანვარი 2014, №ას-958-916-2013.
  67. სვანაძე, ძლიერიშვილი/სვანაძე/ცერცვაძე/ცერცვაძე/ჯანაშია/რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თბილისი, 2014, გვ. 94-95.
  68. Hebermann, in Staudinger BGB, 2013, §12, Rn.23.
  69. სუს განჩინება, 3 ივნისი, 2015, №ას-307-294-2015.
  70. იხ. სუს განჩინება — აღწერილობითი ნაწილი, 5 თებერვალი, 2008, №ას-888-1195-07.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_17._სახელის_უფლება&oldid=957"