Gccc-logo.png


მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

3. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.

I. ზოგადი დებულებები

1

სამართლებრივი წესწყობილების მიზანია, უზრუნველყოს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და თითოეული ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ადამიანის განვითარება შეუძლებელია, თუ ადამიანს არა აქვს განვითარების სივრცე და თავისუფალი განკარგვის საგნები: საკუთრება სხვა არაფერია, გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა.[1] საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს ადამიანის თავისუფლებასა და საკუთრებას, მათ შორის, კერძო საკუთრებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას.[2] კონსტიტუციის გაგებით, საკუთრება არის არა მხოლოდ საკუთრება კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ყველა ქონებრივი უფლება.

2

კერძო საკუთრების აღიარება არ წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ინდივიდუალური საკუთრების გამიჯვნა საზოგადოების ინტერესებიდან. ერთი მხრივ, კერძო საკუთრებასა და მეორე მხრივ, საზოგადოების ინტერესებს შორის კომპრომისის მოძებნა და კონსენსუსუნარიანი გადაწყვეტილებების მიღება სამართლებრივი პოლიტიკის ამოცანაა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, კანონმდებლის ნებაა საკუთრების შინაარსისა და მისი შეზღუდვების განსაზღვრა, მაგრამ დაუშვებელია საკუთრების უფლების გაუქმება ან იმგვარი შეზღუდვა, რომ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლების შეზღუდვა, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევებში, ხოლო ჩამორთმევა – სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

{{ვ|3} საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების ცნება ფართოდ არის ჩამოყალიბებული. 170-ე მუხლის მიზანი არ არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების შინაარსის სრული მოცულობით კერძოსამართლებრივი რეგულირება. 170-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლების დაცვა შეეხება მხოლოდ ნივთებსა (148) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს (152). 170-ე მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლება განივრცობა ხელშეკრულების დადების, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და პროფესიის არჩევანის თავისუფლებით. 170-ე მუხლი არის ლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის გამომხატველი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მიერ კანონიერად მოპოვებული ქონების დაცვას და ამით იგი თავიდან იცილებს შიდასაზოგადოებრივ კონფლიქტებს. ამ გაგებით, საკუთრების უფლება არის ელემენტარული ძირითადი უფლება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან. მისი დანიშნულებაა, თითოეულ ინდივიდს შეუქმნას თავისუფალი სივრცე ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისა, რაც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი პასუხისმგებლობით მოაწყოს პირადი ცხოვრება. საკუთრების უფლებისა და პიროვნული თავისუფლების უფლების ურთიერთკავშირი შინაგანია და ამ კავშირში საკუთრების უფლება ასრულებს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფი ფაქტორის ფუნქციას.[3] სხვა მხრივ, საკუთრების უფლების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას. პირიქით, მისი მიზანია ურთულეს საზოგადოებრივ ურთიერთობებში ისეთი ოპტიმალური საკუთრებითი რეჟიმის უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის პიროვნების უნარისა და შესაძლებლობების ფართოდ განვითარებას.[4]

II. საკუთრების ცნება და შინაარსი

4

რომის სამართალი არ განამტკიცებდა საკუთრების ცნების დეფინიციას. dominium an proprietas აღნიშნავდა მხოლოდ ნივთზე ბატონობის უფლებას. მცდელობა ცნების დეფინიციისა პირველად შუა საუკუნეებში იყო და აქედან მოყოლებული საკუთრების პოზიტიურ და ნეგატიურ მხა რეებზე მიუთითებდნენ. 170 I მუხლიც საკუთრების ცნების დეფინიციის ასეთ მცდელობებს ასახავს: „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვა გვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...“ საკუთრების ცნების შინაარსი სწორედ პოზიტიური („თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით))“ და ნეგატიური უფლებამოსილებებით განისაზღვრება („არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა“).[5] ამდენად, საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით.

1. საკუთრების ექსკლუზიური ბუნება

5

კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია – გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას, დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას.[6] ნივთის განკარგვისა და სარგებლობის უფლებების ერთმანეთისაგან განცალკევების შემთხვევაში მოცემულია არა საკუთრების ფუნქციურად დაყოფადი სფეროები, არამედ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დოგმატიკის მიხედვით, ერთიანი საკუთრების უფლება, რომლისგანაც მხოლოდ სანივთო უფლებების („iura in re aliena“) სახით ცალკეული უფლებამოსილებების გამოყოფა ხდება. ეს მოსაზრება შეესაბამება რომის სამართლის საკუთრების კლასიკურ ცნებას, რომლის მიხედვითაც ნივთი არ შეიძლება იყოს ორი ადამიანის ერთპიროვნული საკუთრება (დიგესტები, 13. 6. 5. 15). საკუთრება ყოველთვის არის „dominium plenum“.[7]

6

სანივთო უფლებები, ისევე როგორც არამატერიალური ქონებრივი უფლებები, განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებებს. სამართლის ნორმების სუბიექტია ადამიანი და არა ნივთი. სამართალი არის ადამიანთა ქცევის წესების სისტემა და, გამომდინარე აქედან, აბსოლუტური უფლებების დამახასიათებელი თვისება არის ყველა ადამიანის ვალდებულება, პატივი სცენ აბსოლუტური უფლების მფლობელის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და არ ხელყონ იგი. სანივთო უფლებების აბსოლუტურობა გულისხმობს, თუ რომელი უფლებები და სამართლებრივი სიკეთეები არის ყველა პირისაგან სამართლებრივი წესრიგით დაცული.

2. საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება

7

საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების გამოყენებას არ ახლავს შეზღუდვები. ზოგადად, 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას: დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ეს აზრი კიდევ უფრო მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საკუთრების უფლების განხორციელების პროცესისათვის. 170 II მუხლის მიხედვით, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესებში არ შედიოდა. რა თქმა უნდა, მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, სხვა პირებისათვის კი მხოლოდ ზიანის მომტანია.[8] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთრების უფლების დაცვა და გამოყენება არ შეიძლება გადაგვარდეს და გადაიზარდოს უფლების ბოროტად გამოყენებაში.[9] მაგალითად, თუ პირი კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გზით სარგებლობის უფლებას ყველა პირს ანიჭებს და შერჩევით მხოლოდ რამდენიმეს გამორიცხავს; ასევე, 178-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა. ამ შემთხვევაში, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ ხის ან ბუჩქის ფესვები და ტოტები მესაკუთრეს ზიანს არ აყენებს, მაგრამ იგი მხოლოდ მეზობლისთვის ზიანის მიყენების მიზნით მოჭრის მათ.[10]

8

საკუთრების შინაარსიდან გამომდინარეობს ასევე პირის უფლება, არ ისარგებლოს საკუთრებით. 170 III მუხლის მიხედვით, კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ის, რომ ასეთი ვალდებულება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს, გამომდინარეობს საკუთრების, როგორც უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლების, არსიდან.

9

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს საკუთრების სხვადასხვა სახეს: ერთპიროვნული საკუთრება (170), საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება (173) და ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში (208-209).

III. საკუთრების შეზღუდვა

10

ნორმის მიხედვით, საკუთრების თავისუფლად ფლობისა და სარგებლობის უფლება მოცემულია კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში. შეზღუდვებს შეიცავს 117-ე, 174-ე-182-ე მუხლები და ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. ასევე, შეზღუდვები მოცემულია სხვადასხვა საჯაროსამართლებრივ ნორმაში, როგორებიცაა: მშენებლობის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გარემოს დაცვის მარეგულირებელი და სხვ. ნორმები.

11

საკუთრების შეზღუდვას წარმოადგენს 117-ე მუხლი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში მესაკუთრის უფლებას ზღუდავს: პირს შეუძლია, გამოიყენოს სხვა პირის ნივთები იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომლის აცილებაც შექმნილ გარემოებაში არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებმნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, საკუთრების გამოყენებით მიყენებული ზიანი არ არის მართლსაწინააღმდეგო. 117-ე მუხლის წინაპირობაა ის, რომ სამართლებრივ სიკეთეს ემუქრება საფრთხე, რომელიც სხვა პირის ნივთზე ზემოქმედების აუცილებლობას იწვევს. სამართლებრივი სიკეთე, რომელსაც საფრთხე შეექმნა, შეიძლება ეკუთვნოდეს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე მესამე პირს. 117-ე მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საფრთხე თვით ზიანის მიმყენებელმა გამოიწვია. ამავე დროს, მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს 117-ე მუხლის წინაპირობები, მაშინ ზიანის გამომწვევი ქმედება მართლზომიერია და მესაკუთრეს ზიანის ქმედების საწინააღმდეგოდ აუცილებელი მოგერიების განხორციელების უფლება არ აქვს. მესაკუთრემ უნდა ითმინოს ზიანის მიყენება, მაგრამ შეუძლია, ანაზღაურების მოთხოვნა წაუყენოს მიმყენებელს ან მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის მიმყენებელიც. მაგალითად, ბავშვი მოულოდნელად გადაურბენს გზის სავალ ნაწილზე მომავალ ავტომობილს, მძღოლი კი დაჯახების თავიდან ასაცილებლად საჭეს სხვა გაჩერებული ავტომობილისკენ მიატრიალებს და მას დაეჯახება.




  1. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 82.
  2. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997, გვ. 72.
  3. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, 2001, გვ. 109.
  4. იქვე.
  5. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, 2001, გვ. 59; Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 903, Rn. 5.
  6. ზარანდია/ჯუღელი, საკუთრების უფლების ექსკლუზიური ხასიათი და საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება, 2012, გვ. 300; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 83.
  7. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 903, Rn. 6.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის № ას-572-955-06 გადაწყვეტილება.
  9. ზარანდია/ჯუღელი, საკუთრების უფლების ექსკლუზიური ხასიათი და საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება, 2012, გვ. 312.
  10. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 170, გვ. 85.


ლაშა ოქრუაშვილი

5 თვის წინ
შეფასება: 0++
იმედია მეტი დაიწერება ამ მუხლზე.
დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_170._ცნება._საკუთრების_უფლების_შინაარსი&oldid=1569"