Gccc-logo.png


მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

3. (ამოღებულია – 11.12.2015, N4625).

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

172 I მუხლში (რეი ვინდიცა􀆟ო), რომაული სამართლის ტრადიციის მიხედვით, წარმოდგენილია სანივთო მოთხოვნის უფლება და მიმართულია საკუთრების უფლების ჩამორთმევის წინააღმდეგ. ვინდიკაციური სარჩელის არსი გამომდინარეობს საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან.[1] სავინდიკაციო მოთხოვნის უფლებასთან მიმართებით უპირატესობა ენიჭება საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვების, ასევე კანონის საფუძველზე საკუთრების მოპოვების წესებს. 170-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელების წინაპირობა არის ნივთის მფლობელობა. შესაბამისად, 172 I მუხლის მიზანია მესაკუთრის მიერ ნივთზე მფლობელობის მოპოვება, რომელიც მან დაკარგა.

2

172-ე მუხლის II ნაწილი არის I ნაწილის განმავრცობელი დებულება. კანონმდებლის კონცეფციის მიხედვით, მესაკუთრის უფლებამოსილებები დაცული უნდა იყოს საკუთრების ხელყოფისაგან, რომელიც არ უკავშირდება მფლობელობის დაკარგვას. ზოგადად, საკუთრების ხელშეშლა არის საკუთრების შინაარსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედება. მიუხედავად ხელშეშლის ცნების ფართო გაგებისა, იგი მაინც 172-ე მუხლის სიტყვასიტყვით მნიშვნელობაში უნდა მოიაზრებოდეს.

2. ნორმის ისტორია

3

2015 წლის 11 დეკემბრის ცვლილებით, აღდგა ნორმის თავდაპირველი რედაქცია და ამოღებულ იქნა ნორმის მესამე ნაწილი (ე.წ. „საპოლიციო გამოსახლება“, 2006 წლის 8 დეკემბრის ცვლილება), რომელიც შესაძლებლობას აძლევდა მესაკუთრეს, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით აღეკვეთა უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. 2015 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილება მისასალმებელია. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა თანასწორობის პრინციპს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 20 II მუხლის თანახმად, არავის არა აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირს უძრავ ნივთზე ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძლება წარმოეშვას მფლობელობის უფლება, რომელიც სამართლებრივად ნამდვილია. ასეთ ვითარებაში საპოლიციო გამოსახლება შეეხებოდა იმ პირებსაც, რომლებიც უძრავ ნივთს სამართლებრივად ნამდვილი გარიგების საფუძველზე ფლობდნენ, მაგრამ არ არსებობდა მფლობელობის წერილობითი დამამტკიცებელი დოკუმენტი. ამასთან, უძრავი ნივთის მფლობელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მისი შესაგებელი განხილული ყოფილიყო იმავე წესით, რა წესითაც განიხილება მესაკუთრის სავინდიკაციო მოთხოვნა (მაგალითად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის ან მხარეთა შორის იურიდიულად ნამდვილი ზეპირი გარიგების არსებობის შესახებ).

II. მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება

1. მოთხოვნის უფლების მფლობელი

4

მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, სამოქალაქო კოდ ექსის გაგებით. ნორმა ანალოგიით გამოიყენება პირობადებული საკუთრების მფლობელის სასარგებლოდ, რომელიც, მართალია, არ ფლობს სრულ საკუთრების უფლებას, მაგრამ იურიდიული ლიტერატურა[2] ასეთ სამართლებრივ მდგომარეობას სრული საკუთრების უფლების წინარე საფეხურს უწოდებს, ხოლო სამოქალაქო კოდექსი მას სანივთო უფლებად განამტკიცებს. თუ ნივთი არის თანასაკუთრების საგანი, მაშინ ერთ-ერთი მესაკუთრისათვის თანამფლობელობის ჩამორთმევის შემთხვევაში მას შეუძლია დანარჩენი თანამესაკუთრეებისაგან მოითხოვოს თანამფლობელობის მინიჭება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნივთი არის მესამე პირის მფლობელობაში, თანამესაკუთრეს შეუძლია, გამოითხოვოს ნივთი მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ 173 I მუხლის მიხედვით და მოითხოვოს თანამფლობელობის მინიჭება.

2. მოთხოვნის უფლების მოვალე

5

მოთხოვნის უფლების მოვალე არის ნივთის მფლობელი (155) და მასვე ეკისრება მფლობელობის მტკიცების ტვირთი. ნორმის გამოყენებისათვის საკმარისია მემკვიდრის მფლობელობაც (157). ამის საწინააღმდეგოდ მჭერი (155 II) არ შეიძლება იყოს მოთხოვნის უფლების მოვალე, რადგან იგი ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას სხვა პირის სასარგებლოდ ახორციელებს.[3]

6

სადავო საკითხია, შესაძლებელია თუ არა, რომ მოთხოვნის უფლების მოვალე იყოს არაპირდაპირი მფლობელი (155 III), მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არაპირდაპირი მფლობელის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა უშუალოდ არ არის მოცემული. ერთი მოსაზრების თანახმად, ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა, არამედ ნივთის გადაცემა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არაპირდაპირი მფლობელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ პირდაპირ მფლობელობას მოიპოვებდა.[4] მაგალითად, მონათხოვრე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ნივთს მესამე პირს. ამ შემთხვევაში გამნათხოვრებელს, როგორც ნივთის მესაკუთრეს, შეუძლია, მოითხოვოს მონათხოვრისგან ნივთის უკან დაბრუნება თუ არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შეხედულებას,[5] რომლის მიხედვითაც ნივთის მოვალე შეიძლება იყოს მხოლოდ ნივთის პირდაპირი მფლობელი, ანუ პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. ნივთის მესაკუთრე ვერ მოითხოვს ნივთის უკან დაბრუნებას იმ პირისაგან, რომელსაც არ აქვს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და არაპირდაპირი მფლობელობის საკითხი მნიშვნელოვანია მხოლოდ 155-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალ ისწინებულ შემთხვევებში.[6]

7

ნივთზე თანამფლობელობის შემთხვევაში, თითოეულმა თანამფლობელმა უნდა გადასცეს მესაკუთრეს თავისი წილი თანამფლობელობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვალდებულების შესრულების საგანი არის ერთიანი საგანი, რომლის გაყოფაც შეუძლებელია.

3. მოთხოვნის უფლების საგანი

8

სპეციალურობის პრინციპის თანახმად, მოთხოვნის უფლების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. ნივთების ერთობლიობის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება ვრცელდება თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე (quot res tot vindicationes). ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე მოთხოვნის უფლება, ცალკე აღებული, არ ვრცელდება. ნივთი, ამ მუხლის მიხედვით, არის 148-ე-149-ე მუხლებით განსაზღვრული სხეულებრივი ნივთები. სამართლებრივად პრობლემურია ისეთი ნივთის გადაცემა, როგორიცაა, მაგალითად, ელექტროენერგია, რადგან მისი უკან დაბრუნება ტექნიკურად შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა ტელეოლოგიური რედუქციის საფუძველზე ნორმის გამოყენება მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლის გადაცემაც, ფაქტობრივად, შესაძლებელია.[7] ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორის ინტერესია არა კონკრეტულად განსაზღვრული ბანკნოტების ან მონეტების დაბრუნება, არამედ ფულად ერთეულში გამოხატული ღირებულების დაბრუნება და, შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, მფლობელმა ფული სხვა ფულის ერთეულზე გადაცვალა თუ ანგარიშზე შეიტანა.[8]

9

ნივთის გადაცემის ადგილი არ განისაზღვრება 362-ე მუხლის მიხედვით, რადგან ვალდებულებითსამართლებრივი ნორმები სავინდიკაციო მოთხოვნის უფლებისაგან არსობრივად განსხვავდება. მხარეთა ინტერესების გათვალისწინების მიხედვით, ნივთის გადაცემის ადგილი უნდა განისაზღვროს მისი მდებარეობის შესაბამისად (ubi rem meam invenio, ibi vindico).[9]

4. ნივთის ფლობის უფლება

10

ნორმის თანახმად, მოთხოვნის უფლება უსაფუძვლოა, თუ ნივთის მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მოვალის მფლობელობის უფლების საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული სანივთო უფლებებიდან ნაწარმოები ნივთის ფლობის უფლება, მაგალითად, უზუფრუქტის (242), გირავნობის (254) საფუძველზე. გარდა ამისა, მფლობელობის უფლება შეიძლება წარმოიშვას ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, როგორც ფარდობითი უფლება. მაგალითად: ქირავნობა (531), იჯარა (581), ასევე, შემნახველის მიერ ნივთის დაკავების უფლება (776) და სხვ.

11

ნივთის ფლობის უფლება არ არის მფლობელის მხოლოდ მოთხოვნის საწინააღმდეგო უფლება, მაშასადამე, იგი არ არის მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი შესაგებელი. მფლობელობის უფლება გამორიცხავს მოთხოვნის უფლების არსებობას, ე.ი., იგი არის მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი.[10]

12

მესაკუთრის მიერ ნივთის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში (მაგალითად, 186 II მუხლი: „მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება“), სანივთო უფლების მფლობელს შეუძლია, მესამე პირს წაუყენოს ნივთის ფლობის შესაგებელი, რადგან სანივთო უფლება მიმართულია ყველას წინააღმდეგ. ამის საწინააღმდეგოდ, ფარდობითი უფლება არსებობს ორ ან რამდენიმე პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, ნივთის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში, ნივთის მფლობელი მესამე პირს ვერ წაუყენებს მფლობელობის უფლების შესაგებელს. ამ სამართლებრივი შედეგების თავიდან ასაცილებლად კანონმდებელმა ფარდობითი უფლების მფლობელის უფლება სანივთო უფლების მფლობელის უფლებას გაუტოლა.[11] მაგალითად, 572-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთის გასხვისების შემთხვევაში, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. იგივე წესი მოქმედებს იჯარის შემთხვევაშიც (581 II). დამქირავებელი და მოიჯარე დაცულია მიწის მესაკუთრის უფლებამონაცვლეთა მოთხოვნებისგან.

13

სხვა შემთხვევაში, თუ ნივთის მფლობელი ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაშია მესამე პირთან, მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულება მესამე პირსა და ნივთის მფლობელს შორის, მაშინ მას აქვს ნივთის ფლობის უფლება მესაკუთრის წინააღმდეგ, თუკი მესამე პირს, თავის მხრივ, მესაკუთრის საწინააღმდეგოდ აქვს ნივთის ფლობის უფლება და ნივთი ახლანდელ მფლობელს გადაცემული აქვს მესამე პირისგან. მაშასადამე, უნდა არსებობდეს მფლობელობის უწყვეტი ჯაჭვი. თუ არ იქნება ამ ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილიც კი, მაშინ წყდება ნივთის ფლობის უფლებაც. მაგალითად, თუ გაუქმდა მესაკუთრესა და მესამე პირს შორის ქირავნობის ხელშეკრულება.

14

სადავო საკითხია, რამდენად ანიჭებს სამომავლო უფლების მიღების მოლოდინი სანივთოსამართლებრივი მფლობელობის უფლებას პირობადებული საკუთრების შემძენს. პირობადებული საკუთრების შემძენს აქვს ნივთის მფლობელობის უფლება გამყიდველის მიმართ და ეს უფლება გამომდინარეობს მათ შორის დადებული ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებიდან.[12] იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ნივთს სხვა პირზე გაასხვისებს, პირობადებული საკუთრების შემძენი თანხის სრული გადახდით გამოიწვევს პირობის დადგომას და, შესაბამისად, მოიპოვებს საკუთრებას, რომელიც სადავო არ იქნება. ეს შედეგი გამომდინარეობს კანონიდან და არ არსებობს სხვა კონსტრუქციის საჭიროება. საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად წარმოშობს სამომავლო უფლების მიღების მოლოდინი მფლობელობის უფლებას, სადავოა, თუმცა არ არსებობს სამართლებრივად მყარი არგუმენტები ასეთი უფლების უარსაყოფად.[13]

5. ხანდაზმულობა

15

ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რომლის ვადაც შეადგენს ათ წელს (128 III), მაგრამ მოძრავ ნივთებზე შესაძლებელია საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით ხუთი წლის გასვლის შემდეგ (165). სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ეს ნორმები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან 165-ე მუხლიც ხანდაზმულობით შეძენაზე მიუთითებს, მაგრამ 165-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლების შეძენის საფუძველია ნივთზე ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად კეთილსინდისიერი მფლობელობის განხორციელება. გამომდინარე აქედან, თუ პირი ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს ნივთს, მოიპოვებს საკუთრებას ნივთზე და მის მიმართ მოთხოვნა არ წარმოიშობა, შესაბამისად, არც საკითხი წამოიჭრება ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ხანდაზმულობას, როგორც მოთხოვნის უფლების განხორციელების დამაბრკოლებელ შესაგებელს, მატერიალურსამართლებრივ ნორმებთან კავშირი არა აქვს.

16

თუ მესაკუთრის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ მესაკუთრეს არ შეუძლია, განახორციელოს თავისი უფლება. საკუთრება და მფლობელობა, საბოლოოდ, განცალკევდება ერთმანეთისგან (nudum ius). ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მფლობელი მოიპოვებს მფლობელობის უფლებას. თუ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ახალ მფლობელს ხანდაზმულობის ვადაში ჩაეთვლება წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადაც, 143-ე მუხლის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის ვადის დენის პერიოდში არსებობს უფლებამონაცვლეობა მესაკუთრის მხარეს, ამით ნივთის მფლობელის მდგომარეობა არ იცვლება და ხანდაზმულობის ვადა აგრძელებს დენას.


III. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა 172 II მუხლის მიხედვით

17

საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის მოთხოვნის უფლება მომდინარეობს რომის სამართლიდან (actio negatoria) და იგი შეეხება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს. 172 II მუხლი განსაზღვრავს იმას, რაც საკუთრების უფლებიდან ისედაც გამომდინარეობს. ნორმა იცავს მესაკუთრის უფლებას, გამორიცხოს მესამე პირების მიერ ნივთზე ზემოქმედება. ნივთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის მოქმედების აღკვეთა. 172 II მუხლით განსაზღვრული ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა არის ნეგატორული სარჩელი და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვ.) სადავო სამართლებრივ სიკეთესთან მიმართებით, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრებას.[14]

1. მოთხოვნის უფლების მფლობელი

18

მოთხოვნის უფლება დამოკიდებულია ნივთზე საკუთრების უფლებაზე და, შესაბამისად, მისი განხორციელება ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილებაა. მოთხოვნის უფლების განხორციელებისათვის არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ნივთის მესაკუთრე, ამავე დროს, ნივთის მფლობელი. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ნივთის მფლობელებს (დამქირავებელი, მოიჯარე) აქვთ მფლობელობის ხელყოფის მოთხოვნის უფლება 161-ე მუხლის მიხედვით. მოთხოვნის უფლება მათ არ წარმოეშობათ 172 II მუხლის მიხედვით. პირობადებული საკუთრების შემძენს იცავს 172 II მუხლი, როგორც ნორმის პირველი ნაწილის შემთხვევაში. გარდა ამისა, მას შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა 161-ე მუხლის მიხედვით.

2. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა

19

ამ ნორმის გაგებით, საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა არის საკუთრების შინაარსის საწინააღმდეგო ჩარევა მესაკუთრის ფაქტობრივ ან სამართლებრივ უფლებამოსილებებში.[15] ენობრივი თვალსაზრისით, რთულია „ხელყოფისა“ და „ხელშეშლის“ გამიჯვნა და მას ნორმის გამოყენებისათვის არც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. საკუთრების ხელშეშლა გამოწვეული უნდა იყოს ადამიანის ქცევის შედეგად. ნორმის მოქმედება არ ვრცელდება მხოლოდ ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ ხელშეშლის მდგომარეობაზე. ტრადიციულად, ხელშემშლელი არის პირი, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი მოქმედებით, ან უკანონო უმოქმედობით გამოიწვევს საკუთრების ხელშეშლას ან ხელყოფას. ასევე, ხელშემშლელია იმ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი პირი, რომლისგანაც მომდინარეობს საკუთრების ხელშეშლა. წინაპირობა ისაა, რომ პირს საკუთრების ხელშეშლა შეერაცხება. იგი პასუხისმგებელია, რადგან მას, როგორც მესაკუთრეს (ან მფლობელს), შეეძლო ხელშეშლის აღკვეთა.[16] ხელშეშლაა, მაგალითად, პირის შეღწევა მეზობელ მიწის ნაკვეთზე, ან წყლის მილის არასწორი მონტაჟის შედეგად მეზობლის მიწის ნაკვეთზე წყლის ძლიერი დინება, რომელმაც გამოიწვია მარცვლეული კულტურების წალეკვა; ასევე, იმ ქმედებების განხორციელებაც, რომელთა თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს არა აქვს 175-ე მუხლის მიხედვით; ნორმა გამოიყენება ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც პირის ქმედება თავდაპირველად მართლზომიერი იყო, მაგრამ შემდგომში ქმედებამ საკუთრების ხელშეშლა გამოიწვია. მაგალითად, ხე, რომელიც არ იწვევდა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ხელშეშლას, ძლიერი ქარის შედეგად მეზობლის მიწის ნაკვეთზე წაიქცა. მართალია, ასეთ შემთხვევაში ხის დარგვა კაუზალური ქმედებაა, მაგრამ არა ადეკვატურად კაუზალური, რომ დავუშვათ საკუთრების ხელშეშლა 172 II მუხლის მიხედვით, რადგან ასეთი მოვლენის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. მაგრამ თუ ხე წაიქცა ავადმყოფობის შედეგად, მაშინ სახეზეა ადეკვატურად კაუზალური ხელშეშლა.

20

სადავო საკითხია, უნდა გავრცელდეს თუ არა 172 II მუხლის მოქმედება ე.წ. იდეალურ და ნეგატიურ ემისიებზე.იდეალური ემისია ეწოდება საკუთრების უფლების ისეთ ხელშეშლას, როდესაც ირღვევა მესაკუთრის მორალური ან ესთეტიკური შეგრძნება.[17] მაგალითად, მესაკუთრეს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ხედი მეზობელ მიწის ნაკვეთზე მდებარე ულამაზო, არაესთეტიკური შენობით არის დაუშნოებული. გაბატონებული შეხედულების თანახმად, 172 II მუხლი არ იცავს საკუთრებას იდეალური ემისიების შემთხვევაში, რადგან, თუ პირი სხვის საკუთრებას უგემოვნოდ ან არაესთეტიკურად აფასებს, მისი გემოვნება ვერ გახდება სამართლებრივი შეფასების საკითხი; ხოლო ნეგატიური ემისია ეწოდება სინათლის, მზის შუქის, ჰაერის არასაკმარისი რაოდენობით მოქმედებას მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, მეზობელ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობამ დაჩრდილა მესაკუთრის მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში, ზემოქმედება გამოწვეული არ არის მეზობელი მიწის ნაკვეთიდან, რის გამოც 175-ე მუხლი არ გამოიყენება. ნეგატიური ემისია არ არის 172 II მუხლის მოწესრიგების სფერო, ვინაიდან ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს მიწის ნაკვეთი იმ ფარგლებში, რომლებიც მას საჯაროსამართლებრივი ნორმების საფუძველზე აქვს გარანტირებული და იგი არ დაარღვევს მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვარს.

21

საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა 172 II მუხლის მიხედვით სახეზეა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მესაკუთრე ნივთს, რომელმაც ხელშეშლა გამოიწვია, გაასხვისებს ან უარს იტყვის მის საკუთრებაზე. მაგალითად, მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე დაღვრილი ქიმიური ნივთიერება გადავიდა მეზობელ მიწის ნაკვეთზე და გამოიწვია ნაკვეთის დაბინძურება. ამის შემდეგ მესაკუთრემ გაასხვისა მიწის ნაკვეთი, ან უარი თქვა საკუთრებაზე.

22

თუ საკუთრების ხელშეშლა გამოწვეულია რამდენიმე პირის მიერ, მაშინ ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ერთ-ერთი მათგანის მიერ ხელშეშლის აღკვეთა გამოიწვევს მის უკუმოთხოვნებს დანარ- ჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართ, წილთა თანაბრობის კვალობაზე 473-ე მუხლის მიხედვით.


3. საკუთრების ხელშეშლის მართლწინააღმდეგობა

23

საკუთრების ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. ღოგორც წესი, ნებისმიერი ხელშემშელელი ჩარევა საკუთრებაში არის მართლსაწინააღმდეგო, თუ არ არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები (მაგალითად: აუცილებელი მოგერიება (116), თვითდახმარება (118)); ასევე, მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია, თუ მესაკუთრეს აქვს თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულების საფუძველი შეიძლება იყოს როგორც კერძოსამართლებრივი, ისე საჯაროსამართლებრივი ნორმები. მაგალითად, მესაკუთრე შეიძლება, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული იყოს, ითმინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჩარევა საკუთრებაში.[18]

4. მოთხოვნის უფლების შინაარსი

24

ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. აღკვეთის შედეგი უნდა იყოს მესაკუთრის სამართლებრივი ინტერესების აღდგენა. გამომდინარე აქედან, აღკვეთის შედეგი განისაზღვრება ცალკეული შემთხვევის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე. ხელშეშლის აღკვეთის ხარჯები ეკისრება ხელისშემშლელს. გაურკვეველია, რა იგულისხმება ნორმის მეორე წინადადების მიხედვით „კვლავ გაგრძელებაში“, რომელიც მესაკუთრეს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს. ნორმის პირველი წინადადება ცალსახად წარმოადგენს მესაკუთრის მოთხოვნის უფლებას და მისი განხორციელებაც სარჩელის შეტანის გზით არის შესაძლებელი. გამომდინარე აქედან, ნორმის მეორე წინადადებას განსაკუთრებული დანიშნულება არა აქვს.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის # ას-205-198-2012 გადაწყვეტილება.
  2. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 168; ბზეკალავა, პირობადებული საკუთრება ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით, გვ. 11 (24).
  3. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., § 985, Rn. 7; Baldus, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 985, Rn. 16.
  4. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl. 2007, S. 164; Baldus, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 985, Rn. 19.
  5. მორგული, მარიამიძე, www.gccc.ge, შენიშვნები 172-ე მუხლის კომენტარზე.
  6. მარიამიძე, www.gccc.ge, 172-ე მუხლის კომენტარზე შენიშვნა.
  7. Baldus, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 985, Rn. 37.
  8. იქვე, Rn. 40.
  9. იქვე, Rn. 56.
  10. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl. 2007, S. 166.
  11. იქვე, S. 167.
  12. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 173.
  13. Baldus, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 986, Rn. 11-13.
  14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის # 103-96-2017 გადაწყვეტილება.
  15. Bassenge, Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., § 1004, Rn. 6
  16. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl. 2007, S. 364; Bassenge, Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., § 1004, Rn. 15, 19.
  17. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl. 2007, S. 350.
  18. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl. 2007, S. 370.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_172._უკანონო_მფლობელობიდან_ნივთის_გამოთხოვა_და_ხელშეშლის_აღკვეთის_მოთხოვნა&oldid=1574"