Gccc-logo.png


მუხლი 173. საერთო საკუთრება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 173. საერთო საკუთრება


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

2. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის. 3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.

I. ზოგადი დებულებები

1

მოძრავი ან უძრავი ნივთი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პირის საერთო საკუთრება. ნორმის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში.[1] საკუთრების წილი თვითონ არის საკუთრება, სამართლებრივი გაგებით. როგორც წესი, წილად თანასაკუთრებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საკუთრების წესები. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაშია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

II. 173 I მუხლის წინაპირობები

1. თანასაკუთრების წარმოშობა

2

ნორმის მიხედვით, თანასაკუთრება შეიძლება წარმოიშვას კანონის ან გარიგების საფუძველზე. თანასაკუთრება წარმოიშობა, მაგალითად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე (1158); სასაქონლო საწყობში გვაროვნული ნივთების შერევის შედეგად წარმოიშობა მიმბარებლების საერთო საკუთრება (786); ასევე, ერთობლივი საქმიანობის განსახორციელებლად გაწეული შენატანები არის ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრება (932 II).

2. თანამესაკუთრის მოთხოვნები

3

ნორმის მიხედვით, თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია, მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის წაყენებისათვის თანამესაკუთრე არ საჭიროებს დანარჩენი თანამესაკუთრეების მიერ სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას. ამ მუხლის თანახმად, მოთხოვნის უფლება უნდა შეეხებოდეს საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას და არა თანამესაკუთრის წილს მხოლოდ.[2] მაგალითად, საერთო საკუთრებაში არსებულ ნივთზე საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება 172 II მუხლის მიხედვით. ასევე, თანამესაკუთრეს შეუძლია, საერთო საკუთრებაში არსებულ ნივთზე თანამფლობელობის მინიჭების მოთხოვნის უფლება წაუყენოს დანარჩენ თანამფლობელებს 172 I მუხლის მიხედვით. ხოლო თუ ნივთი მესამე პირის მფლობელობაშია, მაშინ მას შეუძლია, მოითხოვოს უკან დაბრუნება ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ (173 I 2). რა თქმა უნდა, დანარჩენი თანამესაკუთრეების თანხმობით, შესაძლებელია ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის განხორციელება მხოლოდ ერთ-ერთი თანამესაკუთრისათვის.

3. პროცესუალური საკითხი

4

173 I მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი განისაზღვრება ზოგადი წესების მიხედვით. როგორც წესი, თანამესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს ყველა თანამესაკუთრის თანასაკუთრება ნივთზე. 158-ე მუხლით განსაზღვრული მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი მოქმედებს არა მხოლოდ თანამესაკუთრის სასარგებლოდ თავის წილთან მიმართებით, არამედ მთლიანი თანასაკუთრების საგანთან მიმართებით.[3] თუ სარჩელი, 173 I მუხლის მიხედვით, მხოლოდ ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ არის წარდგენილი, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალის მოქმედება არ ვრცელდება დანარჩენი თანამესაკუთრეების მიმართ.

III. საერთო საკუთრების ნივთის დატვირთვა

5

173 II მუხლი შეეხება საერთო საკუთრების ნივთის სანივთო უფლებებით დატვირთვასა და დაგირავებას. უფლებრივად დატვირთვა სახეზეა, მაგალითად, იპოთეკის, აღნაგობის, უზუფრუქტის შემთხვევაში. როგორც წესი, ყველა თანამესაკუთრეს შეუძლია თავისი წილის უფლებრივად დატვირთვა ან დაგირავება (959). 173 II მუხლის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის. ნივთის დატვირთვა და დაგირავება ხორციელდება ზოგადი წესების მიხედვით.

IV. ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები

6

ნივთზე საერთო საკუთრება ნივთის ერთობლივად სარგებლობას მოიცავს. შესაბამისად, საჭიროა ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯების შესახებ სამართლებრივი მოწესრიგება და იგი განისაზღვრება 173 III მუხლის მიხედვით, რომლის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ნორმა დისპოზიციური ბუნებისაა და შესაძლებელია მხარეთა განსხვავებული შეთანხმება. მოვლისა და შენახვის ხარჯები არის ყველა ის დანახარჯი, რაც აუცილებელია, რათა შესაძლებელი იყოს საერთო საკუთრების ნივთის გამოყენება. შენახვის ხარჯია, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვ. თანამესაკუთრეებს შორის ურთიერთობა განისაზღვრება 960-ე მუხლის მიხედვით. ამ მუხლის თანახმად, თანამესაკუთრეს შეუძლია, წაუყენოს მოთხოვნა სხვა თანამესაკუთრეს მისი წილის თანაზომიერი ხარჯების გაწევის თაობაზე.

V. უპირატესი შესყიდვის უფლება

7

ნორმის თანახმად, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. მუხლის ამ ნაწილის ცვლილებით იგი დისპოზიციურ ნორმად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, თანამესაკუთრეს არა აქვს ვალდებულება, თავისი წილი ჯერ სხვა თანამესაკუთრეებს შესთავაზოს.




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 173, გვ. 89.
  2. Schmidt, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 1011, Rn. 1.
  3. იქვე, Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_173._საერთო_საკუთრება&oldid=1577"