Gccc-logo.png


მუხლი 174. ცნება. ურთიერთპატივისცემის მოვალეობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 174. ცნება. ურთიერთპატივისცემის მოვალეობა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.



1

სამეზობლო სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას. იგი არის სანივთო სამართლის შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია, უზრუნველყოს მეზობლების მშვიდობიანი თანაცხოვრება. მართალია, საკუთრება აბსოლუტური უფლებაა, მაგრამ, ამავე დროს, საკუთრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის სოციალური მოვლენა, მას საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევა უხდება და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება.[1] ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას ეხება საკუთარ ვალდებულებას, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა, საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეული შეზღუდვითაც გამოიხატოს.[2] ანგარიშგაწევის პრინციპი განსაკუთრებით გამოკვეთილია მიწის საკუთრებაში. ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა ერთობლიობა საფუძვლად დაედო სამეზობლო სამართლის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.[3]

2

174-ე მუხლი არ არის დეკლარაციული ხასიათისა და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას.[4] ურთიერთპატივისცემა ნიშნავს, არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლიან მეზობელს, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, იმოქმედონ იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს მეზობელს საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელებაში. სწორედ ურთიერთპატივისცემის პრინციპიდან გამომდინარეობს მეზობლის მიერ ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება, რომელიც, როგორც სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისება, ემყარება მეზობლების ურთიერთპატივისცემას.[5]

3

ნორმის გაგებით, მეზობლები ქმნიან განსაზღვრულ სივრცობრივად ურთიერთდაკავშირებულ ერთობას, რაც მათ „აიძულებს“, პატივი სცენ ერთმანეთს, ასევე, სამეზობლო სივრცე საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად მოაწყონ. მეზობლების მიერ ურთიერთპატივისცემის ვალდებულებები სულ უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან ტექნიკურტექნოლოგიურმა რევოლუციებმა სამეზობლო ზემოქმედების ისეთი წყაროები წარმოშვეს, როგორებიცაა: ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია და სხვ. ნორმის მიხედვით, მეზობლად მიიჩნევა არა მხოლოდ უშუალოდ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, არამედ ყველა ის ნაკვეთი, საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს ზემოქმედება.[6]

4

სამეზობლო სამართლის ნორმები საკუთრების უფლების შემზღუდავი ნორმებია. ფართო გაგებით, სამეზობლო სამართლის ნორმები მოიცავს როგორც კერძოსამართლებრივ, ასევე საჯაროსამართლებრივ ნორმებს, მაგალითად, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნორმატიულ აქტებს. 174-ე-182-ე მუხლებით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნებიან კერძოსამართლებრივ დავათა კატეგორიას.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის # ას-1046-1007-2016 გადაწყვეტილება.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის # ას-1046-1007-2016 გადაწყვეტილება.
  3. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, 2001, გვ. 219.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის # ას-764-731-2014 გადაწყვეტილება.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის № სუსგ, საქმე N ას-1046-1007- 2016, 03.02.2017წ. გადაწყვეტილება.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის № ას-122-116-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის № ას-1046-1007-2016 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_174._ცნება._ურთიერთპატივისცემის_მოვალეობა&oldid=1580"