Gccc-logo.png


მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

3. თუ მესაკუთრე მოვალეა, ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია, ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა საგნობრივ კავშირშია 170-ე მუხლთან, რომელიც საკუთრებას განსაზღვრავს როგორც პირის უფლებას, „თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი“. ნორმა ადგენს მესაკუთრის უფლებამოსილებათა შეზღუდვებს, რომლებიც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ მოქმედებს. ნორმის გამოყენება ანალოგით შეიძლება ბინის მესაკუთრეებსა და დამქირავებლებზე. ნორმის მიზანია, უზრუნველყოს მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების რეგულირება და ყველა მიწის ნაკვეთის, როგორც ერთიანი სივრცის, გონივრულად გამოყენება.

II. თმენის ვალდებულება 175 I მუხლის მიხედვით

2

ნორმის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს თმენის ვალდებულება, თუ მეზობლად მდებარე ნაკვეთიდან მის ნაკვეთზე ხდება ნეგატიური ემისიების, მაგალითად: გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან

3

უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მეზობელ ნაკვეთზე „ზემოქმედება“ ნიშნავს პოზიტიურად ზემოქმედებას, რომლის მგრძნობელობითი აღქმა და ფიზიკურად დადგენა შესაძლებელია. ნორმით განსაზღვრული ზემოქმედების სახეობების გარდა, აუცილებელი წინაპირობაა, რომ ისინი ხელს არ უშლიდნენ მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფდნენ მის უფლებას. თუ რამდენად არის ზემოქმედება მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო და სახეზეა თუ არა მესაკუთრის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელყოფა, განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად მისაღებია საშუალო ადამიანისათვის ფაქტობრივი ზემოქმედების სიძლიერე და ხანგრძლივობა, ასევე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ცხოვრებისეული ჩვეულებები. უმნიშვნელოა ისეთი ზემოქმედება, როგორიცაა, მაგალითად, ერთხელ წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთზე მწვადის შეწვა და ამის შედეგად მეზობელ ნაკვეთზე სუნისა და კვამლის შეღწევა. ხმაურის ზემოქმედება მნიშვნელოვანია, თუ მეზობელი მიწის ნაკვეთიდან ხშირად გვიან ღამემდე ხმამაღალი მუსიკის ან ადამიანთა ხმამაღალი საუბრის ხმა ისმის.

III. თმენის ვალდებულება 175 II მუხლის მიხედვით

4

ნორმის II ნაწილი გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ პირველი ნაწილით განსაზღვრული ზემოქმედება არსებითია. წინაპირობა ისაა, რომ ზემოქმედება გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თუ რამდენად არსებითია ასეთი ზემოქმედება, განისაზღვრება იმავე მასშტაბის საფუძველზე. მაგალითად, ავტოფარეხში მოწყობილი ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებიდან მომდინარე ზემოქმედება სცდება უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობის ფარგლებს და, ავტოფარეხის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნევა ამ სახის ობიექტისათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად.[1] შესაბამისად, ასეთი ზემოქმედება არსებითია; ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობად იქნა მიჩნეული სოფელში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოვლა-პატრონობა,[2] ასევე, საცხოვრებელ სახლში განლაგებული ელექტროწისქვილი, რომელიც არ არის მძიმე მრეწველობის საწარმო ან წისქვილკომბინატი,[3] აგრეთვე, ნორმალური სამეურნეო საქმიანობაა აეროპორტის საქმიანობა, სპორტულ მოედნებზე გამართული ღონისძიებები, ყოველ დილით ეკლესიის ზარების რეკვა, საბავშვო ბაღის ბავშვების თამაშით გამოწვეული ხმაური და სხვ.

IV. ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება

5

175 III მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მოვალეა, ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია, ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება კონკრეტულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. ნორმა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით მოიცავს მხოლოდ II ნაწილის შემთხვევებს, რადგან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ზემოქმედებები ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფს მის უფლებას. ზემოქმედების მასშტაბი განისაზღვრება ისევე, როგორც ეს ზემოთ არის მითითებული. „შესაბამისი ფულადი კომპენსაცია“ უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის ემისიების ზემოქმედებით გამოწვეული ფაქტობრივი მდგომარეობისა და ემისიების გარეშე ჰიპოთეზური გამოყენების ღირებულებების შედარების შედეგად.

V. მტკიცების ტვირთი

6

175 I მუხლის შემთხვევაში, ემისიების ზემოქმედების გამომწვევი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ ზემოქმედება უმნიშვნელოდ ხელყოფს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას, ან ხელს არ უშლის მას მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. ხოლო მუხლის II ნაწილის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის ემისიების ზემოქმედება არსებითია, ასევე, ემისიებსა და მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლას შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომ ემისიებით გამოწვეული ზემოქმედებები თმენის ვალდებულებას აკისრებს მეზობელს, რადგან იგი უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგია და ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის № ას-764-731-2014 გადაწყვეტილება.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის № ას-1394-1410-2012 გადაწყვეტილება.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 1 იანვრის № 3კ-306-02 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_175._სამეზობლო_ზემოქმედებათა_თმენის_ვალდებულება&oldid=1582"