Gccc-logo.png


მუხლი 176. დაუშვებელი ხელყოფა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 176. დაუშვებელი ხელყოფა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის მიზანია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების დაცვის გაფართოება. როგორც წესი, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, ემისიების ზემოქმედებათა აღკვეთა, ასევე საკუთრების ნებისმიერი ხელყოფა (გარდა ჩამორთმევისა) ან ხელშეშლა მოითხოვოს 172 II მუხლის თანახმად. ამასთან, 172 II მუხლის მოქმედების სფერო ვრცელდება უკვე განხორციელებულ ქმედებებზე, ხოლო 176-ე მუხლი პრევენციული ხასიათისაა[1] და არის წინასწარი დაცვის საშუალება ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის შემთხვევებისათვის.

II. ნორმის წინაპირობები

2

ნორმის წინაპირობა ისაა, რომ მიწის ნაკვეთზე ხდება ან განზრახულია („ეს იმთავითვე აშკარაა“) ნაგებობის აშენება და ექსპლუატაცია.

1. ნაგებობის ცნება

3

ნაგებობა, ამ მუხლის გაგებით, არის ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის დროებითი სარგებლობისათვის გამიზნული. აუცილებელი წინაპირობა არ არის, რომ ნაგებობა მიწის ნაკვეთთან ისე იყოს დაკავშირებული, როგორც უძრავი ნივთი.[2] კანონი ასეთ წინაპირობას არ შეიცავს და ეს მოსაზრება შეესაბამება 176-ე მუხლის ფუნქციას, უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების წინასწარი დაცვა საკუთრების მოსალოდნელი ხელყოფისაგან. მიწის ნაკვეთის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ადამიანის ხელით არ არის შექმნილი, არ არის ნაგებობა. ნაგებობა არ არის ასევე ხეები ან ბუჩქები. მათზე ვრცელდება 178-ე მუხლი. ნაგებობა არის, მაგალითად: გაზის და წყლის გაყვანილობა, ავტოსადგომი, შენობის ნანგრევები და სხვ.

2. მეზობელი მიწის ნაკვეთი

4

გაბატონებული შეხედულების თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთი არის არა მხოლოდ უშუალოდ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი, არამედ ყველა ის ნაკვეთი, რომელზეც აშენებული ნაგებობიდან ზემოქმედების შესაძლებლობა არსებობს,[3] რადგან აზრს მოკლებულია უშუალოდ მოსაზღვრე და შორს მდებარე მიწის ნაკვეთთა გამიჯვნა, ვინაიდან ნაკვეთის მდებარეობას არა აქვს ნორმის მიზანთან ტელეოლოგიური კავშირი.

3. დაუშვებელი ხელყოფა

5

მიწის ნაკვეთით სარგებლობის დაუშვებელი ხელყოფა გამომდინარეობს არა 176-ე მუხლიდან, არამედ 175-ე მუხლიდან. ვინაიდან ნორმა უფლებების წინასწარი დაცვის საშუალებაა, საკმარისია არა აბსოლუტური, არამედ ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდი, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზემოქმედებები მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებების ხელყოფას გამოიწვევს.[4] მაგალითად, „დაუშვებელ ხელყოფაში“ იგულისხმება ნაგებობის იმგვარი ექსპლუატაცია, რომელიც სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულების კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უსაფრთხოება, დადგენილი წესებით, დაცული არ არის.[5] მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ ნაგებობა, ფაქტობრივად, შეიძლება გამოყენებულიც არ იქნეს. საკმარისია ის, რომ არსებობს დაუშვებელი ხელყოფის შესაძლებლობა.

III. სამართლებრივი შედეგი

6

ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, მოთხოვნის უფლების სამართლებრივი შედეგი არის ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, ნაგებობის აშენების აკრძალვის მოთხოვნა წარმოიშობა არა მხოლოდ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოთა დაწყების მომენტში, არამედ, როდესაც ცნობილი ხდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის განზრახვა. თუ ნაგებობა უკვე აშენებულია, ამ შემთხვევაში მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, როდესაც ნაგებობის საექსპლუატაციოდ მიღება სავარაუდოა.

7

მოთხოვნის უფლების მფლობელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. Nორმა ანალოგიის გზით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანივთო უფლების მფლობელის სასარგებლოდ. მაგალითად: აღნაგობის მფლობელის, უზუფრუქტუარის, ასევე, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მიწის ნაკვეთის მფლობელების მიერ (დამქირავებელი, მოიჯარე).

8

მოთხოვნის უფლების მფლობელი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის აშენება ან ექსპლუატაცია დაუშვებლად ხელყოფს მესაკუთრის მიერ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის # ას-122-116-2014 გადაწყვეტილება.
  2. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, $ 907, Rn. 2.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის # ას-122-116-2014 გადაწყვეტილება; Bassenge, in Palandt BGB-Kommentar, 75. Aufl., $ 907, Rn. 1; Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, $ 907, Rn. 2.
  4. Säcker, იქვე, Rn. 10.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის # ას-740-956-08 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_176._დაუშვებელი_ხელყოფა&oldid=1584"