Gccc-logo.png


მუხლი 177. საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 177. საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა ან ამ წყლებით მანიპულირება ისე, რომ ამან სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის შემცირება ან/და ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს; დაუშვებელია მდინარეთა ბუნებრივი დინების ხელყოფა.

I. ზოგადი დებულებები

1

ზოგადი წესების თანახმად, შენობის ჩამონგრევის შემთხვევაში შენობის მესაკუთრეს უნდა აუნაზღაურდეს ჩამონგრევის შედეგად წარმოშობილი ზიანი, 992-ე მუხლის მიხედვით. მას ასევე აქვს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება, 172 II მუხლის თანახმად. ორივე შემთხვევაში, მოთხოვნის უფლების წინაპირობაა ის გარემოება, რომ მოხდა შენობის ჩამონგრევა, ან ხელშეშლა უკვე განხორციელებულია. 177-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების წინასწარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლებას. ნორმა ეფუძნება მოსაზრებას, რომ 176-ე მუხლის შემადგენლობა შენობის მოსალოდნელი ჩამოქცევის შემთხვევაში არ არის მოცემული, რადგან 177-ე მუხლი მოიცავს არა ნაგებობის არსებობით გამოწვეულ ხელშეშლას, არამედ ბუნების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას. ზოგადად, შენობის ჩამოქცევა შესაძლებელია, არა მხოლოდ ბუნების კანონებიდან გამომდინარეობდეს, არამედ შენობის მდგრადობის სიმცირის შედეგად იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება, ასევე, 176-ე მუხლი.

II. ნორმის წინაპირობები

1. ნორმის საკანონმდებლო შემადგენლობა

2

ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთს უნდა ემუქრებოდეს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე. მოთხოვნის უფლება შეეხება მხოლოდ მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე საფრთხეებს. მეზობელი ნაკვეთი, ამ მუხლის გაგებით, არის არა უშუალოდ მოსაზღვრე ნაკვეთი, არამედ ყველა ის ნაკვეთი, რომლებზეც, ობიექტური გარემოებების საფუძველზე, საფრთხის განხორციელების დიდი ალბათობა არსებობს.

3

საფრთხე უნდა მოდიოდეს უკვე არსებული შენობის ფაქტობრივი მდგო მარეობიდან. ამ გარემოების გამომწვევ მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა. ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არის შენობის მესაკუთრის ბრალეულობა და, როგორც წესი, არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიტანა წვლილი მესაკუთრის ბრალეულმა ქმედებამ შენობის ჩამოქცევის საფრთხის წარმოშობაში. შენობის ფაქტობრივი მდგომარეობა შესაძლებელია საფრთხის წარმოშობის ერთადერთი გარემოება არც იყოს. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბუნების ძალების ზემოქმედებით შენობის ჩამოქცევის საფრთხე განსაკუთრებულად იზრდება.

4

ნორმის II წინადადებით იკრძალება რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა, ამ წყლებით მანიპულირება, რომელმაც სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის შემცირება ან/და ხარისხის გაუარესება გამოიწვია; ასევე, ნორმით განსაზღვრულია მდინარეთა ბუნებრივი დინების ხელყოფის აკრძალვა.

2. მოთხოვნის უფლების შინაარსი

5

მოთხოვნის უფლება მიმართულია საფრთხის თავიდან ასაცილებლად შენობის მესაკუთრის მიერ აუცილებელ ღონისძიებათა გატარებისკენ. კონკრეტულ შემთხვევებში ასეთი ღონისძიებები შეიძლება იყოს: შენობის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება, ან შენობის მთლიანად ან მხოლოდ ნაწილის დანგრევა. კონკრეტული ღონისძიებების გატარება არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს. გასატარებელ ღონისძიებათა ხარჯები, როგორც წესი, მოთხოვნის წარმოშობისათვის არ არის მნიშვნელოვანი. მოთხოვნის უფლების მფლობელის თვითდახმარების უფლება მხოლოდ 118-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებშია მოცემული. 176-ე მუხლისაგან განსხვავებით, მოთხოვნის უფლების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე მიწის ნაკვეთის მფლობელი, მაგალითად, დამქირავებელი ან მოიჯარე (ანალოგიის გზით), რადგან ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლების განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მესაკუთრის მსგავსად (161).[1]

III. მტკიცების ტვირთი

6

მოთხოვნის მფლობელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მეზობელ ნაკვეთზე აღმართული შენობის ჩამონგრევის ან ჩამოქცევის საფრთხე არსებობს. ასევე, მან უნდა დაამტკიცოს, რომ შენობის მესაკუთრეს არ განუხორციელებია საფრთხის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები.




  1. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 907, Rn. 16.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_177._საფრთხის_აღკვეთის_მოთხოვნა&oldid=1586"