Gccc-logo.png


მუხლი 178. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლება ნაყოფზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 178. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლება ნაყოფზე


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობელ მიწის ნაკვეთზე დავარდა, იგი ჩაითვლება ამ ნაკვეთის ნაყოფად.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის მიზანია მეზობლებს შორის კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ხის ან ბუჩქის ნაყოფზე საკუთრების წარმოშობის წინაპირობების განსაზღვრა. როგორც წესი, მცენარის ნაყოფი მცენარის მესაკუთრის საკუთრებაა, მაგრამ მეზობლის ნაკვეთზე შეღწევის გამო, პოტენციური კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, 178 I განსაზღვრავს, რომ ნაყოფი არის იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრება, რომელზეც დავარდა იგი. ნორმის მეორე ნაწილის მიზანიც მეზობლებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებაა.

II. 178 I მუხლის წინაპირობები

2

ნაყოფი, ამ მუხლის გაგებით, არის 154 I მუხლით განსაზღვრული ნივთები, მაგრამ არა ხის ან ბუჩქის მოტეხილი ტოტები. მიწის ნაკვეთზე დავარდნა ნიშნავს, რომ მოხდა ნაყოფის განცალკევება ხისგან ან ბუჩქისგან და ამის შედეგად შეაღწია მან მეზობელ მიწის ნაკვეთზე. განცალკევებამდე ნაყოფი იმ პირის საკუთრებაა, ვისი საკუთრებაც არის ხე ან ბუჩქი. მეზობელს არა აქვს ხისგან ნაყოფის განცალკევების უფლება იმ შემთხვევაშიც, თუ ნაყოფი მისი მიწის ნაკვეთის სივრცეშია; მეორე მხრივ, ხის ან ბუჩქის მესაკუთრეს არა აქვს მეზობლის მიწის ნაკვეთზე შესვლის უფლება ნაყოფის განცალკევების მიზნით. ნაყოფის მიწის ნაკვეთზე დავარდნის გამომწვევ მიზეზს (ნაყოფის სიმწიფე, ქარი, ადამიანის ზემოქმედება და სხვ.) არა აქვს მნიშვნელობა. თუ ნაყოფის დავარდნა გამოწვეულია მეზობლის ზემოქმედების შედეგად, მაშინ ამ მუხლის მიზნიდან გამომდინარე, ეს მეზობელი ვერ მოიპოვებს საკუთრებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნაყოფის დაკრეფის უფლება მინიჭებული აქვს ხის მესაკუთრისაგან.

III. 178 II მუხლის წინაპირობები

3

ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია, მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა. ნორმა წარმოადგენს თვითდახმარების უფლებას. სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს ფესვებისა და ტოტების მოჭრის უფლება აქვს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ ხდება მისი საკუ თრების ხელშეშლა. სამეზობლოსამართლებრივი ნორმების მიზნიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ნორმის გამოყენება ტელეოლოგიური რედუქციის გზით მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც ფესვებისა და ტოტებისგან მეზობლის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლა ხდება, ან მესაკუთრის უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა; სხვა შემთხვევაში განხორციელებული ქმედება უფლებების ბოროტად გამოყენება იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფესვების ან ტოტების მოჭრამ გამოიწვია ხის ან ბუჩქის გახმობა.

4

გარდა ამისა, ნორმით არ არის განსაზღვრული, თუ ვის საკუთრებაში უნდა იყოს მოჭრილი ფესვები და ტოტები. ვინაიდან კანონი მეზობლის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მოჭრის უფლებას ანიჭებს, უნდა დავუშვათ, რომ მას აქვს მოჭრილ ნივთებზე საკუთრების უფლებაც.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_178._მეზობელი_ნაკვეთის_მესაკუთრის_უფლება_ნაყოფზე&oldid=1589"