Gccc-logo.png


მუხლი 179. ფულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 179. ფულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.

2. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის მიზანია, დააბალანსოს მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება ანაზღაურდება შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. 179-ე მუხლი არის 170-ე მუხლის მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობით იზღუდება. ნორმის მიხედვით, არსებობს საჯარო ინტერესი, შენარჩუნდეს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობა, რის გამოც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის განმახორციელებელი მეზობლის მიმართ არ აქვს ნაგებობის დანგრევის მოთხოვნის უფლება.[1]

II. ნორმის წინაპირობები

2

179-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების შეზღუდვა შესაძლებელია შემდეგი წინაპირობების განხორციელების შემთხვევაში:

1. მშენებლობა

3

ნორმის მიხედვით, როცა მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევა მოხდა მშენებლობის შედეგად. ნორმა არ განსაზღვრავს კონკრეტუ ლად, შენობა აშენდა თუ სხვა სახის ნაგებობა აღიმართა. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, „მშენებლობის“ ცნება ფართოდ არ უნდა იქნეს გაგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა საკუთრების შინაარსის შეზღუდული გაგება; სხვა შემთხვევაში, მესაკუთრის ნივთით სარგებლობის უფლება უგულებელყოფილი იქნებოდა ნაკლებად ღირებული მშენებლობების განხორციელებისას, როგორებიცაა: ღობე, კედელი ან საკომუნიკაციო ქსელი. გამომდინარე აქედან, მშენებლობა მოიცავს არა მხოლოდ შენობებს, რომლებიც მიწასთან მყარად არის დაკავშირებული, არამედ ნებისმიერი ტიპის ნაგებობებს, მათ შორის ისეთს, რომელიც მხოლოდ დროებითი სარგებლობისათვის არის აგებული, მაგრამ მიწის ნაკვეთთან მყარად არის დაკავშირებული. ნორმის წინაპირობა ისაა, რომ მშენებლობის შედეგად ერთიანი ნივთი შეიქმნა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა უკვე არსებული შენობა/ნაგებობის სახეცვლილება ან გაფართოება, ნორმა არ გამოიყენება.[2]

2. საზღვრის დარღვევა

4

საზღვრის დარღვევითაა განხორციელებული მშენებლობა, თუ შენობის ნაწილი მეზობელი მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული, ან მეზობელი ნაკვეთის სივრცეში მდებარეობს, მაგალითად, სახლის აივანი.[3] მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რა ზომის ნაწილია გადასული მეზობელ ნაკვეთზე. საზღვრის დარღვევად არ ჩაითვლება ის შემთხვევები, როდესაც მთლიანი შენობა, და არა მისი ნაწილი, მეზობელ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, საზღვრის დარღვევის ქმედება განხორციელებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ. სამართლებრივად მნიშვნელოვანია ის შემთხვევები, როდესაც საზღვრის დარღვევის ქმედება განხორციელებულია მესამე პირების, კერძოდ, სანივთო უფლებების მფლობელების ან მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ, მაგალითად, მოიჯარის მიერ. მაშასადამე, უნდა შეერაცხოს თუ არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მესამე პირების მიერ განხორციელებული ქმედება, ვინაიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობა გამოიწვევს მესაკუთრის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას? უდავოა ის შემთხვევები, როდესაც მესამე პირი მშენებლობას განახორციელებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით,[4] სხვა შემთხვევებში 179-ე მუხლი არ გამოიყენება.

3. მესაკუთრის ბრალეულობა

5

ნორმის მიხედვით, მესაკუთრის ქმედება განხორციელებული უნდა იყოს გაუფრთხილებლობით ან განზრახი ბრალის გარეშე. გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც არღვევს აუცილებელი წინდახედულების ნორმას და მშენებლობას განახორციელებს. როგორც წესი, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე პასუხს აგებს იმ პირების მიერ განხორციელებული ქმედებებისათვის, რომელთაც მან მშენებლობის დავალება მისცა.

4. მეზობლის საწინააღმდეგო განცხადება

6

ნორმის მიხედვით, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. მეზობლის საწინააღმდეგო განცხადება შეიძლება დასაბუთების გარეშეც განხორციელდეს. მნიშვნელოვანია მხოლოდ გამოხატული ნება, რომ იგი არ მოითმენს საზღვრის დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას. საწინააღმდეგო განცხადების განუცხადებლობის შემთხვევაში, წარმოიშობა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება.

III. სამართლებრივი შედეგი

1. მეზობლის თმენის ვალდებულება

7

მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია, ითმინოს საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობა. თმენის ვალდებულება მეზობელ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულია განუყოფლად. მშენებლობის შეწყვეტა გამოიწვევს თმენის ვალდებულების გაუქმებასაც.

2. ფულადი კომპენსაციის ვალდებულება

8

ნორმის II ნაწილის მიხედვით, საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, ყოველწლიურად წინასწარ გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია. კომპენსაცია არის თმენის საფასური ნაკვეთის სარგებლიანობის შემცირების გამო. კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრა მეზობლების ნებაზეა დამოკიდებული.

3. საკუთრების უფლება მშენებლობაზე

9

ნორმა არ აწესრიგებს საზღვარს გადაცდენილი მშენებლობის საკუთრების საკითხს. როგორც წესი, თუ მშენებლობა ორ მიწის ნაკვეთზეა განხორციელებული, გაბატონებული შეხედულების[5] თანახმად, საკუთრების მხრივ შენობა იყოფა საზღვრის გასწვრივ ვერტიკალურად („superficies solo cedit“). ამ წესიდან გამონაკლისს ადგენს 179-ე მუხლი, რომელიც საზღვრის დარღვევით აშენებული შენობის რეალურ გაყოფას დაუშვებლად მიიჩნევს. ნორმის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრის მიღმა აშენებული შენობის ნაწილი არა მეზობელი მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, არამედ ის არის მთლიანი შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, მესაკუთრის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია.[6] მხარეებს შეუძლიათ, 179-ე მუხლისგან განსხვავებული პირობები განსაზღვრონ. ამ შემთხვევაში 179-ე მუხლი არ გამოიყენება.




  1. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 912, Rn. 1.
  2. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 912, Rn. 6; განსხვავებული მოსაზრება: ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 179, გვ. 107.
  3. Säcker, იქვე, Rn. 8.
  4. Bassange, in Palandt Kommentar, 62 Aufl., § 912, Rn. 5; Säcker, იქვე, Rn. 10; განსხვავებული მოსაზრება: ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 179, გვ. 107.
  5. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 912, Rn. 34.
  6. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 912, Rn. 34; განსხვავებული მოსაზრება: ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 179, გვ. 108.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_179._ფულადი_კომპენსაცია_თმენის_ვალდებულებისათვის&oldid=1591"