Gccc-logo.png


მუხლი 18¹. პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 18¹. პერსონალური მონაცემების მიღების უფლება


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მასზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს და ჩანაწერებს, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან, და მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც მოიცავს პერსონალურ მონაცემებს ან ჩანაწერებს მის შესახებ.

3. ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა პირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული მონაცემების, ინფორმაციის საიდუმლოება.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებანი

1

პერსონალური მონაცემები პირის იდენტიფიცირების საშუალებას წარმოადგენს. იგი როგორც კერძო, ისე საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისას პირის უფლებების დაცვის გარანტიაა. პერსონალური მონაცემების ღიაობა მხოლოდ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისას არის შესაძლებელი.[1] საჯარო სამართალში არსებული მოწესრიგებისგან განსხვავებით, განსახილველი ნორმის მიზანს კერძო სამართლის სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა წარმოადგენს. საჯარო სამართლის სივრცეში ინფორმაციის თავისუფლება პერსონალურ მონაცემებზე ითვალისწინებს ზოგიერთ გამონაკლისს,[2] რომელიც შეიძლება თანამდებობის პირებსაც ეხებოდეს.[3]

1. ნორმის კონსტიტუციური საფუძვლები

2

განსახილველი ნორმის კონსტიტუციურ საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას, კერძოდ, საჯარო დაწესებულებებიდან პირის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მოიცავს. აღნიშნული მუხლი არაპირდაპირი სახით ასახვას პოვებს კოდექსში იმდენად, რამდენადაც, განსხვავებით საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგებისგან, კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა ასეთი ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება პირს კერძო სამართლის იურიდიული პირებისგანაც მიანიჭა. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააჩნია ე.წ. დამხმარე ხასიათი სხვა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად,[4] თუმცა სხვა უფლებების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, იმ პირის უფლებების დაცვის პირდაპირპროპორციულად უნდა იქნეს განხილული, ვისაც ასეთი სახის ინფორმაცია ეხება.

3

ნორმის კონსტიტუციური საფუძველი ასახვას პოვებს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვაში. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის მქონე უფლებას.[5]

2. ინფორმაციის თავისუფლება სამოქალაქო სამართალში

4

ინფორმაციის თავისუფლება სამოქალაქო სამართალში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. განსხვავებით საჯარო (ადმინისტრაციული) სამართლისგან, კოდექსი არ განსაზღვრავს ინფორმაციის მიღებისთვის კონკრეტული ვადების დაწესებას, თუმცა ანალოგიის არსიდან გამომდინარე (სზაკ-ის III თავი), შესაძლებელია ანალოგიის გზით მოხდეს გონივრული ვადების დადგენა.

5

იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გამცემი ორგანო არ აწვდის პირს ინფორმაციას ამ მუხლში გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებით, სასამართლოს გზით ასეთი მონაცემების მიღების უფლებამოსილება სამოქალაქო წესით განისაზღვრება. თუმცა, სამართლებრივი ფორმის მიუხედავად (შპს, სს და სხვ.), ინფორმაციის მიღება საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების საფუძვლიდან გამომდინარეობს, პირის მიერ შესაბამისი მოთხოვნის დაყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

6

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა არ ითვალისწინებს ისეთ შეზღუდვებს, როგორიც ეს საჯარო სამართალშია მოცემული. თუმცა, საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის გაცემის დარად, კერძო სამართლის სუბიექტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება ასევე არ იყოს სრულყოფილი სახის.[6] კერძოდ, მასში არ იყოს ნაჩვენები ის პასუხი, რისი მიღებაც ინფორმაციის მომთხოვნს სურდა და სხვ. ასეთის არსებობისას, პირს წარმოეშობა უფლებამოსილება სამოქალაქო წესით მოახდინოს საკუთარი უფლების დაცვა და სასამართლოს გზით დაავალოს პირს, სრულყოფილი სახით მიაწოდოს მას სასურველი ინფორმაცია.

II. 18¹ I პერსონალური მონაცემების გაცნობის უფლებამოსილება

1. პერსონალური მონაცემების განმარტება

7

პერსონალური მონაცემების დეფინიცია მოცემულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონი, ერთი მხრივ, იცავს პირის უფლებებსა და ხელშეუხებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი მოწესრიგების სფერო პირის მიერვე ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას არ ეწინააღმდეგება. პერსონალური მონაცემების არსებობის საკითხი ზოგ შემთხვევაში შეიძლება განმარტების საგანი გახდეს. აქ იგულისხმება ისეთი პირობები, როდესაც მესამე პირი ითხოვს ინფორმაციას და მას ამ ინფორმაციას არ აწვდიან საიდუმლოების გამო.

8

პერსონალური მონაცემების დიფერენციაცია მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, რომლის მიხედვითაც მას გამოყოფილი აქვს ორი ძირითადი კატეგორია: ჩვეულებრივი და განსაკუთრებით მგრძნობიარე პერსონალური ინფორმაცია,[7] რაც სადავოა.[8] მართალია, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ინფორმაციის გამოთხოვნის საკითხს ეხება, თუმცა მისი გავრცელება შეიძლება სამოქალაქო სამართალზეც მოხდეს.

2. დაინტერესებული პირი

9

პირი ჩაითვლება დაინტერესებულად ინფორმაციის მოპოვებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მონაცემები მას ეხება. გამონაკლისს წარმოადგენს 18¹ III მუხლი, რომელიც სხვა პირის მიერ ინფორმაციის მიღების საკითხს ეხება. დაინტერესებული პირი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს ის, თუ რა მიზნით სურს მას ინფორმაციის მიღება. ინფორმაციის გამომთხოვნის მოტივს ასეთ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება.[9]

3. ფინანსური/ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია

10

ფინანსურ და ამასთანავე, ქონებრივ მდგომარეობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინფორმაცია პირის სახელფასო განაკვეთის, ასევე შემოსავლების ოდენობის თაობაზე, რომლის დროსაც დამსაქმებელი ვალდებულია, მიაწოდოს დასაქმებულს ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში ინფორმაცია სახელფასო განაკვეთის/შემოსავლების ოდენობის შესახებ. ასევე, ინფორმაცია, რომელიც ხელფასის ან ნებისმიერი ფულადი შემოსავლის პირის ანგარიშზე ჩარიცხვის საკითხს ეხება. მაგალითად, ბანკიდან რამდენიმე თვის (კონკრეტული პერიოდის) სახელფასო ამონაწერი, რომლითაც ხდება იმის იდენტიფიკაცია, თუ რა თანხა იქნა პირის საბანკო ანგარიშზე ასახული და რა პერიოდულობით მოახდინა მან თანხის განკარგვა. ბანკს ასეთი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ გააჩნია, თუმცა სხვა პირს ასეთი სახის მონაცემები არ უნდა მიაწოდოს მან.[10]

4. კერძო საკითხების შესახებ ინფორმაცია

11

კერძო საკითხების შესახებ ინფორმაცია გარდა მატერიალურისა, არამატერიალურ ინფორმაციასაც მოიცავს.[11] შესაბამისად, გარდა ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობისა, პირს უფლება აქვს ინფორმაცია მიიღოს ისეთი სახის კერძო საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა და სხვ. ამასთან, კერძო სფეროდ მოაზრებულ უნდა იქნეს ყველა ის საკითხი, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო საკითხს და რომელიც საჯარო-სამართლებრივ საწყისებზე არ არის აგებული.[12]

5. ასლების მიღების უფლებამოსილება — კავშირი ადმინისტრაციულ სამართალთან

12

ინფორმაცია, რომელიც პირს უნდა მიეწოდოს, უმეტეს შემთხვევაში ასლების მიწოდების საფუძველზე ხდება. აღნიშნული არ ეხება ცნობებს, რომლის ორიგინალსაც გასცემს კონკრეტული იურიდიული პირი. ასლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ საფუძვლით, თუ ამ ქმედებით არ მოხდება სხვა პირთა უფლებების დარღვევა (მაგალითად, თუ მასში არ იქნება აღნიშნული სახელმწიფო, კომერციული ან/და სხვა სახის ინფორმაცია).

6. ინფორმაციის გაცემის დამაბრკოლებელი საშუალებენი

13

ინფორმაციის გაცემის ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად კოდექსი განსაზღვრავს საიდუმლოების საკითხს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა მოწესრიგებული (გამონაკლისია 18¹ II მუხლი, რომელიც აკონკრეტებს ქცევის აღნიშნულ წესს). აღნიშნული შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფო, კომერციულ ან სხვა საიდუმლოებას.

III. 18¹ II პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები

14

საიდუმლოების არსებობის შემთხვევაში, კანონი იცნობს პირის შესახებ პერსონალური მონაცემების ან ჩანაწერების გაცემის სავალდებულობას. ინფორმაცია, რომელიც მას სურს მიიღოს, შესაძლებელია ეხებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომელშიც მისი სახელი ფიგურირებს, თუმცა ასეთის არსებობისას, ინფორმაციის გამცემი ვალდებულია დოკუმენტის შინაარსის (დოკუმენტში არსებული დათქმის იდენტიფიკაციის) გარეშე გასცეს ასეთი სახის ჩანაწერი მასზე. კერძოდ, ინფორმაციის გამცემი ასეთის არსებობისას გასცემს ე.წ. ზოგადი ხასიათის ჩანაწერს, რომლითაც პირს მიეთითება საიდუმლოების შემცველი ფაქტის შესახებ.

IV. 18¹ III მესამე პირის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია

1. მონაცემების ადრესატის (სუბიექტის) წერილობითი თანხმობის საფუძველზე ინფორმაციის გაცემის სავალდებულობა

15

პერსონალური მონაცემების ხასიათიდან გამომდინარე, მესამე პირის მიერ სხვა პირის თაობაზე ასეთი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევა- ში, მას უნდა გააჩნდეს წერილობითი თანხმობა, რომლითაც დადასტურდება, რომ ინფორმაციის მიღების სუბიექტი შესაბამისი ნების საფუძველზე მოქმედებს. წერილობითი თანხმობა არაა საჭირო, როდესაც ინფორმაციას ითხოვს მეურვე, კანონიერი წარმომადგენელი ან გარდაცვლილის მემკვიდრე (უფლებამოსილი პირი).

16

წერილობითი თანხმობა აუცილებელია ასევე იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ორ ან ორზე მეტ სუბიექტს ეხება და თუ მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაცემის გარეშე ინფორმაცია თავის არსს დაკარგავს. ასეთი თანხმობის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის გამცემი ვალდებულია მიაწოდოს პირს სასურველი მონაცემები.

2. კონფიდენციალურობა

17

პირი, რომელიც სხვა პირის თანხმობის საფუძველზე იღებს ინფორმაციას, ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა, ინფორმაციის საიდუმლოება. მას ეკისრება ანალოგიური ვალდებულებანი, რაც იმ პირს, რომელთანაც სწორედ გამოთხოვნილი ინფორმაციაა დაცული. კონფიდენციალობის დარღვევის (ინფორმაციის გასაჯაროების და სხვ.) შემთხვევაში, ინფორმაციის მომთხოვნს დაეკისრება ანალოგიური ვალდებულებანი, რაც ინფორმაციის გამცემს, ასეთი სახის მონაცემები რომ გაესაჯაროებინა.

V. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

18

განსახილველი სამართლებრივი ინსტიტუტის კავშირი წარმოდგენილია ინფორმაციის თავისუფლების საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგების საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობისა, პერსონალური მონაცემების შემთხვევაში საკითხის მოწესრიგება, ადმინისტრაციული სამართლის მსგავსად, მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოების დაცვით უნდა მოხდეს.

19

პერსონალური მონაცემების გაცემის ან გაუცემლობის საფუძველზე შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. თითოეული ასეთი საკითხი კონკრეტული განსჯის საგანს წარმოადგენს და მისი მოწესრიგება კოდექსის შესაბამისი ნორმებით განისაზღვრება.




  1. იხ. სუს განჩინება, 5 ივლისი, 2010, #ბს-1278-1210(კ-08).
  2. იხ. სუს გადაწყვეტილება, 4 ოქტომბერი, 2006, #ბს-333-317(კ-06).
  3. ჯორბენაძე, ინფორმაციის თავისუფლება, 2012, გვ. 23.
  4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტ- თა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
  5. იხ. ქანთარია, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, 2013, მუხ. 41, გვ. 504.
  6. იხ. ჯორბენაძე, საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოში, სამართლის ჟურნალი, 1/2012, გვ. 184-195.
  7. სუს განჩინება, 5 ივლისი, 2010, #ბს-1278-1210(კ-08).
  8. ჯორბენაძე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, როგორც პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემი, სამართლის ჟურნალი, 2/2012, გვ. 71-81.
  9. იხ. ჯორბენაძე, ინფორმაციის თავისუფლება, 2012, გვ. 46.
  10. იხ. სუს განჩინება — აღწერილობითი ნაწილი, 17 მაისი, 2012, #ას-461-437-2012.
  11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
  12. ბიჭია, კერძო ცხოვრებისა და საადვოკატო საიდუმლოების სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვა, თანამედროვე სამართლის მიმოხილვა, 1/2013, გვ. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_18¹._პერსონალური_მონაცემების_მიღების_უფლება&oldid=969"