Gccc-logo.png


მუხლი 180. აუცილებელი გზა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 180. აუცილებელი გზა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოი- შობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუ- თრის თვითნებური მოქმედებით.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმით მოწესრიგებულია სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც არის საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივი მექანიზმი.[1] ნორმის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად ნორმა ვალდებულებას აკისრებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელსაც არა აქვს ეს კავშირი, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია. სარგებლობის უფლება – ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „aucilebeli gzis servituti“, „servitus necessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა.[2]

II. 180 I მუხლის წინაპირობები

1. საჯარო ქსელები

2

180 I მუხლის წინაპირობაა ის, რომ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. საჯარო ქსელები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ნორმის მოქმედების სფერო არ ვრცელდება კერძო საკუთრების ქსელებთან დაკავშირების საკითხზე.

3

ნორმის თანახმად, მიწის ნაკვეთი არ არის საჯარო ქსელებთან დაკავშირებული, თუ იგი იზოლირებულია სხვა მიწის ნაკვეთების გამო; მიწის ნაკვეთის იზოლირება სახეზეა იმ შემთხვევაშიც, თუ მდებარეობის გამო მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი არ არის დაკავშირებული საჯარო ქსელებთან და დანარჩენი ნაწილის დაკავშირება აუცილებელია მიწის ნაკვეთზე ნორმალური სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისათვის; ასევე, თუ არსებული კავშირი ვერ უზრუნველყოფს სამეურნეო საქმიანობის განხორციელებას.[3] მაშასადამე, 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას.[4] ნორმის წინაპირობა არ არის ის, რომ მიწის ნაკვეთს ნორმაში მითითებულ ყველა საჯარო ქსელთან ეზღუდებოდეს დაკავშირება, საკმარისია ერთ-ერთ ქსელთან კავშირის უქონლობაც. აუცილებელი გზის მოთხოვნა წარმოიშობა, მაგალითად, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მიწის ნაკვეთი დაკავშირებულია საჯარო ქსელებთან, მაგრამ არსებული ქსელები ყოველწლიური წყალდიდობის ან სხვა ბუნებრივი მოვლენების გამო ხშირად ზიანდება, რაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

2. ჯეროვანი გამოყენება

4

აუცილებელი გზა უნდა ემსახურებოდეს მიწის ნაკვეთის ჯეროვან გამოყენებას. ეს განისაზღვრება მიწის ნაკვეთზე საქმიანობის ფაქტობრივი საჭიროებების მიხედვით. მნიშვნელობა არა აქვს მიწის ნაკვეთის მესაკუ- თრის მხოლოდ პიროვნულ შეხედულებებს, სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანს.[5] ჯეროვანი გამოყენების მასშტაბის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის დამახასიათებელი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამასთან, ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს მიწის ნაკვეთის მიზნობრივ გამოყენებასა და ბუნებრივ (კლიმატურ, ტექნოლოგიურ) გარემოებებს.

3. აუცილებელი კავშირი

5

მიწის ნაკვეთის აუცილებელი კავშირით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო ინსტრუმენტი იმისათვის, რათა დადგინდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის გადაუდებელი ინტერესი. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევა- ში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას.[6] ვინაიდან აუცილებელი გზა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას გამოიწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს. მხოლოდ მიზანშეწონილობა არ არის საკმარისი კრიტერიუმი.

4. მოთხოვნის მფლობელი და მოწინააღმდეგე მხარე

6

ნორმის მიხედვით, აუცილებელი გზის მოთხოვნის მფლობელი არის იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელსაც არა აქვს საჯარო ქსელებთან კავშირი. მოთხოვნის უფლება არა აქვთ ნაკვეთზე შეზღუდული სანივთო უფლებების მფლობელებს.

7

აუცილებელი თმენის ვალდებულება აქვს ყველა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელზეც შესაძლებელია საჯარო ქსელებთან დაკავშირება. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი რამდენიმე პირის საკუთრებაა, მაშინ მოთხოვნის უფლება მიმართულია ყველა თანამესაკუთრისკენ.

5. მოთხოვნის მოცულობა

8

მოთხოვნის მფლობელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს აუცილებელი გზის გაყვანა მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებით. მას აქვს არჩევანის თავისუფლება, თუ შესაძლებელია აუცილებელი გზის გაყვანა სხვადასხვა მიწის ნაკვეთებზე გავლით, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესები, მათი მდებარეობა და ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ყველა მესაკუთრის ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.

6. კომპენსაციის მოთხოვნა

9

პირს, რომლის მიწის ნაკვეთზეც აუცილებელი გზა გავა, აქვს კომპენსაციის გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. კომპენსაციის მოცულობა განისაზღვრება ნაკვეთის გამოყენების მიხედვით და არა აუცილებელი გზის სარგებლიანობის საფუძველზე.

III. 180 II მუხლის წინაპირობები

10

ნორმის მიხედვით, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის გამო თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. ნორმის თანახმად, პირი, რომელიც თავისი ქმედებით, თავისუფალი ნების საფუძველზე, წყვეტს მიწის ნაკვეთის დაკავშირებას საჯარო ქსელებთან, არ საჭიროებს დაცვას სხვა მესაკუთრის ინტერესების ხარჯზე. მაგალითად, თვითნებურად მოქმედებს მესაკუთრე, რომელიც მიწის ნაკვეთზე მშენებლობის გამო კავშირს წყვეტს საჯარო ქსელებთან, ასევე, თუ მისი თანხმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთის დაკავშირება გაუქმდება. სამართლებრივი პრობლემაა მიწის ნაკვეთის ნაწილის გაყიდვის შემთხვევები, როდესაც გაყიდულ ნაწილზე არ არსებობს საჯარო ქსელებთან კავშირი. გაბატონებული შეხედულების[7] თანახმად, ამ შემთხვევებში, აუცილებელი გზის მოთხოვნა წარმოიშობა არა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მიმართ, არამედ იმ პირის მიმართ, ვისი მიწის ნაკვეთიც გაყიდვამდე უზრუნველყოფდა საჯარო ქსელებთან დაკავშირებას.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის # ას-1070-1009-2015 გადაწყვეტილება.
  2. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 917, Rn. 5.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 180, გვ. 110.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის # ას-1070-1009-2015 გადაწყვეტილება.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 ოქტომბრის # ას-744-801-2011 გადაწყვეტილება.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის # ას-102-100-2011 გადაწყვეტილება.
  7. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 918, Rn. 5.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_180._აუცილებელი_გზა&oldid=1595"