Gccc-logo.png


მუხლი 181. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 181. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო.

I. ზოგადი დებულებები

1

მეზობელი მიწის ნაკვეთების საზღვარი და ასევე, სასაზღვრო ღობე ხშირად გამხდარა მეზობლებს შორის დავის წარმოშობის მიზეზი. ეს საკითხი მოწესრიგებულია 181-ე-182-ე მუხლებით. დავა მეზობლებს შორის შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, თუ მეზობლები სასაზღვრო მიჯნას გაავლებენ და ამით ისინი მათი მიწის ნაკვეთების გამიჯვნას აღიარებენ. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება 181-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ, თუ სასაზღვრო მიჯნა წაშლილი ან დაზიანებულია, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისაგან, მონაწილეობა მიიღოს სასაზღვრო მიჯნის აღდგენაში.

II. 181 I მუხლის წინაპირობები

2

181 I მუხლის მიხედვით, წინაპირობა ისაა, რომ სასაზღვრო მიჯნა მეზობელ მიწის ნაკვეთებს შორის არ არსებობს, ან იგი არსებობს, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებულია. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რა არის სასაზღვრო მიჯნის არარსებობის ან დაზიანების მიზეზი. მოთხოვნის უფლების საგანია მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა, როგორებიცაა: რკინის, ბეტონის ან ქვის ღობე. მოთხოვნის წინაპირობის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთების სასაზღვრო გამიჯვნა სადავო არ არის, ვინაიდან სასაზღვრო მიჯნის აღმართვამ სწორედ მხარეთა შორის აღიარებული მიჯნა ცხადად უნდა დაადგინოს.[1] იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის მიჯნის მდებარეობა არის სადავო, მაშინ მათ შეუძლიათ, აღძრან სარჩელი საკუთრების უფლების დადგენის ან უკანონო მფლობელობიდან უკან გამოთხოვის (172 I) შესახებ.

3

მოთხოვნის უფლების მფლობელია მხოლოდ მიწის მესაკუთრე. მიწაზე შეზღუდული სანივთო უფლებების მფლობელებს არ შეუძლიათ მოთხოვნის უფლების დაყენება, რადგან სასაზღვრო მიჯნის აღმართვის უფლება მესაკუთრის მოვალეობაა. თუ მიწის ნაკვეთზე არსებობს რამდენიმე პირის თანასაკუთრება, მაშინ თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისაგან სასაზღვრო მიჯნის აღმართვა.[2]

4

მოთხოვნის უფლების მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ამ შემთხვევაშიც არა მიწაზე შეზღუდული სანივთო უფლებების მფლობელი პირები. თუ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრებაა, მაშინ ყველა თანამესაკუთრე არის მოთხოვნის ადრესატი. სარჩელის წარდგენის შემთხვევაში დავის საგანია მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

III. 181 II მუხლის წინაპირობები

5

181 II მუხლის გამოყენების წინაპირობაა ის, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების დამდგენი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს. ნაკვეთების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს მესაკუთრეთა ფაქტობრივი მფლობელობის საფუძველზე, ხოლო თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. ფაქტობრივი მფლობელობის დადგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთზე არსებობს პირის საკუთრებაც. ნორმის მიხედვით, თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო. გარდა ამისა, მესაკუთრეებს შეუძლიათ, საზღვრის დადგენა ხელშეკრულების გზით განსაზღვრონ. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით საზღვარი საბოლოოდ განისაზღვრება, მაშინ ხელშეკრულებას აქვს საზღვრის დაფუძნების ძალა.

6

სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემთხვევაში დავის საგანია საზღვრის Dადგენა. ამ მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელია მოთხოვნის დაყენება 181 I მუხლის მიხედვით სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის შესახებ და საკუთრების უკან დაბრუნების მოთხოვნა 172 I მუხლის მიხედვით. მოთხოვნის მფლობელი და მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ უშუალოდ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები შეიძლება იყვნენ.




  1. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, $ 919, Rn. 2.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 181, გვ. 113.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_181._სასაზღვრო_მიჯნის_აღმართვის_მოვალეობა&oldid=1605"