Gccc-logo.png


მუხლი 182. სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 182. სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება, ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა.

2. თუ ორივე მეზობელი უფლებამოსილია, ერთობლივად ისარგებლოს საზღვრად გამოყენებული ნაგებობით, თითოეულ მათგანს შეუძლია, ნაგებობა მხოლოდ ისე გამოიყენოს, რომ ამით ხელი არ შეუშალოს მეორე მეზობელს თანასარგებლობაში.

3. ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება.

4. ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია ამ სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე.

I. ზოგადი დებულებები

1

ხშირ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე განლაგებული ნაგებობები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მიერ გამოიყენება ისე, რომ საკუთრების უფლება ნაგებობაზე დაუდგენელია. 182-ე მუხლში წარმოდგენილია ვარაუდი მიწის ნაკვეთების საზღვარზე აღმართული ნაგებობების ერთობლივად სარგებლობის უფლების შესახებ. ამ ვარაუდის უარყოფა შესაძლებელია. ნაგებობის ერთობლივად სარგებლობის უფლებამოსილებაა საკუთრების უფლების შეზღუდვა, რომლის ძალმოსილებაც ვრცელდება ნაკვეთების მესაკუთრეთა სამართალმემკვიდრეებზეც.

II. 182 I მუხლის წინაპირობები და სამართლებრივი შედეგი

1. ნორმის წინაპირობები

2

182 I მუხლი გამოიყენება ბუნებრივად არსებული ან ადამიანის მიერ აღმართული ღობის, ასევე, საზღვრად გამოყენებულ ნაგებობათა საკითხთან დაკავშირებით. ასეთი ნაგებობა შეიძლება იყოს კედელი, არხი, ჭა, ხეთა რიგი და სხვ.[1] ნორმის მიხედვით, ღობე ან ნაგებობა განლაგებული უნდა იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე და მისი სარგებლობა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მიერ უნდა იყოს შესაძლებელი. ნორმა არ გამოიყენება იმ შემთხვევებზე, როდესაც ნაგებობა ცალსახად მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთზეა განლაგებული. ნაგებობის დანიშნულება არის არა მხოლოდ საზღვრის გავლება, არამედ, ასევე, ნაგებობის სხვა სასარგებლო მიზნით გამოყენების შესაძლებლობაც.

2. სამართლებრივი შედეგი

4

ნორმა სამართლებრივ შედეგად განსაზღვრავს, რომ ივარაუდება მესაკუთრეების ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით საერთო სარგებლობის უფლებამოსილება. საერთო სარგებლობის არსი კი განისაზ- ღვრება ამ ნორმის II და III ნაწილებით. ვარაუდი შეიძლება გაქარწყლებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე დაამტკიცებს, რომ ღობე ან ნაგებობა მხოლოდ მის მიწის ნაკვეთზე დგას.

5

ღობის ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობის საკუთრების შესახებ 182-ე მუხლი არაფერს ამბობს და, შესაბამისად, გამოიყენება ზოგადი წესები. გაბატონებული შეხედულების თანახმად, საკუთრების უფლება გაივლის ნაგებობაზე ვერტიკალურად, საზღვრის ხაზის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის ხაზი გადის ხეზე ან ბუჩქზე, საკუთრებაც განისაზღვრება საზღვრის ხაზის შესაბამისად.[2] მართალია, ასეთი დაყოფით სასაზღვრო ნაგებობის, როგორც ერთიანი ნივთის, თვისება უგულებელყოფილია, მაგრამ, მეორე მხრივ, ნორმის II და III ნაწილებით შეზღუდულია მესაკუთრეთა უფლებები საერთო სარგებლობის ნივთების მიმართ.

III. სარგებლობის უფლების შინაარსი

6

ღობის ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობის საერთო სარგებლობის პირობები განისაზღვრება ნაგებობის მიზნობრივი დანიშნულებისა და მდგომარეობის მიხედვით. ნაგებობის მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარეობს, ასევე, მესაკუთრის ვალდებულება, შეაკეთოს ან გაარემონტოს იგი, ან განახორციელოს მისი გამაგრების სამუშაოები. არამიზნობრივი დანიშნულებით ნაგებობის გამოყენების შემთხვევაში, მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, 172 II მუხლის მიხედვით.

7

182 III მუხლის მიხედვით, მესაკუთრეებს თანაბარ წილებად ევალებათ ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯების გაწევა. ეს მოიცავს იმ დანახარჯებს, რომლებიც საჭიროა ნაგებობის მიზნობრივი დანიშნულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად: შეღებვა, შელესვა და სხვ. იმ შემთხვევაში, თუ ხარჯები გამოწვეულია მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის ბრალეული ქმედების შედეგად, მაშინ ხარჯების ანაზღაურებაც მას ეკისრება. მეზობლებს მხოლოდ ერთობლივი გადაწყვეტილებით შეუძლიათ, ნაგებობა შეცვალონ ან საერთოდ აიღონ.[3]




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 182, გვ. 115.
  2. Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, $ 921, Rn. 5.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 182, გვ. 117.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_182._სასაზღვრო_ნაგებობით_სარგებლობის_უფლება&oldid=1608"