Gccc-logo.png


მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი #3879 – სსმ I, #48, 22.12.2006 წ., მუხ. 321.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი #2799 – სსმ I, #14, 30.03.2010წ., მუხ. 94.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი #5017 – ვებგვერდი, 14.07.2011 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმაში წარმოდგენილია უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის ცენტრალური დებულება და იგი გამოიყენება ასევე უძრავ ნივთებზე უფლებათა წარმოშობის შემთხვევებზე. ნორმამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. მისი თავდაპირველი რედაქცია განსაზღვრავდა საჯარო რეესტრში სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის წარდგენასა და, წარმომადგენლის მონაწილეობის შემთხვევაში, წარმომადგენლის საბუთში მის ზუსტად აღნიშვნას. 2006 წლის 8 დეკემბრის ცვლილება (კანონი #3879) იდენტურია დღეს მოქმედი რედაქციისა. ხოლო 2010 წლის 23 მარტის ცვლილებით (კანონი

  1. 2799), ნორმა განსაზღვრავდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების

შემთხვევაში, ნასყიდობის ფასის გადახდას საბანკო დაწესებულების მეშვეობით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ეს ცვლილება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წლის 1 ივლისის #5017 კანონით.

II. ნორმის წინაპირობები

2

ნორმის წინაპირობაა მხარეებს შორის გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 183-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სამართლებრივი შედეგი, საკუთრების უფლების წარმოშობა, მხოლოდ ამ წინაპირობების განხორციელებით მიიღწევა.

1. Gარიგება

3

გარიგების საგანი უნდა იყოს სხვა პირზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით გადაცემა. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს გარიგების მოტივსა და ვალდებულებითი ურთიერთობის ფორმას. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს, როგორებიცაა: ნასყიდობა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, სესხი, გაცვლა. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად მხარისათვის (შემძენისათვის) საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.[1] გარიგება უნდა შეიცავდეს მხარეებს შორის შეთანხმებას ყველა იმ არსებით პირობაზე, რაც დამახასიათებელია ასეთი ტიპის გარიგებებისათვის. ამასთან, გარიგებიდან ცალსახად უნდა გამომდინარეობდეს მხარეების ნება საკუთრების უფლების ცვლილების თაობაზე.

4

ზოგადად, 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. 69 V მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმის არსებობისას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის შესახებ გარიგება წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს. გარიგების წერილობითი ფორმის დაცვას, ძირითადად, აქვს ორი ფუნქცია: მტკიცების გაადვილება და გარიგების მხარეთა განზრახვის სერიოზულობის დადასტურება.[2] გარიგების წერილობითი ფორმის დაცვის წესები განისაზღვრება 3111 მუხლის საფუძველზე.

2. საკუთრების უფლების რეგისტრაცია

5

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოშობს მხარეთა ვალდებულებებს, მაგრამ იგი ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ცვლილებას უძრავ ნივთზე. საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაა. 3111 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება შემძენზე წარმოიშობა სარეგისტრაციო წარმოების დამთავრებისთანავე. ნორმის ლოგიკიდან გამომდინარე, გარიგება სამართლებრივად ნამდვილია მისი გაფორმების მომენტიდან, მაგრამ საკუთრების უფლების ცვლილება დამოკიდებულია საჯაროსამართლებრივ აქტზე – საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.

6

მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ.[3]

3. გარიგების მხარეები

7

როგორც წესი, უძრავ ნივთზე საკუთრების გასხვისების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მესაკუთრეს. შესაბამისად, გარიგების მხარეები არიან ნივთის მესაკუთრე და შემძენი. გამსხვისებლის ან შემძენის უფლებამოსილების განხორციელება შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობით.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის # ას-221-213-2012 გადაწყვეტილება.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის # ას-950-1256-07 გადაწყვეტილება.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 9 დეკემბრის # 3კ-932-02 გადაწყვეტილება.
<comments />
Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_183._უძრავ_ნივთზე_საკუთრების_შეძენა_გარიგების_საფუძველზე&oldid=2215"