მუხლი 184. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება
უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.
|
I. ზოგადი დებულებები
სათაურის მიუხედავად, ნორმა განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე საკუთრების ან სხვა უფლებების (მაგალითად, აღნაგობა) მიტოვების წესს. გარდა ამ ნორმისა, საკუთრების უფლების შეწყვეტა შესაძლებელია განხორციელდეს ადმინისტრაციული აქტის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მაგალითად, თუ ბათილად იქნა ცნობილი ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე.[1]
II. ჭინაპირობები
ნორმის წინაპირობაა საჯარო რეესტრის წინაშე უფლებამოსილი პირის განცხადება უფლების მიტოვების შესახებ. განცხადება, ამ მუხლის გაგებით, არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც იწვევს სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ამ შემთხვევაში, საკუთრების ან სხვა უფლების მიტოვებას. მართალია, განცხადების ფორმა ნორმის მიხედვით არ არის განსაზღვრული, მაგრამ ნორმა მიუთითებს განცხადების „ჩაბარებაზე“, რაც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით წერილობით განცხადებას გულისხმობს. გარდა ამისა, შესაძლებელია 3111 მუხლის ანალოგიის გზით გამოყენებაც, რადგან, თუ საკუთრების ან უფლების წარმოშობისათვის საჭიროა გარიგების წერილობითი ფორმა, უფლების შეწყვეტაც იმავე წესს უნდა დაექვემდებაროს.
ნორმა არ განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს მიტოვებული უძრავი ნივთის მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის ეს ხარვეზი განივრცობა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 14 IV მუხლის მიხედვით, რომლის თანახმადაც, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე. ამავე მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია დასაშვებია, თუ უძრავ ნივთზე სხვა სანივთო უფლება არ არის რეგისტრირებული. ნორმის მიხედვით, უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას იძენს განცხადების საჯარო რეესტრში ჩაბარებით. შავალდებულო ძალას იძენს განცხადება იმისათვის, რომ საჯარო რეესტრმა დაიწყოს სარეგისტრაციო წარმოება. ხოლო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 14 III მუხლი).
- ↑ შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 165.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა