Gccc-logo.png


მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის სწორად გაგებისა და გამოყენების მიზნით, საჭიროა ქართულ და ევროპულ სამართალში მოქმედი პრინციპებისა და სისტემების მიმოხილვა, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული სანივთო სამართლისათვის მნიშვნელოვანი დასკვნები გამოვიტანოთ. საკუთრების უფლების გადაცემა თანამედროვე სამართლის მეცნიერების სადავო საკითხია და სხვადასხვა სამართლებრივი სისტემა განსხვავებულ სამართლებრივტექნიკურ კონსტრუქციებს გვთავაზობს.

1. კონსენსუსური (ან ერთიანობის) პრინციპი

2

კონსენსუსური პრინციპის[1] თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემა ხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა არ არის აუცილებელი წინაპირობა (მაგალითად, საფრანგეთის Code Civil, Art. 1138. ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში Art. 1583 Code Civil ხაზგასმით მიუთითებს, რომ საკუთრების მოპოვება არ არის დამოკიდებული ნივთის გადაცემასა და საფასურის გადახდაზე[2]). შესაბამისად, შემძენზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება ხელშეკრულების დადების მომენტიდან.[3]

2. გამიჯვნისა და აბსტრაქციის პრინციპები

3

გერმანულ სამოქალაქო სამართალში მოქმედი გამიჯვნისა და აბსტრაქციის პრინციპები კონსენსუსური პრინციპის საწინააღმდეგო ცნებებია. გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, გერმანული სამართალი ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებას (Verpflichtungsgeschäft) მიჯნავს განკარგვითი გარიგებისგან (Verfügungsgeschft). ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება (მაგალითად: ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა და სხვ.) მიმართულია ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ, ხოლო განკარგვითი გარიგება (მაგალითად, საკუთრების გადაცემა) სანივთო უფლების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. შესაბამისად, ვალდებულებითსამართლებრივი და განკარგვითი გარიგებები იწვევენ განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, განკარგვითი გარიგება იწვევს სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას და წარმოშობს აბსოლუტურ უფლებას, ხოლო ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება წარმოშობს ვალდებულებას მხოლოდ ამ გარიგების მონაწილეთა მიმართ, ე.ი. რელატიურ უფლებებს.[4]

4

გერმანულ სამართალში განმტკიცებულია აბსტრაქციის პრინციპი, რომლის თანახმად, განკარგვითი გარიგება არ შეიცავს გარიგების დადების საფუძველს (causa), რის გამოც ხდება სანივთო უფლების გადაცემა. მაშასადამე, განკარგვითი გარიგება შინაარსობრივად აბსტრაქტულია, ასევე, განკარგვითი გარიგების ნამდვილობა არ არის დამოკიდებული ვალდებულებითსამართლებრივი გარიგების ნამდვილობაზე (გარეგნული აბსტრაქცია).[5] აბსტრაქციის პრინციპის მიხედვით, განკარგვითი გარიგების იურიდიული გამოხატულებაა სანივთო გარიგება. სანივთო გარიგება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხდება სანივთო უფლების გადაცემა, შეცვლა ან შეწყვეტა, მაშასადამე, უშუალოდ უფლებაზე ზემოქმედება და დგება სანივთოსამართლებრივი შედეგი. სანივთო გარიგება შეიძლება არსებობდეს ვალდებულებითი გარიგების დადებისას და მის მიმართ გამოიყენება ნების გამოვლენისა და გარიგების ნამდვილობის წესები.[6] მხოლოდ იშვიათად ხდება სანივთო გარიგების ცალსახად დადება. ის ხშირად მხარეთა კონკლუდენტური ნების გამოვლენის შედეგია. კონკრეტულ შემთხვევაში, სანივთო გარიგების მოცემულობა ნების გამოვლენის განმარტების გზით უნდა დადგინდეს. მაგალითად, თუ მყიდველს საქონელი მის საცხოვრებელ ადგილზე გაეგზავნა, მაშინ გაგზავნა შეიძლება შეფასდეს საქონელზე საკუთრების გადაცემის ოფერტად. საქონლის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მყიდველი აქცეპტს გამოხატავს და საკუთრებას მოიპოვებს. შესაძლებელია, რომ მან ნივთი ჯერ მხოლოდ მფლობელობაში მიიღოს, შეამოწმოს იგი და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს თანახმა ნივთის საკუთრებაში მიღებაზე. თუ მყიდველი ნივთს გამოიყენებს, ან თუ იგი გადაიხდის ნივთის საფასურს, მაშინ იგი კონკლუდენტურად გამოხატავს თანხმობას საკუთრების უფლების გადაცემაზე. ასევე, მხარეებს შორის სანივთო გარიგება შეიძლება დადებულად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გამყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში უკან არ დაუბრუნებს მას გაგზავნილ საქონელს.

5

აბსტრაქციის პრინციპი დაკავშირებულია სავინის სახელთან. მან განავითარა მოძღვრება titulus et modus adquirendi, რომლის თანახმად, საკუთრების გადაცემის წინაპირობა არის ტიტულუს (სამართლებრივი აქტი, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულება) და მოდუს (ნივთის ფიზიკურად გადაცემა ან მსგავსი აღსრულების აქტი). სავინის მიხედვით, მოდუს არ არის მხოლოდ ფაქტობრივი აღსრულების აქტი, არამედ მოიცავს საკუთრების გადატანაზე მიმართულ „სანივთო“ ხელშეკრულებას[7] და როგორც ვალდებულებითი, ისე სანივთო ხელშეკრულება არსებობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და არ არსებობს მათი ხელოვნურად დაკავშირების აუცილებლობა.

3. titulus et modus adquirendi

6

ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სამართლის სისტემა (მაგალითად: ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია) საკუთრების უფლების გადაცემისათვის საკმარისად მიიჩნევს ნასყიდობის ხელშეკრულებას (iusta causa traditionis)და ნივთის გადაცემას (modus). უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, თავდაპირველად modus adquirendi გაგებულ იქნა როგორც რეალაქტი, მაგრამ გერმანული სამართლის ზეგავლენის შედეგად უფრო ხშირად ისმის მოთხოვნა სანივთო გარიგების დაშვების შესახებ, რომელიც არა აბსტრაქტულად, არამედ კაუზალურად იქნება დამოკიდებული ვალდებულებით გარიგებაზე.[8]

4. ქართული სამართლის გადაწყვეტილება

7

477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა მყიდველზე, არამედ იგი მხოლოდ ავალდებულებს გამყიდველს, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე. მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი უფლება და ამ უფლების საფუძველზე განხორციელებული რეალაქტი – ნივთის შემძენისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. გამომდინარე აქედან, ქართული სანივთო სამართალი გამოხატავს კანონმდებლის გადაწყვეტილებას ტრადიციის პრინციპის სასარგებლოდ და კონსენსუსური პრინციპის საწინააღმდეგოდ, რადგან, სისტემური თვალსაზრისით, ვალდებულებითი გარიგება არ იწვევს სანივთო უფლების წარმოშობას – საკუთრების გადაცემას. გამომდინარე აქედან, 186-ე მუხლი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით („...ნამდვილი უფლების საფუძველზე...“) გამიჯვნის პრინციპზე მიუთითებს, რადგან ნამდვილ უფლებაში მხოლოდ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი უფლება შეიძლება მოვიაზროთ.

8

ტრადიციისა და გამიჯვნის პრინციპების არსებობა თავისთავად არ წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, სახეზეა თუ არა ორი ერთმანეთისგან განცალკევებული ვალდებულებითი და სანივთო გარიგებები. საკითხი სანივთო გარიგების არსებობის შესახებ სადავოა. 186-ე მუხლის თანახმად, საკუთრების გადაცემა მხოლოდ ნამდვილ უფლებასა და ნივთის გადაცემაზეა დამოკიდებული და არ არის სწორი მოსაზრება[9] სანივთოსამართლებრივი გარიგების არსებობის შესახებ. მეტიც, შეხედულება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით, ისე სანივთო გარიგების ელემენტებს და იგი არის ერთიანი ხელშეკრულება, არ არის გამყარებული არც სამართლებრივი არგუმენტებითა და არც საკანონმდებლო დებულებებით. შესაბამისად, სანივთო გარიგების არსებობა ვერ იქნება აღიარებული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც კი, რომელიც აბსტრაქციის პრინციპის საფუძველზე სანივთო გარიგებას საკუთრების უფლების მოპოვების წინაპირობად განსაზღვრავს, ეყრდნობა §929 მუხლის[10] სიტყვასიტყვით ჟღერადობას, რომ საკუთრების უფლების გადაცემისათვის საჭიროა, „ორივე მხარე შეთანხმდეს საკუთრების უფლების გადასვლაზე“.

9

თუ საკუთრების უფლების გადაცემა არ საჭიროებს მხარეებს შორის სანივთო გარიგების დადებას, მაშინ ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე გადადის საკუთრების უფლება? ქართულმა სამოქალაქო სამართალმა ეს საკითხი საკმაოდ ნათელი ფორმულირებით ჩამოაყალიბა. ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოშობს სანივთოსამართლებრივ შედეგს, რადგან იგი სამართლებრივი ურთიერთობის მხოლოდ დაწყების საწინდარია და არა მისი სრულყოფილად განხორციელებისა.[11] მესაკუთრის მიერ შემძენისათვის ნივთის მფლობელობაში გადაცემა არის არა გარიგება, არამედ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მინიჭება. შესაბამისად, მფლობელობის გადაცემაზე არ გამოიყენება გარიგების ნამდვილობის დებულებები, მათ შორის, არც ანალოგიის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნებოდა ვალდებულებით გარიგებაზე დამატებული გარიგება, რაც სხვა არაფერია, თუ არა სანივთო გარიგება.[12] საბოლოოდ, 186-ე მუხლის მიხედვით, სანივთოსამართლებრივი შედეგი, საკუთრების გადაცემა, მიიღწევა ორი გარემოების ურთიერთქმედებით – ნამდვილი უფლებისა და ამ უფლების საფუძველზე განხორციელებული მფლობელობის გადაცემით.

5. საკუთრების უფლების გადაცემის სხვა საკანონმდებლო შემადგენლობები

10

186-ე მუხლი აწესრიგებს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემას ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს საკუთრების გადაცემის კანონისმიერ შემადგენლობებს: საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე (190), ნაპოვარი (191), განძი (192), თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე (194), თანასაკუთრება მასალის შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე (195) და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება ნაყოფზე (178). მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება, ასევე, უნივერსალური სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე (1306).

II. 186-ე მუხლის წინაპირობები

11

ნორმის თანახმად, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე უნდა გადასცეს შემძენს ნივთი.

1. ნივთის მესაკუთრე

12

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისთვის უფლებამოსილ პირად სამოქალაქო კოდექსი ნივთის მესაკუთრეს განსაზღვრავს. როგორც წესი, მხოლოდ ნივთის მესაკუთრეა უფლებამოსილი პირი, განკარგოს ნივთი და ეს უფლებამოსილება გამომდინარეობს საკუთრების უფლების შინაარსიდან, „…თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...“ (170 I).

13

ნივთის მესაკუთრის გარდა, სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლად უშვებს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა განახორციელონ მესამე პირებმაც. ნივთის განკარგვის უფლებამოსილება მესამე პირს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს მესაკუთრის მიერ წინასწარი თანხმობის საფუძველზე (100, 102) ან მესაკუთრის შემდგომი თანხმობით (101). ასევე, საქონლის გაყიდვის უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს შემნახველს, თუ შესანახად მიბარებული საქონელი ფუჭდება ან იმდენად იცვლება, რომ იგი შეიძლება გაუფასურდეს, და შემნახველს დრო აღარ რჩება, ამის თაობაზე შეატყობინოს, ან არ შეუძლია შეატყობინოს უფლებამოსილ პირს (787). მესამე პირის უფლებამოსილება სახეზე უნდა იყოს ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის საკანონმდებლო შემადგენლობის განხორციელების პროცესში. თუ მესამე პირი ხელშეკრულების დადების მომენტში უფლებამოსილია, განკარგოს ნივთი, მაგრამ გადაცემის მომენტში მას უფლებამოსილება აღარ აქვს, საკუთრების გადაცემა, 186-ე მუხლის თანახმად, ვერ განხორციელდება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახეზე იყოს საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენა, 187-ე მუხლის თანახმად.[13]

2. ნამდვილი უფლება

14

საკუთრების გადაცემა უნდა განხორციელდეს ნამდვილი უფლების საფუძველზე. დაზუსტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმა კანონმდებელმა ნამდვილ უფლებაში. ვინაიდან საკუთრების უფლების გადაცემა თავის თავში არ შეიცავს გადაცემის საფუძველს, ნამდვილი უფლება შეიძლება იყოს ნამდვილი სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლება და არა სანივთო უფლება (იხ. 147-ე და 152-ე მუხლები). საკუთრების გადაცემას შეიძლება ჰქონდეს სხვა საფუძველი, რომელიც გამომდინარეობს არა მხოლოდ ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებიდან, არამედ კანონიდან.[14] მაგალითად, თუ პირი სხვა პირს ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასცემს ფულად თანხას, თანხის მიმღები მოიპოვებს საკუთრებას 186-ე მუხლის საფუძველზე. გამომდინარე აქედან, ნამდვილი უფლება მოიცავს არა მხოლოდ ნამდვილ ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებას, არამედ ნამდვილი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილ უფლებას.

3. ნივთის გადაცემა

15

ნორმის მიხედვით, მესაკუთრემ ნივთი უნდა გადასცეს შემძენს. ნივთის გადაცემის სახეები მოცემულია ნორმის II ნაწილში. ზოგადად, გადაცემა ნიშნავს, ნივთის შემძენისათვის პირდაპირი მფლობელობის მინიჭებას. მაგრამ სამოქალაქო კოდექსი, ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, განასხვავებს „მფლობელობის მოპოვებას“ და „ნივთის გადაცემას“. 186-ე მუხლით განსაზღვრული გადაცემა გამომდინარეობს ტრადიციის ინსტიტუტიდან (Tradicio) და ის უფრო მეტის მომცველია, ვიდრე მხოლოდ ნივთზე პირდაპირი მფლობელობა, 155 I მუხლის გაგებით. ნივთზე პირდაპირი მფლობელობის გადაცემა ნიშნავს მესაკუთრის მიერ ნივთზე მფლობელობის სრულ და საბოლოო დაკარგვას ისე, რომ არ არსებობს რაიმე გარემოება ან სიმბოლური ქმედება, რომელიც საეჭვოს ხდის მფლობელობის გადაცემას. ეს გამომდინარეობს მეორე ალტერნატივის საწინააღმდეგო დასკვნიდან. მაგალითად, ავტომობილის მეორე გასაღების მესაკუთრის მფლობელობაში დარჩენა საკმარისად არ არის მიჩნეული; ასევე, ავტომობილის ნასყიდობის შემთხვევაში, მხოლოდ დოკუმენტების დადგენილი წესით გაფორმება არ ცვლის ავტომობილის გადაცემის ფაქტს.[15] ნივთის მფლობელობაში გადაცემა მხოლოდ მაშინ არის სახეზე, როდესაც ნივთის ფაქტობრივ გადაცემას თან სდევს მხარეების ფაქტობრივი კონსენსუსი: მესაკუთრის მიერ მფლობელობის გადაცემისა და შემძენის მიერ მფლობელობის მიღების ნება (იხ. 155 II მუხლი). ყველაზე მარტივ შემთხვევაში, ნივთის გადაცემა გულისხმობს შემძენისათვის ნივთის პირდაპირი მფლობელობის ჩაბარებას (155 I). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელობის გადაცემის ნება მესაკუთრის მიერ არ არის გამოვლენილი, არ იქნება საკუთრების გადაცემის საფუძველიც. მფლობელობის გადაცემის ამ ალტერნატივის შემთხვევაში შესაძლებელია, როგორც მესაკუთრის, ისე შემძენის მხარეს მოქმედებდეს მფლობელის მჭერი. გარდა ამისა, მფლობელობის გადასაცემად საკმარისია, თუ ნივთის მესაკუთრე შემძენის თანხმობით მფლობელის მჭერს მიუთითებს, რომ მან მფლობელობა განახორციელოს შემძენის სასარგებლოდ.[16]

16

186-ე მუხლით პირდაპირ არ არის მოწესრიგებული ის შემთხვევა, როდესაც ნივთის შემძენი უკვე ფლობს ნივთს ხელშეკრულების დადების მომენტში და, შესაბამისად, არ ხდება ნივთზე მფლობელობის გადაცემა (brevi manu traditio; ე.წ. „მოკლე ხელის“ წესი). მაგალითად, შემძენი ფლობს ნივთს თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე. brevi manu traditio იმით განსხვავდება საკუთრების შეძენის კლასიკური შემთხვევისაგან, რომ მფლობელობის გადაცემა დროში წინ უსწრებს მესაკუთრესა და შემძენს შორის დადებულ ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებას, რის გამოც იგი არ არის საკუთრების გადაცემის განსაკუთრებულ წესად აღიარებული[17] და არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომ იგი არ მოვიაზროთ 186 II მუხლით გათვალისწინებული მფლობელობის გადაცემის შემთხვევებში.[18]

17

ნივთის მფლობელობაში გადაცემის მეორე და მესამე ალტერნატივები ტრადიციის პრინციპის გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც საკუთრების გადაცემა ხდება მფლობელობის გადაცემის გარეშე. მეორე ალტერნატივის შემთხვევაში (constitutum possessorium), თავდაპირველ მესაკუთრესა და შემძენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წინა მესაკუთრე რჩება ნივთის პირდაპირ მფლობელად. მფლობელობის გადაცემის ეს ალტერნატივა რეგულირებულია 155 III მუხლით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მითითებული ნორმები განსხვავებულად არის ფორმულირებული. ამ შემთხვევაშიც, მფლობელობის გადაცემის წინაპირობაა ის, რომ თავდაპირველ მესაკუთრესა და შემძენს შორის დაიდება ხელშეკრულება, რომელიც თავდაპირველ მესაკუთრეს განსაზღვრული დროით ანიჭებს ნივთის ფლობის უფლებას (იხ. 155 IV მუხლი).

18

ნივთზე მფლობელობის გადაცემის განსაკუთრებული ფორმაა 186 II მუხლის III ალტერნატივა, მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

19

საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება „მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭებაში“. სამოქალაქო კოდექსი იცნობს არა „მოთხოვნის უფლების მინიჭებას“, არამედ მოთხოვნის უფლების დათმობას. სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით „მინიჭება“ ცალმხრივად განხორციელებული ქმედებაა და არა მხარეთა კონსენსუსური შეთანხმების აღმნიშვნელი. 186-ე მუხლი კი შეეხება მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემას ორმხრივი გარიგების საფუძველზე. შესაბამისად, ნორმის მიზანია თავდაპირველი მესაკუთრის მოთხოვნის უფლების დათმობა ნივთის შემძენისათვის, 198-ე მუხლის შესაბამისად.

20

ნორმის წინაპირობა არის მესამე პირის მფლობელობა ნივთზე. მესამე პირი შეიძლება ფლობდეს ნივთს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ. მესამე პირის პირდაპირი მფლობელობა ნივთზე მოცემულია 155 III მუხლის თანახმად, როდესაც იგი ფლობს ნივთს სამართლებრივი ურთიერ- თობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას, ან ავალდებულებს მას, ფლობდეს ნივთს. მაგალითად, თუ შემძენს გადაეცემა ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლება შენახვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (763, 770), მაშინ მოთხოვნის უფლების გადაცემა ხორციელდება ნივთის პირდაპირი მფლობელის – შემნახველის – მოქმედების გარეშე. შემძენისათვის მფლობელობის მოთხოვნის უფლების დათმობა გამოიწვევს არა მფლობელობის ურთიერთობაში ცვლილებას, არამედ ქმნის წინაპირობას, პირდაპირმა მფლობელმა მფლობელობის ნება ნივთის შემძენის სასარგებლოდ განახორციელოს.[19] ნორმის მიხედვით, მნიშვნელოვანია თავდაპირველი მესაკუთრის მიერ ნივთზე მფლობელობის დაკარგვა და არა მხოლოდ შემძენისათვის მფლობელობის მინიჭება, რადგან ნორმის წინაპირობა არ არის ნივთის პირდაპირი მფლობელის ცოდნა მოთხოვნის გადაცემის შესახებ (199). მართალია, ნივთის პირდაპირი მფლობელი მოთხოვნის უფლების გადაცემის მომენტში მფლობელობას ჯერ კიდევ თავდაპირველი მესაკუთრის სასარგებლოდ ახორციელებს, მაგრამ ნივთის თავდაპირველმა მფლობელმა შემძენისათვის მოთხოვნის გადაცემით დაკარგა ნივთზე არაპირდაპირი მფლობელობა. მხარეებს შორის მიღწეულ უნდა იქნეს ფაქტობრივი კონსენსუსი, რაც მათი მფლობელობის ნებით გამოიხატება. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს არა აქვს მფლობელობა ნივთზე, მაშინ ნორმა არ გამოიყენება.

21

მოთხოვნის უფლების დათმობის საგანი არის შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის მოთხოვნის უფლების გადაცემა 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად. მოთხოვნის დათმობა არ საჭიროებს წერილობითი ფორმის დაცვას და მას აქვს სანივთო გარიგების სახე. მოთხოვნის უფლება ნივთის გადაცემის შესახებ შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც გარიგების, ისე კანონის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობიდან. გამომდინარე აქედან, სამართლებრივი პრობლემაა ის გარემოება, თუ რამდენად არის დასაშვები მფლობელობის მოთხოვნის უფლების გადაცემა 172 I მუხლის თანახმად, როდესაც ნივთის თავდაპირველ მესაკუთრეს აქვს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა, მაგრამ არა აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელობა, მაგალითად, მესაკუთრემ ნივთი დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან.

22

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული გაბატონებული შეხედულების[20] თანახმად, დაუშვებელია 172 I მუხლის განსაზღვრული მოთხოვნის უფლების დათმობით მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემა. ეს მოსაზრება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 172-ე მუხლი წარმოადგენს მესაკუთრის მატერიალურ უფლებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი და მესაკუთრის უფლებამოსილებები არის საკუთრების უფლების ბირთვი. გამომდინარე აქედან, დაუშვებელია მატერიალური უფლების საკუთრების უფლებისაგან განცალკევება და 172-ე მუხლზე მითითება მხოლოდ მესაკუთრის უფლებამოსილებაა. საწინააღმდეგო შეხედულებით,[21] დასაშვებადაა მიჩნეული საკუთრების უფლების გადაცემა 172 I მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის უფლების დათმობით, რადგან საკუთრების უფლების ბირთვი სწორედ ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაა და იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე და ნივთის შემძენი საკუთრების გადაცემის შესახებ თანხმდებიან, ეს შეთანხმება ლოგიკურად ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნასაც მოიცავს.

III. საკუთრების გადაცემის განსაკუთრებული შემთხვევები

1. საკუთრების გადაცემა დავალების საფუძველზე

23

მართალია, მფლობელობის გადაცემისათვის საჭიროა ნებითი ელემენტი, მაგრამ, მკაცრი გაგებით, მფლობელობა, როგორც რეალაქტი, არ შეიძლება განხორციელდეს წარმომადგენლის მეშვეობით.[22] ამიტომ საკუთრების გადაცემის განსაკუთრებული ფორმაა ისეთი გადაცემა, როდესაც გადაცემის პროცესში ჩართულია მესამე პირი, რომელიც არ არის მესაკუთრის ან შემძენის მჭერი (155 II), ასევე, არ ახორციელებს მფლობელობას განსაზღვრული ვადით სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე (155 III). მაგალითად, ნივთის შემძენმა ნივთი მიჰყიდა მესამე პირს ისე, რომ შემძენს ნივთზე მფლობელობა არ განუხორციელებია და მისი დავალებით ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე პირდაპირ გადასცემს ნივთს მფლობელობაში მესამე პირს. ამ შემთხვევაში, ნივთის თავდაპირველ მესაკუთრესა და მესამე პირს შორის არ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე, შესაძლებელია, რომ ნივთის მესაკუთრისათვის უცნობია შემძენსა და მესამე პირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფორმა. გამომდინარე აქედან, ისმის კითხვა იმის თაობაზე, როგორ ხორციელდება მხარეებს შორის საკუთრების გადაცემის პროცესი, რადგან სახეზეა ორი ნასყიდობის ხელშეკრულება და ნივთის მფლობელობაში გადაცემის მხოლოდ ერთი რეალაქტი.

24

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში[23] ეს შემთხვევა ფართოდ არის მიმოხილული. მფლობელობის გადაცემა არ წარმოშობს სამართლებრივ პრობლემებს. თავდაპირველი მესაკუთრის მიერ ნივთის მესამე პირისათვის გადაცემა, ერთი მხრივ, არის მესაკუთრის მიერ ვალდებულების შესრულება შემძენის მიმართ და, მეორე მხრივ, შემძენის ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიმართ. სამართლებრივად პრობლემურია საკუთრების უფლების გადაცემის პროცესი. გაბატონებული შეხედულების მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება თითოეული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. კერძოდ, ნივთის მესამე პირზე გადაცემით, თავდაპირველად, საკუთრების უფლება გადადის მესაკუთრის მიერ ნივთის შემძენზე და შემდგომ შემძენის მიერ მესამე პირზე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემძენს ნივთი მფლობელობაში არ მიუღია. მაშასადამე, საკუთრების უფლების გადაცემა მესამე პირის მიერ ხორციელდება მხოლოდ შემძენის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების გავლით. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების მოპოვების ამგვარი პროცესი ჯერ კიდევ რომის სამართალში იყო ცნობილი.[24]

2. თანამფლობელობა

25

იმ შემთხვევაში, თუ ნივთზე რამდენიმე პირის თანამფლობელობა არსებობს, მაშინ საჭიროა, რომ ნივთის გადაცემის პროცესში ყველა თანამფლობელი მონაწილეობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება მესაკუთრის ნების წინააღმდეგ მისი მფლობელობიდან ნივთის სხვაგვარად გასვლა (187 II). შესაბამისად, ნივთის მფლობელობაში გადაცემის წინაპირობები მხო ლოდ მაშინ არის შესრულებული, როდესაც გამსხვისებელი ნივთზე მფლობელობას სრულად დაკარგავს.[25]

3. შემძენის მიერ მფლობელობის ცალმხრივად მოპოვება

26

შემძენის მიერ ნივთზე მფლობელობის ცალმხრივად მოპოვება არის ნივთის გადაცემა 186-ე მუხლის გაგებით, თუ ნივთის მესაკუთრე შემძენის მფლობელობაზე თანხმობას განაცხადებს. შემძენის მიერ ნივთზე მფლობელობის ცალმხრივად მოპოვების შემთხვევაში სახეზეა ობიექტური წინაპირობები – შემძენის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, მაგრამ არა სუბიექტური წინაპირობები – მესაკუთრის თანხმობა მფლობელობის მოპოვებაზე. შესაბამისად, საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. მესაკუთრის მიერ მფლობელობის გადაცემის შესახებ თანხმობის მიუღებლობა ნიშნავს, რომ მესაკუთრემ ნივთი დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. შემძენის მიერ ნივთზე მფლობელობის ცალმხრივად მოპოვება იმით განსხვავდება მესაკუთრის მიერ მფლობელობის უფლების მოთხოვნის გადაცემისგან, რომ 186 II მუხლის III ალტერნატივის შემთხვევაში, მფლობელობა გადადის შემძენზე მოთხოვნის უფლების დათმობის მომენტში და არა შემძენის მიერ მფლობელობის ფაქტობრივად მოპოვებით.

IV. მტკიცების ტვირთი

27

ნივთის შემძენი, რომელიც 186-ე მუხლის სამართლებრივ შედეგებზე მიუთითებს, ვალდებულია, დაამტკიცოს ნორმის საკანონმდებლო შემადგენლობის მოცემულობა. ნივთის შემძენისათვის მფლობელობაში გადაცემის საფუძველზე, 158 I მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრეც. ნივთის თავდაპირველ მესაკუთრეს შეუძლია, ახლანდელი მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის სამართლებრივი შედეგები უარყოს 158 II 2 მუხლის საფუძველზე.




  1. ცნება „კონსენსუსური პრინციპი“ ფართოდ არის გავრცელებული და იგი აღნიშნავს მხარეთა კონსენსუსს, როგორც საკუთრების გადაცემის საფუძველს. ცხადია, მხარეთა კონსენსუსი საჭიროა გამიჯვნის პრინციპის მოქმედების შემთხვევაშიც. ამიტომ უკეთესი იქნება ცნება „ერთიანობის პრინციპის“ გამოყენება.
  2. Art. 1583: „Elle est parfaite entre les par􀆟es, et la propriété est acquise de droit à l‘acheteur à l‘égard du vendeur, dès qu‘on est convenu de la chose et du prix, quoique la chose n‘ait pas encore été livrée ni le prix payé.“
  3. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl., 2007, S. 95; Krimphove, Das europäische Sachenrecht, Band 1, 2006, S. 79 ff.; Aretz, Das Abstraktionsprinzip – Das einzig wahre?, JA 1998, S. 242; ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 160.
  4. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, 2001, გვ. 194.
  5. Jauernig, Trennungsprinzip und Abstraktionsprinzip, JuS 1994, S. 722.
  6. Baur/Stürner, Sachenrecht, 16. Aufl., 1992, S. 497.
  7. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, 2001, გვ. 183.
  8. Stagl, Der Eigentumsübergang beim Kauf beweglicher Sachen – Gedanken über die Methode der Rechtsvereinheitlichung am Beispiel der Study Group on a European Civil Code (http://www.academia.edu/6798575/Der_Eigentums%C3%BCbergang_beim_Kauf_beweglicher_Sachen_Gedanken_zur_Methode_der_Rechtsvereinheitlichung_am_Beispiel_der_Study_Group_on_a_European_Civil_Code, ბოლოს ნანახია: 21.02.2018).
  9. ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 192; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 10; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 24 ივნისის № ას-221-213-2012 გადაწყვეტილება.
  10. § 929 BGB: „Zur Übertragung des Eigentums an einer beweglichen Sache ist erforderlich, dass der Eigentümer die Sache dem Erwerber übergibt und beide darüber einig sind, dass das Eigentum übergehen soll. Ist der Erwerber im Besitz der Sache, so genügt die Einigung über den Übergang des Eigentums.“
  11. Schwab/Löhnig, Einführung in das Zivilrecht, 19. Aufl., 2012, S. 200, Rn. 436.
  12. Joost, Trennungsprinzip und Konsensprinzip, in: Wolfgang Zöllner 70, Band II, 1998, S. 1169.
  13. Habersack, Examens-Repetitorium, 7. Aufl., 2012, S. 66, Rn. 146.
  14. დანელია, გამიჯვნის პრინციპი ჩუქების ხელშეკრულების მაგალითზე, ქართული სამართლის მიმოხილვა, „სპეციალური გამოცემა“, 2008, გვ. 43; ბეგიაშვილი, საკუთრების უფლების გადაცემა – გამიჯვნის თუ ერთიანობის პრინციპი? „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2013, გვ. 56-57; ასათიანი, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის ძირითადი ასპექტები, „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2013, გვ. 46.
  15. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 929, Rn. 53.
  16. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 63. Aufl., § 929, Rn. 13; RG 99, 208.
  17. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 929, Rn. 82.
  18. განსხვავებული მოსაზრება: ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 198.
  19. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 931, Rn. 5.
  20. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 931, Rn. 11.
  21. Baur/Stürner, Lehrbuch des Sachenrechts, 16. Aufl., 1992, S. 511.
  22. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 2009, § 1117, Rn. 7.
  23. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl., 2007, S. 109; Habersack, Examens-Repetitorium, 7. Aufl., 2012, S. 75. Rn. 164; Baur/Stürner, Lehrbuch des Sachenrechts, 16. Aufl., 1992, S. 499.
  24. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl., 2007, S. 110.
  25. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 929, Rn. 76.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_186._მოძრავ_ნივთზე_საკუთრების_შეძენის_საფუძვლები&oldid=1622"