Gccc-logo.png


მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

2. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი #5667– ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენას რომის სამართალი იცნობდა მხოლოდ ხანდაზმულობის შემთხვევაში, მაგრამ არა ნივთის მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში (Tradicio). ამ მოსაზრებას საფუძვლად ედო შეხედულება, რომ არავის შეუძლია იმაზე მეტი უფლებების გადაცემა, ვიდრე მას თვითონ აქვს („nemo plus iuris transferre potest, quam ipse habet“). თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობებისათვის რომაელი იურისტების შეხედულება მიუღებელი აღმოჩნდა. პროდუქციის გასაღების თანამედროვე ეკონომიკურ სისტემებში ბაზრის მონაწილეებისათვის შეუძლებელია გამსხვისებლის საკუთრების უფლების ლეგიტიმაციის შემოწმება. საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენის დებულებების გარეშე, მოძრავი ნივთის შემძენისათვის გარიგება ყოველთვის იქნებოდა სარისკო იმ შემთხვევაშიც, თუ იგი თვითონ კეთილსინდისიერად იმოქმედებდა. შესაბამისად, 187-ე მუხლის მიზანია, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დაკარგვის და შეძენის რისკების თანაბარზომიერად გადანაწილება და გამსხვისებლის, რომელიც არ არის ნივთის მესაკუთრე, უფლებამოსილების ხარვეზის გადალახვა.

=II. 187 I მუხლის წინაპირობები

=1. ნამდვილი უფლება 186-ე მუხლის მიხედვით

2

187 I მუხლის საკანონმდებლო შემადგენლობა ლოგიკურად მოიაზრებს ნივთის გასხვისებას 186-ე მუხლის თანახმად, რომელსაც მხოლოდ გამსხვისებლის უფლებამოსილების ნაკლი აქვს. ასევე, ნორმა გამოიყენება მხოლოდ ნამდვილი უფლების საფუძველზე საკუთრების უფლების გადაცემის შემთხვევებზე. ეს გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ მხოლოდ ნამდვილი უფლების საფუძველზე შეიძლება შემძენის მიერ გამსხვისებლის საკუთრების უფლების არსებობის დაშვება. შესაბამისად, აუცილებელი წინაპირობაა, გამსხვისებელმა შემძენს ნივთი გადასცეს მფლობელობაში ნამდვილი უფლების საფუძველზე. ნორმის საწინააღმდეგო დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება არ უნდა იყოს ბათილი 54-ე მუხლის თანახმად.

2. ნივთის გადაცემა

3

გამსხვისებელმა ნივთი უნდა გადასცეს შემძენს მფლობელობაში. ისევე როგორც 186-ე მუხლის შემთხვევაში, ნივთის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს გამსხვისებლის ან შემძენის მხარეს მჭერის (155 II) მეშვეობით, ასევე, გამსხვისებელსა და შემძენს შორის განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ნივთი შეიძლება დარჩეს გამსხვისებლის პირდაპირ მფლობელობაში (155 III), ან საკუთრების გადაცემა განხორციელდეს დავალების საფუძველზე მოქმედი პირ(ებ)ის მეშვეობით. ნივთის გადაცემა ნიშნავს ობიექტური და სუბიექტური წინაპირობების შესრულებას. ნივთის გამსხვისებელმა ნივთზე მფლობელობა სრულად უნდა დაკარგოს და შემძენმა მფლობელობა უნდა მოიპოვოს (ობიექტური წინაპირობა). ამასთანავე, მხარეებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს მფლობელობის გადაცემის შესახებ (სუბიექტური წინაპირობა). ნორმის მიხედვით, შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როდის არის ობიექტური და სუბიექტური წინაპირობები ერთდროულად შესრულებული. შემძენის მიერ მფლობელობის ცალმხრივად მოპოვების შემთხვევაში, როდესაც მოცემულია მფლობელობის მხოლოდ ობიექტური და არა სუბიექტური წინაპირობები, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამსხვისებლის მიერ თანხმობის მიცემას.

3. ნივთის შემძენის კეთილსინდისიერება

4

გამსხვისებლის მიერ საკუთრების გადაცემა 187 I მუხლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, ვერ განხორციელდება, თუ შემძენი გამსხვისებლის საკუთრების მიმართ კეთილსინდისიერი არ არის. ნორმა აზუსტებს კეთილსინდისიერების ფაქტის მომენტს და იგი უნდა არსებობდეს „ნივთის მფლობელობაში გადაცემამდე“.

5

შემძენი არ არის კეთილსინდისიერი, „თუ მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე“. ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა მიუთითებს არა მხოლოდ შემძენის მიერ ფაქტობრივი გარემოებების პოზიტიურ ცოდნაზე. საკუთრების უფლების სამართლებრივი მდგომარეობა არის შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტის განმსაზღვრელი კომპონენტი. როგორც ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადება მიუთითებს, შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტი შეეხება გამსხვისებლის საკუთრებას. გამსხვისებლის მითითება, რომ იგი არის ნივთის მესაკუთრე, ლეგიტიმირებულია ნივთზე მფლობელობით. ამასთან, მფლობელობა არ ნიშნავს გამსხვისებლის ქმედუნარიანობის, მისი წარმომადგენლობით უფლებამოსილების ან ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელი წინაპირობების მოცემულობას. ამ გარემოებების შესახებ შემძენის კეთილსინდისიერება დაცული არ არის. იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების გადაცემის პროცესში მონაწილეობს გამსხვისებლის წარმომადგენელი, წარმომადგენლის ნების ნაკლის სამართლებრივი შედეგების შერაცხვა (106) ხორციელდება ზოგადი წესების მიხედვით. მჭერის (155 II), არაპირდაპირი მფლობელის (155 III) და დავალების საფუძველზე მოქმედი პირის კეთილსინდისიერების ფაქტის შესახებ ცოდნის სამართლებრივი შედეგების შერაცხვა დაუშვებელია. მართალია, ზემოაღნიშნული ნორმები სამართლებრივი შედეგების შერაცხვის ნორმებია, მაგრამ შერაცხვა შეეხება მხოლოდ მფლობელობით მხარეს და არა გამსხვისებლის ლეგიტიმაციას.[1]

6

შემძენის არაკეთილსინდისიერება ნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია, ან უხეში გაუფრთხილებლობით (...„უნდა სცოდნოდა“...) უცნობია, რომ ნივთის გამსხვისებელი არ არის ნივთის მესაკუთრე. 312 II-ის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის შემთხვევაში საუბარია მხოლოდ შემძენის ცოდნაზე. ეს განსხვავება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის შემეცნების ნაკლები საშუალებაა, ვიდრე საჯარო რეესტრი. უძრავი ნივთის შემძენს არა აქვს გამოკვლევის ვალდებულება იმ შემთხვევაშიც, თუ ეჭვქვეშ დგას გამსხვისებლის საკუთრების უფლება. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით კი ეს საკითხი სხვაგვარად უნდა მოწესრიგდეს, თუმცა, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, შემძენის მიერ გამსხვისებლის საკუთრების უფლების შესახებ გამოკვლევის ვალდებულება მკაცრად არ უნდა იყოს მოთხოვნილი.

არაკეთილსინდისიერია შემძენი, როდესაც მან იცის, რომ გამსხვისებელი არ არის ნივთის მესაკუთრე. შემძენის კეთილსინდისიერების კვალიფიკაციისათვის არ არის საკმარისი, თუ შემძენისათვის ცნობილია ფაქტები, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს გამსხვისებლის არაუფლებამოსილება, მაგრამ მას შეცდომით მიაჩნია, რომ გამსხვისებელი ნივთის მესაკუთრეა. ასეთი შეცდომა გამოიწვევს შემძენის არაკეთილსინდისიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეცდომა უხეში გაუფრთხილებლობის შედეგია.

7

ასევე, არაკეთილსინდისიერია შემძენი, როდესაც მას „უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე“. მარტივი გაუფრთხილებლობა აქარწყლებს არაკეთილსინდისიერების ფაქტს. რთული საკითხია უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას შორის მიჯნის გავლება. პირი მოქმედებს უხეში გაუფრთხილებლობით, როდესაც იგი, კონკრეტულ შემთხვევაში, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებებს, რომლებზეც თითოეული ადამიანი გაამახვილებდა ყურადღებას. მაშასადამე, უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, პირი განსაკუთრებით უხეშად არღვევს სამოქალაქო ბრუნვის წინდახედულების ნორმას. ნორმის ასეთი განმარტებაც ტოვებს შეფასების სივრცეს. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, თუ იგი გამსხვისებლის საკუთრების უფლებას არსებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როდესაც ნებისმიერი ადამიანი ეჭვს შეიტანდა.[2] ამასთან, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი არ გამოიკვლევს გამსხვისებლის უფლებამოსილებას მაშინ, როცა მოცემულია საეჭვო გარემოებები. ზოგადად, დაუშვებელია შემძენისათვის გამოკვლევის ვალდებულების დაკისრება, თუ არ არის მოცემული საეჭვო გარემოებები. მაგალითად, გამყიდველი მოქმედებს იურიდიული პირის სახელით, მაგრამ შემძენი არ გამოიკვლევს პირის უფლებამოსილებას.

8

ამასთან, არ არსებობს ემპირიული დებულება, რომ საქონელი გამსხვისებლის მიერ პირობადებული საკუთრების უფლებით არის მოპოვებული. კანონის მიზანია კეთილსინდისიერი შემძენის დაცვა და, როგორც წესი, მისი კეთილსინდისიერება ივარაუდება.[3] შემძენისათვის გამსხვისებლის საკუთრების შესახებ გამოკვლევის მკაცრი ვალდებულების დაკისრება წინააღმდეგობაში იქნებოდა კანონის მიზანთან და გამოიწვევდა ცალმხრივად საქონლის მესაკუთრის დაცვას შემძენის ინტერესების საზიანოდ.

9

ზოგადად, სამოქალაქო ბრუნვის წინდახედულების ნორმის მასშტაბის განსაზღვრა დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებზე. როგორც წესი, წინდახედულების ვალდებულების ხარისხი უფრო მაღალია მეწარმე სუბიექტისათვის, ვიდრე რიგითი მოქალაქისათვის.[4] თუ პირი სავაჭრო ობიექტში ყიდულობს წიგნს, მას წინდახედულების ნაკლები ვალდებულება აქვს, ვიდრე იმ პირს, რომელიც ქუჩაში უცნობი ადამიანისაგან ძვირფას ნივთს ყიდულობს. იგივე ითქმის ხელოვნების ნიმუშების შეძენაზე, რადგან მათი გასხვისება ყოველდღიური ცხოვრებისეული გასხვისებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა და, შესაბამისად, შემძენს მეტი ყურადღების გამოჩენა ევალება საკუთრების გამოკვლევის შესახებ. მეორადი ავტომობილის ნასყიდობის შემთხვევაში, საეჭვოდ ჩაითვლება ის გარემოება, თუ გამყიდველი არ ფლობს ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობას, ან იგი სხვა პირის სახელზეა გაცემული. თუ შემძენი ასეთ გარემოებას უყურადღებოდ ტოვებს და არ გამოიკვლევს მას, მაშინ მისი ქმედება შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.

4. კეთილსინდისიერების ფაქტის მომენტი და მტკიცების ტვირთი =

10

187 I 2 მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. ვინაიდან ნივთის გადაცემა ხორციელდება მხარეთა შეთანხმების შემდეგ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნივთზე შემძენის მიერ მფლობელობის მოპოვებას. იმ შემთხვევაში, თუ ნივთზე შემძენის მიერ მფლობელობის მოპოვება დროში წინ უსწრებს მხარეთა შეთანხმებას (მაგალითად, „brevi manu traditio“),მაშინ კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მხარეთა შეთანხმების მომენტს.[5] სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გამორიცხულია ნივთზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა 186 II მუხლის III ალტერნატივის მიხედვით („მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება“)'.

11

თუ ნივთზე საკუთრების გადაცემა პირობადებით განხორციელდა, შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს არა საკუთრების გადაცემის შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების მომენტში, არამედ საკუთრების გადაცემის ბოლო ქმედების განხორციელების მომენტში (მხარეთა შეთანხმება და ნივთის გადაცემა) და შემძენის მიერ საკუთრების მოპოვებას ხელს არ შეუშლის ის გარემოება, რომ პირობის დადგომის მომენტში შემძენი არაკეთილსინდისიერი გახდა.

12

ზოგადად, როგორც წესი, ნივთის შემძენმა არ უნდა დაამტკიცოს თავისი კეთილსინდისიერება. პირი, რომელიც სადავოს ხდის მოძრავ ნივთზე საკუთრების კეთილსინდისიერ შეძენას, ვალდებულია, დაამტკიცოს შემძენის არაკეთილსინდისიერება. როგორც წესი, შემძენის კეთილსინდისიერება ივარაუდება. მტკიცების ტვირთის ეს წესი გამომდინარეობს 187-ე მუხლიდან, რომელიც კეთილსინდისიერების ფაქტს არ მიუთითებს, როგორც საკუთრების მოპოვების შემადგენლობის ნიშანს, არამედ, მუხლის მიხედვით, შემძენის არაკეთილსინდისიერების ფაქტი არის საკუთრების შეძენის დამაბრკოლებელი გარემოება.

III. 187 II მუხლის წინაპირობები

1. ნორმის მიზანი

13

ნორმის II ნაწილი არის პირველი ნაწილის გამონაკლისი ნორმა. იგი ეფუძნება კანონმდებლის წარმოდგენას, მიეღწია კომპრომისისთვის ნივთის მესაკუთრის ინტერესებსა და შემძენის კეთილსინდისიერებას შორის. ნორმის II ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მესამე პირის მიერ მოძრავ ნივთზე საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენა გამორიცხულია, თუ მესაკუთრემ ნივთზე მფლობელობა მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა, ან შემძენმა ნივთი უსასყიდლოდ მიიღო. თუ ნივთის მესაკუთრე სხვა პირს ნივთზე მფლობელობას გადასცემს, მაშინ იგი ნაკლებ დაცვას იმსახურებს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, იგი ნივთის მფლობელის მიმართ ნდობას გამოხატავს და მფლობელის მიერ ნივთის გასხვისების რისკს ეწევა. მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისით, კანონმა ეს მოსაზრება გამოხატა როგორც მესაკუთრის მიერ დასამტკიცებელი გამონაკლისი გარემოება. ნორმის II ნაწილის მე-2 წინადადება კი, თავის მხრივ, არის პირველი ნაწილის გამონაკლისი ნორმა და ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვის განსაკუთრებულ ინტერესებს.

2. ნივთის გასვლა მესაკუთრის მფლობელობიდან

14

ნივთის გასვლა მესაკუთრის მფლობელობიდან ნიშნავს, რომ მესაკუთრემ დაკარგა ნივთზე პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელობა. ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ ნივთის მფლობელობიდან გასვლა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უნდა განხორციელდეს. არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, თუ რა გზით განხორციელდა მფლობელობიდან გასვლა (დაკარგვა, მოპარვა, სხვაგვარად გასვლა ან შემძენის მიერ უსასყიდლოდ მიღება). „მესაკუთრის ნება“ არ ნიშნავს გარიგებისათვის აუცილებელ ნებას, არამედ იგი არის პირის ბუნებრივი ნება.[6] შესაბამისად, არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, არის თუ არა ნივთის მესაკუთრე ქმედუნარიანი. მესაკუთრის ბუნებრივი ნების საწინააღმდეგოდ ნივთის მფლობელობიდან გასვლა გამოიწვევს ნივთის შემძენის არაკეთილსინდისიერებას. აღნიშნულიდან კანონზომიერად გამომდინარეობს, რომ შეცდომით ან მოტყუებით ნივთის მესაკუთრის მფლობელობიდან გასვლა არ იწვევს შემძენის არაკეთილსინდისიერებას, რადგან მფლობელობის დაკარგვის ნება, როგორც პირის ბუნებრივი ნება, არ შეიძლება შეცილებულ იქნეს. სხვაგვარად უნდა შეფასდეს ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრე კარგავს ნივთზე მფლობელობას იძულების გამო. მესაკუთრის ბუნებრივი ნების საწინააღმდეგოდ ჩაითვლება მის მიერ მფლობელობის დაკარგვა და შემძენი ვერ იქნება კე- თილსინდისიერი, თუ მფლობელობის დაკარგვა განხორციელდა ძალადობის ან მუქარის გამოყენებით.[7] 187 II მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნივთზე მფლობელობა ერთ-ერთმა თანამფლობელმა მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა. მაგალითად, თუ ერთ-ერთმა მეუღლემ მეორე მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ ნივთი თანასაკუთრებაში არსებული ბინიდან გაიტანა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი, რომელიც არ არის მემკვიდრე, მაგრამ დაეუფლება სამკვიდრო ქონებას, მის მიერ მიღებული ნივთი ჩაითვლება მემკვიდრის ნების საწინააღმდეგოდ მისი მფლობელობიდან გასულად, რადგან მემკვიდრის მფლობელობა ფიქტიურია და 157-ე მუხლის მიზანია, დაიცვას სამკვიდრო ქონება.

15

187 II მუხლი გამოიყენება ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესაკუთრემ ნივთი მფლობელობაში გადასცა სხვა პირს დროებით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, 155 III მუხლის თანახმად და პირდაპირი მფლობელი კარგავს საკუთრებას მისი ნების საწინააღმდეგოდ. ეს დასკვნა გამომდინარეობს იმ პრინციპიდან, რომელიც საფუძვლად უდევს ნორმას: თუ მესაკუთრემ ნივთი გადასცა სხვა პირს (პირდაპირი მფლობელი) სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, მაშინ პირდაპირი მფლობელის მიერ მესამე პირზე თავისუფალი ნების საფუძველზე ნივთის გასხვისებით უგულებელყოფს მესაკუთრის ნდობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ნივთის კეთილსინდისიერი შეძენა. მესაკუთრის ნდობის უგულებელყოფა არ არსებობს, თუ პირდაპირი მფლობელი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგავს ნივთზე მფლობელობას და, შესაბამისად, შეუძლებელია ნივთის კეთილსინდისიერი შეძენა. 187 II მუხლი არ გამოიყენება, როდესაც ნივთის მესაკუთრე არ არის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი. ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ის გარემოება, თუ რა გზით გავიდა ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან. მაგალითად, თუ მესაკუთრესა და შემძენს შორის არსებული გარიგება არ არის სამართლებრივად ნამდვილი, და თუ ნივთი შემძენის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გავიდა, მაშინ ნივთის კეთილსინდისიერი შეძენა შესაძლებელი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესს მესაკუთრის ინტერესთან მიმართებით.

16

სამართლებრივ პრობლემას არ ქმნის ის შემთხვევა, როდესაც მჭერი ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას დაამყარებს, ან იგი ნივთს გაასხვისებს. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გავიდა, რადგან მჭერს არა აქვს ნივთის ფლობის უფლება (155 II), მაგალითად, თუ ნივთი დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის ბატონობის სფეროდან გატანილ იქნება. ამ შემთხვევაში სახეზეა მესაკუთრის პირდაპირი მფლობელობის შეწყვეტა, რომელსაც იგი პირადად ან მჭერის' მეშვეობით ახორციელებს. ასევე, 187 II მუხლის თანახმად, საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს უსასყიდლოდ მიიღებს. ეს ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ შემძენი არ საჭიროებს დაცვას, თუ მან ნივთი უსასყიდლოდ მიიღო, მაგალითად, ნივთის მფლობელისაგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.


IV. მესაკუთრის მფლობელობიდან გასული ნივთების კეთილსინდისიერი შეძენა

17

187 II 2 მუხლი, თავის მხრივ, არის პირველი წინადადების გამონაკლისი ნორმა. ეს მოწესრიგება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისათვის დაუშვებელია, ფულსა და ფასიან ქაღალდებზე საკუთრების მოპოვება საეჭვო გახდეს ნივთის შემძენისათვის შეუცნობელი გარემოებების გამო, მაგალითად, ქურდობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში, სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების ინტერესს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნივთის მესაკუთრის ინტერესთან მიმართებით. გამომდინარე აქედან, საკუთრების შეძენა დაუშვებელია, თუ ფულის ან ფასიანი ქაღალდების შემძენი არაკეთილსინდისიერია.

18

187 II 2 მუხლის თანახმად, შესაძლებელია ფულისა და ფასიანი ქაღალდების კეთილსინდისიერი შეძენა. ფული არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი). ნორმის რეგულირება მოიცავს როგორც ბანკნოტებს, ასევე მონეტებს. წინაპირობა მხოლოდ ის გარემოებაა, რომ ფული მიმოქცევაშია გაშვებული. შესაბამისად, ნორმა არ შეეხება ნუმიზმატიკური კოლექციის ფულს. ნორმის თანახმად, შესაძლებელია საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდების (მაგალითად: კინოთეატრის ბილეთი, სამგზავრო ბილეთი, ლატარიის გათამაშების ბილეთი და სხვ.) კე- თილსინდისიერი შეძენა და იგი არ ვრცელდება საორდერო და პირად ფასიან ქაღალდებზე. ნორმის რეგულირება ვრცელდება ასევე უცხოურ ვალუტასა და უცხოურ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდებზე.[8]

19

187 II 1 მუხლში მითითებული გარემოებების მიუხედავად, კეთილსინდისიერი შეძენა შესაძლებელია, თუ შემძენმა მოძრავი ნივთი შეიძინა აუქციონზე. კანონმდებლის ნების მიხედვით, ნივთის აუქციონზე შემძენის ინტერესი საჭიროებს დაცვას და მას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მესაკუთრის ინტერესებთან მიმართებით. ნორმის მოქმედების სფერო გაურკვეველია. 301-ე–309-ე მუხლებით რეგულირებულია აუქციონის საშუალებით მხოლოდ უძრავი ნივთების რეალიზაციის წესი და პირობები და არა მოძრავის. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით, აუქციონზე მოძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, შემძენი საკუთრებას მოიპოვებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე და არა გარიგების საფუძველზე. შესაბამისად, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში 187 II 2 მუხლი არ გამოიყენება. ამდენად, ნორმის გამოყენების სფერო შეეხება მხოლოდ კერძო აუქციონის გზით მოძრავი ნივთების შემძენს.

V. მტკიცების ტვირთი და სამართლებრივი შედეგები

20

187 II 1 მუხლში განსაზღვრული წინაპირობების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოძრავი ნივთის მესაკუთრეს, ხოლო 187 II 2 მუხლის შემთხვევებში – ნივთის შემძენს. თუ ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, როგორც წესი, გამორიცხულია ხანგრძლივად ნივთის კეთილსინდისიერი შეძენა. ასევე, მოძრავი ნივთის მეორე ან მესამე შემძენიც ვერ მოიპოვებს საკუთრებას კეთილსინდისიერად, გარდა ამ პერიოდში აუქციონის გზით შეძენისა. პირი, რომელიც მოძრავ ნივთზე საკუთრებას კეთილსინდისიერად შეიძენს, ხდება ნივთის ისეთივე მესაკუთრე, როგორიც იმ შემთხვევაში, თუ იგი ნივთს მესაკუთრისგან შეიძენდა. კეთილსინდისიერი შემძენის მიერ ნივთის გასხვისების შემთხვევაში, შემძენი საკუთრებას მოიპოვებს უფლებამოსილი პირისგან. საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენა არ გულისხმობს უფლებრივ ნაკლს. ნივთის თავდაპირველ მესაკუთრეს არ შეუძლია მოითხოვოს კეთილსინდისიერი შემძენისაგან ნივთის უკან დაბრუნება ან ზიანის ანაზღაურება. გამონაკლისია შემძენის მიერ ნივთის უსასყიდლოდ მიღების შემთხვევა 989-ე მუხლის თანახმად. ყველა სხვა შემთხვევაში ნივთის თავდაპირველ მესაკუთრეს აქვს მოთხოვნის უფლება მხოლოდ ნივთის გამსხვისებლის მიმართ დელიქტური ან/და სახელშეკრულებო ნორმების საფუძველზე.




  1. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 932, Rn. 39.
  2. BGH NJW 61, 777.
  3. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl ., 2007, S. 120.
  4. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 932, Rn. 50.
  5. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl ., 2007, S. 121.
  6. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 935, Rn. 6.
  7. Oechsler, იქვე, Rn. 7.
  8. Bassange, in Palandt BGB Kommentar, 62. Aufl ., § 935, Rn. 10; Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 935, Rn. 15.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_187._კეთილსინდისიერი_შემძენი&oldid=1624"