Gccc-logo.png


მუხლი 19. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 19. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.

I. ზოგადი დებულებანი

1

ნორმის არსი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატვას გულისხმობს.[1] აღნიშნული აისახება იმავე კონტექსტში, რაც ცოცხალი ადამიანის შემთხვევაში. განმცხადებელს არ გააჩნია უფლებამოსილება, სიტყვის თავისუფლების რეალიზაციიდან გამომდინარე, გაავრცელოს ცილისმწამებლური ინფორმაცია.[2] ამასთან, თმენის ვალდებულება პოლიტიკოსის ან საჯარო პირის გარდაცვალების შემდეგ იმავე კონტექსშტი, რაც მის სიცოცხლეში უშუალოდ სუბიექტს გააჩნდა, მის ოჯახის წევრებს ან დაცვის ღირსი ინტერესის მქონე სუბიექტებს ასევე, უნარჩუნდებათ.[3] მაგალითად, პოლიტიკოსის საზოგადოებრივი პოზიცია[4] და სხვ.

II. გარდაცვლილის არაქონებრივი უფლებები და მისი სამართლებრივი ფარგლები

1. ღირსი ინტერესის არსი

2

გარდაცვლილი პირის დაცვა არა მხოლოდ მისი ახლობლების, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს[5] იმდენად, რამდენადაც არ განხორციელდეს სხვა პირებზეც ასეთი სახის შეურაცხმყოფელი ქმედება. თუმცა, მიუხედავად ინტერესის არსებობისა, მოთხოვნის დაყენების უფლება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ღირსი ინტერესის მატარებელია (სპეციალური კანონიც განსაზღვრავს ასეთ შემთხვევას[6]). ასეთი პიროვნება შეიძლება იყოს: ოჯახის წევრი,[7] მეგობარი და სხვ., რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს გარდაცვლილის მიმართ არაქონებრივი უფლებების შელახვის ფაქტს. ღირსი ინტერესის მქონე პირის საკითხს სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს.[8]

3

ღირსი ინტერესის მქონე პირი თავადაც იზღუდება შესაბამისი უფლებებით, არ მოახდინოს გარდაცვლილის შესახებ საიდუმლო ან უფლების შემლახავი ინფორმაციის გავრცელება,[9] თუკი კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს გარდაცვლილის ინტერესს.[10] ამდენად, გამოხატვის თავისუფლების არსიდან გამომდინარე, პირს შეიძლება პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემის ინფორმაციის გასაჯაროებისას გარკვეული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

2. პიროვნების არსების განსაზღვრულობა სიკვდილის შემდეგ

4

პიროვნების არსების განსაზღვრა ღირსების უფლებიდან გამომდინარე ხდება. ადამიანის ღირსების მიმართ არსებობს გარდაცვალების შემდეგ მისი დაცვის ინტერესი იმდენად, რამდენადაც იგი პიროვნების არსს განსაზღვრავს და მასზეა პიროვნებისადმი პატივისცემის საკითხი დამოკიდებული.[11]

3. მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების სახით მოთხოვნის დაუშვებლობა

5

გარდაცვლილის არაქონებრივი უფლებების შელახვისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების დაუშვებლობა არაქონებრივი ზიანის არსიდან გამომდინარეობს. გარდაცვლილი პირის მაგივრად სხვა პირს ვერ მიადგება რაიმე სახის მორალური ტანჯვა, ვინაიდან თითოეული ასეთი შემთხვევა მხოლოდ სუბიექტური აღქმის საგანს წარმოადგენს და ქმედება დამდგარი შედეგისთვის უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს.[12] ასეთივე ჩანაწერია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონშიც.[13]

6

არაქონებრივი ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა სუბიექტის არარსებობასთანაა კავშირში. თუ სუბიექტს უშუალოდ არ ადგება სულიერი ტანჯვა, სხვა პირი ვერ განსაზღვრავს, თუ რა სახით უნდა იქნეს სასამართლოში მოთხოვნა დაყენებული.[14] მორალური ზიანი პიროვნეული უფლების ხელყოფით გამოწვეული ზიანია და სწორედ ამიტომ აქვს მისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მხოლოდ სუბიექტს[15] (გარდაცვლილი არ შეიძლება იყოს უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი[16] და შესაბამისად, ამ ასპექტში შეუძლებელი იქნება უფლებამონაცვლეობის სახით შესაბამისი მოთხოვნის დაყენება[17]).

7

ადამიანი, ანუ სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტი, გარდაცვალების შემდეგ ქრება, თუმცა მის პიროვნებას გააჩნია განსაკუთრებული სულიერი ღირებულება, რომელიც გრძელდება მისი გარდაცვალების შემდეგაც.[18] ამასთან, პირადი არაქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა.[19] ეს დათქმა ეფუძნება იმ შემთხვევას, რომ არაქონებრივი უფლებები პიროვნული ხასიათის მატარებელია.[20] შესაბამისად, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიერ ხორციელდება გარდაცვლილის პიროვნული უფლებებისა და არა მემკვიდრეობით მიღებული უფლებების დაცვა.[21] მემკვიდრეობით პირმა შეიძლება მიიღოს, მაგალითად, საკუთრების უფლება, რაც ბრუნვაუნარიან სიკეთესთან მიმართებით განკარგვის წინაპირობებს წარმოშობს. აღნიშნული წესი მოქმედებს მიუხედავად უფლების დარღვევის ხასიათისა. თუნდაც სისხლისსამართლებრივი ურთიერთობიდან (მკვლელობა, რომლის თაობაზე განაჩენია კანონიერ ძალაში შესული) გამომდინარე მოითხოვოს პირმა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, თუ სუბიექტი, ვისაც მიადგა ზიანი, ცოცხალი აღარაა, მას ასეთი მოთხოვნისთვის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოეშობა.[22] თავის მხრივ, მოთხოვნის დაუშვებლობის საფუძველს უშუალოდ წარმოადგენს იმ სუბიექტის არარსებობა, რომელიც გარდაიცვალა, აღარ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა. სასამართლო საკითხის განხილვისას სწორედ განსახილველი მუხლიდან გამოვა.[23]

8

აღნიშნული მსჯელობა განსხვავდება შემთხვევისგან, როდესაც მოხდა პირისთვის ისეთი სახის განაჩენის გამოტანა, რომლის უფლებამოსილებაც სასამართლოს არ გააჩნდა. ასეთის არსებობისას, სასამართლო პრაქტიკა მსჯელობის საგნად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად შესაძლებელია მე-19 მუხლზე დაფუძნებით გარდაცვლილის ახლობლების (მშობლები და სხვ.) მიერ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა.[24] დასახელებული შემთხვევისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გარდაცვლილი პირის უფლებებისა და პირის გარდაცვალების შედეგად, მაგალითად, მისი მშობლების უფლებების დაცვის საკითხი, მათთვის შესაბამისი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება[25] და სხვ.

III. ნორმის კავშირი საავტორო სამართალთან

9

არაქონებრივი უფლებების დაცვა აისახება სპეციალურ კანონში. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია შესაბამისი პირების მიერ.[26] ასეთი დანაწესი შესაბამამება მე-18 და მე-19 მუხლებს.

10

კერძოდ, ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება მემკვიდრეობით არ გადადის, მაგრამ მემკვიდრეებს აქვთ მხოლოდ ამ უფლებათა დაცვის განხორციელების უფლებამოსილება, რომელიც ხანდაზმულობის ვადით არ იზღუდება. მეტიც, თუ მემკვიდრეები არ არსებობენ, ან არაჯეროვნად ახორციელებენ ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებათა დაცვას, მაშინ მათი დაცვა შეიძლება აწარმოოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა — „საქპატენტმა“.




  1. იხ. მონიავა, პირადი არაქონებრივი უფლებები, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში, გვ. 32.
  2. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 19, გვ. 80.
  3. სუს გადაწყვეტილება, 5 დეკემბერი, 2001, #3კ/754-01.
  4. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 1, გვ. 81.
  5. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 1, გვ. 79.
  6. აღნიშნულის თაობაზე იხ. სტურუა, ქონებრივი ზიანის მომტანი ცნობების გახმაურება, სამართლის ჟურნალი, 1/2012, გვ. 159.
  7. იხ. ბიჭია, პირადი ცხოვრების დაცვა, 2012, გვ. 251.
  8. ბარაბაძე, სახელის, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის შესახებ აღძრულ საქმეთა განხილვისა და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის დაკისრების ზოგიერთი თავისებურებანი, მართლმსაჯულება და კანონი, #4(31)11, გვ. 103.
  9. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 19, გვ. 80.
  10. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 192.
  11. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 159.
  12. სუს გადაწყვეტილება _ 27 დეკემბერი, 2012, #ბს-78(კ-12).
  13. იხ. ნორმის კრიტიკა: ბიჭია, პირადი ცხოვრების დაცვა, 2012, გვ. 256-257.
  14. სუს განჩინება, 30 ივნისი, 2005, #ას-1433-1531-04.
  15. სუს გადაწყვეტილება, 5 დეკემბერი, 2001, #3კ/754-01.
  16. სუს განჩინება, 14 აპრილი, 2005, #ას-1401-1526-04.
  17. სუს გადაწყვეტილება, 3 აპრილი, 2012, #ბს-1107-1096(კ-11).
  18. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 19, გვ. 79.
  19. იხ. სუს განჩინება, 14 აპრილი, 2005, #ას-1401-1526-04.
  20. სუს განჩინება, 26 ნოემბერი, 2015, #ას-889-389-2015.
  21. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 19, გვ. 81.
  22. იხ. სუს გადაწყვეტილება, 24 აპრილი, 2002, #3კ-1218-01 — აღნიშნული სასამართლო პრაქტიკის კრიტიკა იხილეთ: ჩიკვაშვილი, პასუხისმგებლობა მორალური ზიანისთვის, გვ. 133.
  23. იხ. იგივე გადაწყვეტილება, მათ შორის: იხ. აღწერილობითი ნაწილი.
  24. იხ. სუს განჩინება, 5 აგვისტო, 2009, #ბს-1512-1478(კ-02).
  25. იხ. მაგალითად, სუს გადაწყვეტილება — 27 დეკემბერი, 2012, #ბს-78(კ-12).
  26. იხ. სუს დიდი პალატის განჩინება, 3 იანვარი, 2002, #3კ/35-02.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_19._პირადი_უფლებების_დაცვა_გარდაცვალების_შემდეგ&oldid=979"