Gccc-logo.png


მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.

2. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს.

I. ზოგადი დებულებები

1

190-ე მუხლის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება ხორციელდება კანონის საფუძველზე და არა გარიგების საფუძველზე. ნივთზე საკუთრების შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე არა ნების გამოვლენის, არამედ კანონის საფუძველზე. ნორმის პრაქტიკული დანიშნულება უმნიშვნელოა იმის გამო, რომ სპეციალური კანონმდებლობით რეგულირებულია მოძრავი ნივთების საკუთრებაში მიღებისა და მითვისების შემადგენლობები. მითვისების ქმედების განხორციელებისათვის საკმარისია პირის ბუნებრივი ნება და არა გარიგების დადებისათვის აუცილებელი ნება. შესაბამისად, მოძრავი ნივთის მითვისება შეუძლია ქმედუუნარო პირსაც.

II. ნორმის შემადგენლობა

2

ნორმის საკანონმდებლო შემადგენლობის მიხედვით, პირმა უპატრონო მოძრავ ნივთზე უნდა დაამყაროს მფლობელობა და ნივთის მითვისება არ უნდა იყოს კანონით აკრძალული ან მითვისებით არ უნდა დაირღვეს იმ პირის უფლებები, რომელსაც აქვს ნივთის მითვისების უფლება.

1. მოძრავი ნივთი

3

ნორმა გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთის მითვისების შემთხვევებზე. მოძრავი ნივთის პრობლემატური შემთხვევების შესახებ იხ. 148-ე მუხლი.

2. უპატრონო ნივთი

4

ნივთი, ამ მუხლის გაგებით, არის უპატრონო, თუ იგი სამართლის სუბიექტის საკუთრება არ არის. უპატრონო ნივთი უნდა განვასხვაოთ დაკარგული ნივთისგან (191). დაკარგულ ნივთზე არსებობს საკუთრების უფლება, ხოლო უპატრონო ნივთი არავის საკუთრება არ არის. შესაბამისად, უპატრონო ნივთზე არ გავრცელდება 191-ე მუხლი. უპატრონო ნივთის ცნება მოიცავს ორ განსაკუთრებულ შემთხვევას. ნივთი უპატრონო შეიძლება იყოს მისი წარმოშობის მომენტიდან, მაგალითად, ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მობინადრე ცხოველები, ხოლო სხვა შემთხვევაში – მესაკუთრის მიერ მფლობელობის მიტოვებით. უპატრონო ნივთი არ არის განძი. როგორც წესი, ამ შემთხვევაში, შეუძლებელია მესაკუთრის დადგენა. განძის პოვნის სამართლებრივი შედეგები საკუთრების კანონისმიერი მოპოვების განსაკუთრებული შემადგენლობაა.

5

190 II მუხლის მიხედვით, მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე, საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით, ნივთის მფლობელობას მიატოვებს. თუ მესაკუთრე ნივთს არ ფლობს, მაშინ საკუთრებაზე უარის თქმად ჩაითვლება შესაბამისი ნების გამოვლენაც. იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ასეთი ნების გამოვლენა არ საჭიროებს მეორე მხარის მიერ მიღებას,[1] საკუთრებაზე უარის თქმის ნების გამოვლენა შეეხება ძირითადი უფლების საგარანტიო ფუნქციას და, შესაბამისად, საეჭვოობისას, მესაკუთრე უარს არ ამბობს საკუთრებაზე.[2] საკუთრებაზე უარის თქმა არის განკარგვითი გარიგება და, შესაბამისად, აუცილებელი წინაპირობაა ნების გამომვლენის უფლებამოსილება და, როგორც წესი, მასზე გამოიყენება გარიგების ნამდვილობის წესები. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე შეცდომით უარს ამბობს მოძრავი ნივთის საკუთრებაზე, მაშინ მას შეუძლია, საცილო გახადოს ნების გამოვლენა. 190 II მუხლის შემთხვევაში მესაკუთრემ სრულად და ხანგრძლივად უნდა მიატოვოს ნივთზე მფლობელობა 155-ე მუხლის გაგებით.

3. ნივთის მფლობელობაში მიღება

6

პირის მიერ ნივთის მფლობელობაში მიღება ნიშნავს მოძრავ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით დამყარებას (155 I). ფაქტობრივი ბატონობის დამყარება ნიშნავს მფლობელობის განხორციელებას მჭერის (155 II) ან პირდაპირი მფლობელის (155 III) მეშვეობით. მოძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვებისაგან განსხვავებით, ნივთის მფლობელობაში მიღება შეუძლიათ ქმედუუნარო ან შეზღუდულად ქმედუნარიან პირებსაც.

4. ნივთის მითვისების აკრძალვა

7

190 I მუხლის მიხედვით, მოძრავ ნივთზე პირის საკუთრება არ წარმოიშობა, თუ ნივთის მითვისება კანონით აკრძალული იყო, ან მითვისებით ირღვევა იმ პირის უფლებები, ვისაც ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. მაშასადამე, კანონის აკრძალვა მითვისების საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული. მაგალითად, ნადირობა, ანუ გარეული ცხოველებით სპეციალური სარგებლობის ფორმა, დასაშვებია მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე („ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი); ასევე, კანონმდებლობით დადგენილია ნადირობისას ნებადართული ცხოველთა სამყაროს ობიექტები, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესები, ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის #95 ბრძანება). შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ ნადირობით მოპოვებულ ნივთებზე გამორიცხულია საკუთრების მოპოვება.

III. სამართლებრივი შედეგები

8

მესაკუთრის მიერ საკუთრებაზე უარის თქმით ნივთი ხდება უპატრონო და შესაძლებელია სხვა პირის მიერ მისი მითვისება, 190 I მუხლის მიხედვით. იურიდიულ ლიტერატურაში[3] გამოთქმული მოსაზრების თანახმად, მესაკუთრის მიერ მოძრავ ნივთზე საკუთრებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან, თუ ნივთი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებისათვის საფრთხის შემცველია. თუ მესაკუთრეს საფრთხის აცილების ვალდებულება წარმოეშვა, მაშინ იგი უკვე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებას საკუთრებაზე უარის თქმით ვერ აიცილებს. თუ მოძრავი ნივთი დაზიანდა იმ პერიოდში, როდესაც პირმა საკუთრებაზე უარი თქვა, მაშინ დაზიანება არ გამოიწვევს ქმედების განმახორციელებელი პირის დელიქტურ პასუხისმგებლობას, რადგან ამ შემთხვევაში სახეზე არ იქნება სამართლებრივად დაცული სიკეთე (საკუთრება), 992-ე მუხლის მიხედვით.

9

პირს, რომელიც დაეუფლება უპატრონო მოძრავ ნივთს, კანონმდებლის გადაწყვეტილებით, უფლება აქვს, უპატრონო მოძრავ ნივთზე მოიპოვოს საკუთრების დამდგენი დოკუმენტი – სასამართლოს გადაწყვეტილება.[4] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 337-ე–341-ე მუხლების თანახმად, სასამართლო ქონების უპატრონოდ ცნობის საკითხს განიხილავს უდავო წარმოების წესით.




  1. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 959, Rn. 3.
  2. იქვე.
  3. Oechsler, in MüKo BGB 6. Aufl., 2013, § 959, Rn. 9.
  4. შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 180; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 154.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_190._საკუთრების_შეძენა_უპატრონო_მოძრავ_ნივთზე&oldid=1631"