Gccc-logo.png


მუხლი 191. ნაპოვარი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 191. ნაპოვარი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, – პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.

2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.

3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია, მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე. გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია, მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება.

4. თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი.

5. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის მიზანია ნივთის დამკარგავის ქონებრივი ინტერესების დაცვა. ნორმის საფუძველზე წარმოიშობა კანონისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა და ჯილდოს მოთხოვნის უფლებით ქმნის განსაზღვრულ მოტივაციას სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად. სისტემური თვალსაზრისით, ნაპოვარი ახლოს დგას დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასთან (969-975), მაგრამ აღნიშნულისგან განსხვავდება იმით, რომ ნაპოვარის შემთხვევაში ნივთის მპოვნელის სხვისი საქმეების შესრულების ნება არ არის საკანონმდებლო შემადგენლობის ნიშანი: ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მპოვნელის ვალდებულებების წარმოშობა დამოკიდებული არ არის მპოვნელის ნებასა და კეთილსინდისიერებაზე.[1]

II. 191 I მუხლის წინაპირობები

1. დაკარგული ნივთი

2

ნორმის სისტემური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნაპოვარის საგანია მოძრავი ნივთი. ნივთი დაკარგულია, თუ ნივთზე შეწყდა მფლობელობა და, ამავე დროს, ნივთი არ არის უპატრონო, 190-ე მუხლის მიხედვით. 156-ე მუხლის თანახმად, ნივთზე მფლობელობა შეწყვეტილად ითვლება, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას; მფლობელობა შეწყვეტილად ჩაითვლება, თუ მფლობელი ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას მისთვის გაუცნობიერებლად კარგავს, ან იგი მეხსიერებაში ვერ აღიდგენს ნივთის მდებარეობას; მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა წყდება იმ შემთხვევა- შიც, თუ ქურდი მოპარულ ნივთზე მფლობელობას მიატოვებს. მფლობელის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი ნების წინააღმდეგობა არ არის 156-ე მუხლის შემადგენლობის ნიშანი და, შესაბამისად, იგივე ითქმის 191-ე მუხლზეც; ნივთზე მფლობელობა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ნივთის პირდაპირმა მფლობელმა (155 III) ფაქტობრივი ბატონობა თავისუფალი ნების საფუძველზე შეწყვიტა.

3

სამართლებრივი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დროებითი ხელშეშლის გამიჯვნა მფლობელობის შეწყვეტისაგან. გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ფაქტობრივ გარემოებებს. თუ ნივთის პოვნა ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით არ არის მოსალოდნელი, მაშინ ნივთზე მფლობელობა არ შეწყდება.[2] იმ შემთხვევაში, თუ ნივთი სივრცობრივად მოშორებულ ადგილას მდებარეობს, მაშინ მნიშვნელოვანია ის გარემოება, შეუძლია თუ არა მის მესაკუთრეს, დაამყაროს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა. მაგალითად, მგზავრს მატარებელში დარჩა ნივთი.

4

ნაპოვარის წინაპირობა არის, რომ მესამე პირს დაკარგულ ნივთზე მფლობელობა არ დაუმყარებია. ეს მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც მფლობელი ნივთს ისეთ სივრცეში კარგავს, რომელზეც, ზოგადად, სივრცის მფლობელის ნება ვრცელდება. მაგალითად, მარკეტის მფლობელის ფაქტობრივი ბატონობის ნება მარკეტის სივრცეში არსებულ ნივთებზე, მათ შორის იმ ნივთებზეც, რომლებიც კლიენტმა მარკეტში დაკარგა. ამ შემთხვევაში, მარკეტის სივრცეში დაკარგულ ნივთზე წარმოიშობა მარკეტის მფლობელის ფაქტობრივი ბატონობა. ზოგადად, სასამართლო პრაქტიკა[3] სივრცის მფლობელის ზოგადი მფლობელობის ნების შეზღუდვას განიხილავს იმ შემთხვევებში, როდესაც დაკარგული ნივთი სივრცის მფლობელისათვის არასასურველი საგანია. მაგალითად, დაკარგული ცხოველი შეაღწევს მარკეტში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მარკეტის მფლობელის ნება დაკარგულ ნივთზე არ წარმოიშობა, რადგან არ ხდება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვება.

5

განძსა და ნაპოვარს შორის არსებული მსგავსების მიუხედავად, სამართლებრივად გამიჯვნა შესაძლებელია 191-ე მუხლის საწინააღმდეგო დასკვნიდან. კერძოდ, ნაპოვარის შემთხვევაში, შესაძლებელია დაკარგული ნივთის მესაკუთრის დადგენა.

2. ნივთის პოვნა

6

191-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა ნივთის პოვნითა და მასზე ფაქტობრივი ბატონობის დამყარებით. მპოვნელი არის არა ის პირი, ვინც დაკარგულ ნივთს პირველი აღმოაჩენს, არამედ ის პირი, ვინც მასზე მფლობელობას დაამყარებს. ფაქტობრივად, საკანონმდებლო შემადგენლობის ამ ნიშნის მნიშვნელობა გამოიხატება მპოვნელის გაცნობიერებული ქმედებით, რომ ნივთი დაკარგული არის. სწორედ ასეთი ქმედება გამოხატავს მპოვნელის მიერ ნივთზე პასუხისმგებლობის აღებას და მხოლოდ ასე შეიძლება იქნეს გაგებული საკითხი, თუ რატომ უნდა წარმოიშვას ნივთზე მფლობელობის დამყარებით მპოვნელის ვალდებულებები.

7

თუ ნივთზე წარმოიშობა თანამფლობელობა, მაშინ თითოეული თანამფლობელი არის ნივთის მპოვნელი. მპოვნელის მიერ შესაძლებელია ნივთზე არაპირდაპირი მფლობელობის დამყარებაც, როდესაც პირდაპირ მფლობელს აქვს მფლობელობის ნება არაპირდაპირი მფლობელის მიმართ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დამყარების მომენტში. ასეთი რამ სახეზეა, თუ პირდაპირი მფლობელის მიერ ნივთზე მფლობელობის დამყარება მას და არაპირდაპირ მფლობელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.[4] თუ პირდაპირი მფლობელი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებებს დაარღვევს და ნივთზე თავის მფლობელობას დაამყარებს, ასეთ შემთხვევაში იგი იქნება ნივთის მპოვნელი. იგივე ითქმის მჭერის (155 II) მიერ ნივთის პოვნაზე.

III. სამართლებრივი შედეგები

8

ნივთის პოვნითა და მასზე მფლობელობის დამყარებით წარმოიშობა მპოვნელის განსაკუთრებული სამართლებრივი ურთიერთობა დამკარგავის მიმართ. ნივთის დამკარგავს აქვს ნივთის დაბრუნების მოთხოვნა 191 I, 172, 160-ე მუხლების თანახმად.

1. განცხადებისა და ნივთის გადაცემის ვალდებულება

9

191 I მუხლის თანახმად, ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ, ე. ი. ბრალეული დაყოვნების გარეშე, უნდა განუცხადოს ნივთის დაკარგვის შესახებ დამკარგავს, მესაკუთრეს ან უფლებამოსილ პირს და გადასცეს მას ნივთი. მპოვნელის პასუხისმგებლობის მასშტაბი მოიცავს განზრახ და გაუფრთხილებელ ქმედებას. განცხადების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დამკარგავის, მესაკუთრის ან უფლებამოსილი პირის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობას.

10

იმ შემთხვევაში, თუ დამკარგავის, მესაკუთრის ან უფლებამოსილი პირის ვინაობა მპოვნელისათვის უცნობია, მაშინ იგი ვალდებულია, აცნობოს პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს. ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან ცალსახად გამომდინარეობს („თუ მათი ვინაობა უცნობია“), რომ მპოვნელს არა აქვს ვალდებულება, დაადგინოს ნივთის დამკარგავის, მესაკუთრის ან უფლებამოსილი პირის ვინაობა. პოლიციის ან ადგილობრივი ორგანოს მიმართ განცხადება და გადაცემა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

2. მპოვნელის მიერ დაკარგულ ნივთზე საკუთრების შეძენა

11

191 II მუხლის რეგულირების მიზანია დაკარგულ ნივთზე სანივთოსამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. მპოვნელზე საკუთრების უფლების გადასვლით, მპოვნელი კარგავს ჯილდოს გადაცემისა და ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (არგუმენტუმ ე ცონტრარიო, 191 III). ნორმის მიხედვით, მპოვნელი მოიპოვებს საკუთრებას ნაპოვარზე მისი პოლიციის ან სხვა ადგილობრივი ორგანოსადმი განცხადებით მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ და ამ ვადაში მპოვნელისათვის არ უნდა იყოს ცნობილი მესაკუთრის ვინაობა, ან დაკარგულ ნივთზე მესაკუთრის უფლების შესახებ არ უნდა იყოს პოლიციაში გაცხადებული. 191 I მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მპოვნელს საკუთრების უფლების წარმოშობამდე არა აქვს ნივთის ფლობის უფლება („გადასცეს ეს ნივთი“). 191 II შეიცავს, ამავე დროს, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს: მპოვნელმა უნდა დაამტკიცოს ნაპოვარისა და ერთწლიანი ვადის გასვლის შესახებ, ხოლო მესაკუთრემ ის, რომ მპოვნელისათვის ცნობილი იყო მესაკუთრე, ან ის, რომ მან მესაკუთრის უფლების თაობაზე ერთწლიან ვადაში პოლიციაში განაცხადა. მპოვნელი მოიპოვებს საკუთრებას ნაპოვარზე და მასზე ეხ ნუნც ქარწყლდება ყველა სანივთო უფლება. ვინაიდან 191 I მუხლის მიხედვით, მპოვნელმა უნდა გადასცეს ნივთი პოლიციას ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ერთი წლის გასვლის შემდეგ მას შესაბამისი ორგანოს მიმართ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება ნივთის დაბრუნების თაობაზე, 191 I, 172 მუხლების საფუძველზე.

3. ჯილდოსა და ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

12

191 III მუხლის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, მპოვნელს უფლებამოსილი პირის მიმართ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე და, ასევე, მპოვნელს შეუძლია, მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება. თუ უფლებამოსილი პირის მიერ ნივთის პოვნის გამო დაწესებული იყო განსაზღვრული თანხა, მაშინ განმარტების გზით უნდა დადგინდეს, ჩაითვლება თუ არა კანონით განსაზღვრული თანხა უფლებამოსილი პირის მიერ დაწესებული ჯილდოს თანხაში. ეს საკითხი 52-ე მუხლის საფუძველზე უნდა იქნეს განმარტებული. როგორც წესი, მპოვნელს აქვს 191 III მუხლით განსაზღვრული ნივთის ღირებულების ხუთი პროცენტის მოთხოვნის უფლება, თუ უფლებამოსილი პირის მიერ დაწესებული თანხა ნაკლებია, ვიდრე ნორმით განსაზღვრული რაოდენობა; იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ დაწესებული თანხა მეტია, ვიდრე ნივთის ღირებულების ხუთი პროცენტი, მაშინ ნორმით განსაზღვრული თანხა უნდა ჩაითვალოს უფლებამოსილი პირის მიერ დაწესებული თანხის რაოდენობაში; დაბოლოს, თუ ნორმით განსაზღვრული თანხა და უფლებამოსილი პირის მიერ დაწესებული თანხა ერთი და იგივე რაოდენობისაა, მაშინ მპოვნელს აქვს მოთხოვნის უფლება 191 III მუხლის თანახმად. ნივთის ღირებულების შეფასების საფუძველი არის გადაცემის მომენტში ნივთის ღირებულება, რომელიც მას აქვს სამოქალაქო ბრუნვაში.[5] პრობლემატურია ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრისათვის ნივთის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მისი სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ღირებულება. ეს შეეხება იმ ნივთებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება უფრო ძვირფასი ნივთის ფლობა, მაგალითად, სახლის ან ავტომანქანის გასაღები. 191 III მუხლის არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ ჯილდოს რაოდენობა განისაზღვროს არა ნაპოვარის (გასაღები) ან უფრო ძვირფასი ნივთის (სახლი, ავტომანქანა) ღირებულებიდან, არამედ იმ ხარჯებიდან, რომელთაც უფლებამოსილი პირი გაწევდა ნივთის საბოლოოდ დაკარგვის შემთხვევაში. მაგალითად, სახლისთვის ან ავტომანქანისთვის გასაღების შეცვლის ხარჯების გაწევა. ნორმის თანახმად, ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება შეუძლია მოითხოვოს მპოვნელმა უფლებამოსილი პირისგან ან სათანადო ორგანოსაგან.

4. მპოვნელის უარი ნივთის საკუთრებაზე

13

191 IV მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ნივთის საკუთრებაზე. ამ შემთხვევაში კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი. კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ მოგებაზე მპოვნელს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება.

5. ცხოველებისა და მალფუჭებადი ნივთების გასხვისება

14

191 V მუხლის თანახმად, თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა. ეს რეგულირება არის IV ნაწილის განვრცობითი ნორმა იმ შემთხვევისათვის, თუ კომპეტენტური ორგანო ნივთის თვისების გამო ერთწლიანი ვადის დაუცველად ასხვისებს მას აუქციონის გზით და, ამასთან, ცნობილი ხდება ნივთის მესაკუთრე, რომელსაც აქვს ნივთის გასხვისებით მიღებული თანხის მოთხოვნის უფლება. თუ ვერ დადგინდა ნივთის მესაკუთრე, ამ შემთხვევაში, 191 IV მუხლის შესაბამისად, გასხვისებით მიღებული თანხა რჩება კომპეტენტურ ორგანოს.




  1. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 965, Rn. 1.
  2. იქვე, Rn. 3.
  3. BGHZ 101, 186.
  4. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 965, Rn. 11.
  5. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 965, Rn. 5.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_191._ნაპოვარი&oldid=1633"