Gccc-logo.png


მუხლი 192. განძი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 192. განძი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.

I. ზოგადი დებულებები

1

192-ე მუხლის მიზანია, რომ გაურკვეველი სანივთოსამართლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ბრუნვის წესებს დაუქვემდებაროს და, მეორე მხრივ, განძის მპოვნელს გაუჩინოს მოტივაცია, რომ საზოგადოების, როგორც კულტურული ერთობის, ცოდნა გამდიდრებულ იქნეს განძის აღმოჩენის ფაქტით.

II. განძის ცნება

2

განძი არის მოძრავი ნივთი. ეს გამომდინარეობს 192-ე მუხლის სისტემური ადგილიდან სამოქალაქო კოდექსში. ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის გაგებით, შეუძლებელი უნდა იყოს მესაკუთრის დადგენა. მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ განძი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაფლული. იმ შემთხვევაში, თუ სხვა კაუზალურმა გარემოებებმა, მაგალითად, ბუნებრივმა კატასტროფამ გამოიწვია ნივთის დაფლულობა, მაშინ სახეზე იქნება არა განძი, არამედ ნაპოვარი, 191-ე მუხლის მიხედვით.[1] ვინაიდან უპატრონო მოძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობა 190-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრება, შესაძლებელია, რომ განძის გამიჯვნა უპატრონო მოძრავი ნივთისგან განსაზღვრულ შემთხვევებში სამართლებრივად რთული იყოს. მესაკუთრის განსაზღვრის მიზნით, უნდა ვივარაუდოთ, რომ განძის მესაკუთრე არის ის პირი, რომლის ნივთშიც იქნა განძი აღმოჩენილი. ვინაიდან ნორმა განასხვავებს განძსა და იმ ნივთს, რომელშიც განძი იქნა აღმოჩენილი, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, 158-ე მუხლის მიხედვით, არ გამოიყენება.

III. განძის აღმოჩენა

3

საკუთრების მოპოვების ქმედება გულისხმობს განძის აღმოჩენას და არა განძზე მფლობელობის დამყარებას. კანონმდებლის გადაწყვეტილებით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული განძის აღმომჩენის მიერ თავისი უფლებების განხორციელებისას, მაგალითად, არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი საფლავის დაზიანება. საკანონმდებლო შემადგენლობის ნიშანი „აღმოჩენილია“ მიუთითებს, რომ აღმომჩენმა ნივთი აღიქვა როგორც განძი და აუცილებელი პირობა არის მის მიერ ნივთის განცალკევებულად გამოყოფა. სამართლებრივი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევებში, თუ განძი პირველად აღმოჩენილ იქნა დასაქმებულის მიერ. იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული შეხედულების[2] თანახმად, იმისათვის, რომ გან- ძის აღმოჩენის ფაქტი დამსაქმებელს შეერაცხოს, საკმარისია არა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სტატუსი (შრომითი ხელშეკრულება, ნარდობა), არამედ ამ ურთიერთობის კონკრეტული ხასიათი: თუ დამსაქმებელი გამიზნულად განძის საპოვნელად ამუშავებს დასაქმებულს, მაშინ დასაქმებულის მიერ განძის აღმოჩენა შეერაცხება დამსაქმებელს; სხვა შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი დამოკიდებულია იმ მითითებებზე, რომლებიც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის არის გაცემული განძის აღმოჩენის შემთხვევებისათვის და, შესაბამისად, ეს მითითება, ამავე დროს, განსაზღვრავს მფლობელობით ურთიერთობებს განძზე. გაბატონებული შეხედულება დამსაქმებლის მითითებაში მოიაზრებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, 107-ე მუხლის გაგებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს არ გაუცია მითითება, მაშინ დასაქმებული ჩაითვლება განძის აღმომჩენად. მითითების შესახებ მტკიცების ტვირთის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს.

IV. სამართლებრივი შედეგები

4

განძის აღმომჩენი და იმ ნივთის მესაკუთრე, რომელშიც იქნა განძი ნაპოვნი, მოიპოვებენ თანასაკუთრებას და განძის მართვის წესები განისაზღვრება 953-ე–968-ე მუხლების მიხედვით. თითოეული თანამესაკუთრის წილი განისაზღვრება მთლიანი საგნის მოცულობაში იმ შემთხვევაშიც, თუ განძის აღმომჩენმა პირმა განძის მხოლოდ ნაწილი აღიქვა. თუ განძი რამდენიმე საგანში იქნა ნაპოვნი, რომელთა მესაკუთრეც სხვადასხვა პირია, მაშინ თითოეული მესაკუთრე მოიპოვებს ნივთის მესაკუთრის წილს თანაბრად, 954-ე მუხლის მიხედვით.




  1. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 984, Rn. 4.
  2. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 984, Rn. 6-7; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 163.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_192._განძი&oldid=1636"