Gccc-logo.png


მუხლი 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა აწესრიგებს საკუთრებას მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე და განავრცობს 150-ე მუხლს. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არ შეიძლება იყოს სანივთო უფლებების ობიექტი. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიცავს ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებსაც (171). ეს შეხედულება მომდინარეობს რომის სამართლიდან (superficies solo cedit). ამის მიხედვით, მიწის ნაკვეთი ყოველთვის მთავარი ნივთია და მასზე საკუთრების უფლება განსაზღვრავს მის შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებასაც. სხვა მხრივ, ნორმის მიზანია სამართლებრივი ურთიერთობების ცალსახად რეგულირება და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ნაწილების, როგორც ერთიანი ეკონომიკური სიკეთის, შენარჩუნება. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ყოველთვის მოიპოვებს საკუთრებას არსებით შემადგენელ ნაწილზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მიწის ნაკვეთი მესამე პირის მფლობელობაში არის.

II. 150-ე მუხლის წინაპირობები

1. დაკავშირების ობიექტი

2

ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული უნდა იყოს მოძრავი ნივთი. მიწის ნაკვეთი არის დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომელიც სივრცობრივად განსაზღვრულია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით. მხოლოდ მოძრავი ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება მოწესრიგებულია 194-ე მუხლის მიხედვით. სადავო საკითხია ნორმის გამოყენება იმ შემთხვევებზე, როდესაც მოძრავი ნივთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრებაა. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს იმ შემთხვევებში, როდესაც სანივთო უფლებით დატვირთული ნივთის დაკავშირება ხდება მიწის ნაკვეთთან. ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა ამის საწინააღმდეგოდ არ მეტყველებს. გაბატონებული შეხედულების[1] თანახმად, ამ შემთხვევაშიც გამოიყენება 193-ე მუხლი. შესაბამისად, 196-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირების შედეგად მოძრავ ნივთზე ქარწყლდება სანივთო უფლება. ეს შედეგი არ ეწინააღმდეგება ნორმის მიზანს, რომ ცალსახად მოაწესრიგოს სამართლებრივი ურთიერთობა მიწის ნაკვეთზე: მესაკუთრის მოძრავი ნივთის დაკავშირება მიწის ნაკვეთთან გარეგნულად არ განსხვავდება იმ შემთხვევისგან, როდესაც მიწის ნაკვეთთან სხვა პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის დაკავშირება ხდება. გამომდინარე აქედან, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოძრავ ნივთზე გაქარწყლდება მესამე პირის სანივთო უფლებები.

2. დაკავშირება

3

მოძრავი ნივთის დაკავშირება მიწის ნაკვეთთან არის რეალაქტი. რეალაქტი, როგორც მოქმედება, არ არის გარიგება და, შესაბამისად, არ გამოიყენება გარიგების ნამდვილობისა და წარმომადგენლობის წესები.[2] დაკავშირება, როგორც რეალაქტი, არ შეიძლება შეცილებულ იქნეს.[3] მაგალითად, თუ პირი მოტყუების შედეგად მოძრავ ნივთს მიწის ნაკვეთთან დააკავშირებს, მას არ შეუძლია, მოითხოვოს ქმედების ბათილობა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრების უფლებას არსებით შემადგენელ ნაწილზე იმ შემთხვევაშიც, თუ მოძრავი ნივთი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან. მოძრავი ნივთის მიწის ნაკვეთთან დაკავშირების ქმედება არის ისეთი შეერთება, როდესაც მოძრავი ნივთი გახდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. პირის ნებას, რომელიც დაკავშირების ქმედებას ახორციელებს, ენიჭება მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დასადგენია, დაკავშირება დროებით თუ საბოლოოდ იყო განსაზღვრული. გარიგების საფუძველზე მოძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების წესებს 186-ე მუხლის მიხედვით უპირატესობა ენიჭება 193-ე მუხლთან მიმართებით. თუ მოძრავი ნივთის დაკავშირება, ამავე დროს, არის საკუთრების გადაცემა 186-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე საკუთრებას მოიპოვებს 186-ე მუხლის საფუძველზე. საეჭვოობისას, თუ შეუძლებელია ცალსახად განისაზღვროს, საკუთრების მოპოვება არის დაკავშირება (193) თუ საკუთრების გადაცემა (186), გამოიყენება 193-ე მუხლი, როგორც საკუთრების მოპოვების კანონისმიერი საფუძველი.

4

მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია შენობა-ნაგებობები, ასევე ის ნივთები, რომლებიც მასთან მყარად არის დაკავშირებული და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. მიწასთან მყარად არის ნივთები დაკავშირებული, თუ მათი განცალკევება შეუძლებელია სუბსტანციის ან დანიშნულების მოსპობის გარეშე (150 II). მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არ არის შენობა-ნაგებობა, რომელიც აღმართულია უფლების განხორციელების მიზნით. მაგალითად, 234 II მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და არა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად.

III. მტკიცების ტვირთი

5

თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მიუთითებს, რომ მოძრავი ნივთი მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, მაშინ იგი ვალდებულია, დაამტკიცოს ეს გარემოება. რადგან 150 II მუხლი საგამონაკლისო ნორმაა, მისი შემადგენლობის ნიშნები იმ პირმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც მასზე მიუთითებს. ფაქტობრივი ვარაუდი და, შესაბამისად, მტკიცების ტვირთის შემსუბუქება სახეზეა, მაგალითად, დამქირავებლის ან მეიჯარის სასარგებლოდ, რომ მოძრავი ნივთი მხოლოდ დროებითი სარგებლობის მიზნით იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. თუ ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელი ვალდებულია, მოაშოროს ნივთი ქირავნობის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ ეს გარემოება მიუთითებს, რომ მოძრავი ნივთის დაკავშირება მიწის ნაკვეთთან დროებითი სარგებლობისთვის იყო გამიზნული.

IV. სამართლებრივი შედეგი

6

მიწის ნაკვეთზე საკუთრება, კანონის ძალით, გავრცელდება მასთან დაკავშირებულ მოძრავ ნივთზეც. შესაბამისად, მოძრავ ნივთზე შეწყდება საკუთრება, რადგან იგი მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება წარმოიშობა მოძრავი ნივთის მიწის ნაკვეთთან დაკავშირების მომენტში. საკუთრების მოპოვების სამართლებრივი შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოძრავი ნივთი მოპარულია, იგი მესაკუთრემ დაკარგა, ან მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან[4] (187 II).

7

დაკავშირების შედეგად მოძრავ ნივთზე წარმოშობილი საკუთრება საბოლოოა. საკუთრების შედეგები უცვლელი რჩება მოძრავი ნივთის მიწის ნაკვეთისაგან განცალკევების შემთხვევაშიც. დაკავშირებული ნივთის განცალკევებისას მასზე წარმოიშობა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრება.[5] დაკავშირების შედეგად მოძრავ ნივთზე არსებული სანივთო უფლებები ქარწყლდება 196-ე მუხლის მიხედვით.




  1. Füller, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 946, Rn. 2.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 296-297.
  3. Füller, იქვე, Rn. 4.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 193, გვ. 130.
  5. Füller, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 946, Rn. 11.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_193._საკუთრების_შეძენა_მიწის_ნაკვეთის_არსებით_შემადგენელ_ნაწილზე&oldid=1638"