Gccc-logo.png


მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმო- შობილ ნივთზე


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.

2. თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზეც.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის მიზანი იგივეა, რაც 193-ე მუხლის შემთხვევაში. ახალი ნივთი, როგორც ეკონომიკური სიკეთე, შენარჩუნებულ უნდა იქნეს. ამავე დროს, ნორმა განსაზღვრავს საკუთრების უფლებას ახალ ნივთზე. 193-ე მუხლთან შედარებით, 194-ე მუხლი განსხვავებულად ადგენს საკუთრების მოპოვებას. კერძოდ, 194 I მუხლის მიხედვით, როგორც წესი, მოძრავი ნივთების შეერთების შედეგად წარმოიშობა მესაკუთრეთა თანასაკუთრება. 194 II მუხლის შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს ერთპიროვნულ საკუთრებას. 193-ე და 194-ე მუხლებს შორის საკუთრების მოპოვების განსხვავებული წესები ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 193-ე მუხლის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი ყოველთვის განიხილება მთავარ ნივთად. ნორმის მიზანი არ არის საჯაროობის პრინციპის განმტკიცება. ეს გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ მოძრავი ნივთების შეერთების შემთხვევაში მფლობელობა, როგორც ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის გამომხატველი ინსტიტუტი, არ არის საკანონმდებლო შემადგენლობის ნიშანი. ამასთან, 194 II მუხლით განსაზღვრული „მთავარი ნივთის“ დეფინიცია ემსახურება არა საჯაროობის პრინციპის განხორციელებას, არამედ იგი არის შეფასებითი საკითხი.

II. 194 I მუხლის წინაპირობები და სამართლებრივი შედეგი

1. ნივთების შერწყმის საგანი

2

ნორმა შეეხება მხოლოდ მოძრავ ნივთებს 148-ე მუხლის გაგებით. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს მოძრავი ნივთების დეფინიციას, იგი განისაზღვრება ნეგატიურად. მაშასადამე, მოძრავია ნივთი, რომელიც არ არის უძრავი 149-ე მუხლის გაგებით. ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი არეგულირებს სხვადასხვა მესაკუთრის მოძრავი ნივთების შეერთების სანივთოსამართლებრივ შედეგებს, მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული შეხედულების[1] თანახმად, შესაძლებელია ნორმის გამოყენება იმ შემთხვევებზეც, როდესაც მოძრავი ნივთები ერთსა და იმავე პირს ეკუთვნის, მაგრამ, ამავე დროს, ისინი სხვადასხვა ქონებრივ მასას განეკუთვნებიან. მაგალითად, ერთი მოძრავი ნივთი განეკუთვნება გაკოტრების მასას, ხოლო მეორე არა. ასეთ შემთხვევებში არსებობს მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილი ახალი ნივთის სანივთოსამართლებრივი მიკუთვნების პრობლემა.

2. მოძრავი ნივთების დაკავშირება და შერწყმა

3

ნივთების დაკავშირება არის რეალაქტი,[2] ყველა მისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით. ნორმა არ განსაზღვრავს ზუსტად, თუ რას ნიშნავს „დაკავშირება“. ნორმის საკანონმდებლო შემადგენლობის სხვა ნიშნების გათვალისწინებით, „დაკავშირება“ არის მოძრავი ნივთების ისეთი შეერთება, როდესაც ეს ნივთები ახალი ერთიანი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილები ხდებიან. დაკავშირება, შესაძლებელია, ამავე დროს, იყოს ნივთების „გადამუშავება“ 195-ე მუხლის გაგებით, თუმცა რთულია სამართლებრივი კრიტერიუმების დადგენა, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ამ ქმედებების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ზოგადად, გადამუშავება (195) წარმოების პროცესის აღმნიშვნელი ცნებაა და, შესაბამისად, უფრო მეტი დანახარჯების შემცველი, ვიდრე ნივთების უბრალო შეერთება. გადამუშავებამ შესაძლებელია, ნივთების დაკავშირება გამოიწვიოს, და, ვინაიდან მათი სანივთოსამართლებრივი შედეგები განსხვავებულია, წარმოიშობა კონკურენციის პრობლემები.

4

ენობრივი თვალსაზრისით, მოძრავი ნივთების „შერწყმა“ განიმარტება, როგორც აირისებრი ან თხევადი ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება. ნივთების შერწყმის შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, თუ რამდენად შეინარჩუნებს შერწყმის შედეგად წარმოშობილი ნივთი შერწყმამდე არსებული ნივთების აგრეგატულ მდგომარეობას. ნივთების შერწყმა ნიშნავს ნივთების განცალკევების შეუძლებლობას. ამ ნიშნით განსხვავდება იგი დაკავშირებისგან. ნორმა გამოიყენება ასევე იმ შემთხვევაში, თუ მყარი საგანი თხევადი მასალით გაიჟღინთება (მაგალითად, შეღებვა), ან მყარი საგანი თხევად მასალაში ქიმიური პროცესის შედეგად დაიშლება. შერწყმის საგანი შეიძლება იყოს სამშენებლო მასალები, ფული, მარცვლეული, მონეტები და სხვ.


3. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

5

მოძრავი ნივთების დაკავშირების შედეგად, მაგრამ არა შერწყმით, ცალკეული ნივთები უნდა გახდნენ ახალი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილები (150). ახალი ნივთი არ არის, მაგალითად, ნივთების ერთობლიობა, როგორებიცაა: პროდუქციის საწყობი, არქივი, ბიბლიოთეკა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ნივთების ერთობლიობის ნაწილებზე შეიძლება სანივთო უფლებების წარმოშობა; ხოლო 194-ე მუხლით განსაზღვრული მოძრავი ნივთები შეერთების შემდეგ არ შეიძლება, ცალ-ცალკე იყოს უფლებათა ობიექტები, ისინი, 150-ე მუხლის მიხედვით, ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილებია, რომელთა გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების, ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. თუმცა ტექნიკური პროგრესის შედეგად შესაძლებელი ხდება სულ უფრო მეტი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილების შეცვლა, რაც 150-ე და 195-ე მუხლების გამოყენების სფეროს ზღუდავს.

4. სამართლებრივი შედეგი

6

მოძრავი ნივთების დაკავშირებისა და შერწყმის შედეგად წარმოიშობა ადრინდელი მესაკუთრეების თანასაკუთრება 173-ე მუხლის მიხედვით. ამ შემთხვევაში, ახალ ნივთზე მფლობელობით ურთიერთობას მნიშვნელობა არა აქვს. დოგმატური თვალსაზრისით, ადრინდელი მესაკუთრეების ერთპიროვნული საკუთრება კანონის ძალით გარდაიქმნება ახალ ნივთზე თანასაკუთრებად. შესაბამისად, სახეზეა არა საკუთრების ხელყოფა, არამედ ხდება ცვლილება საკუთრების შინაარსში. ასეთი სამართლებრივი შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც, თუ ახალი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან, 187 II მუხლის თანახმად. თანასაკუთრების საგნის მართვისა და პასუხისმგებლობის წესები განისაზღვრება 173-ე, 953-ე–968-ე მუხლების საფუძველზე. 954-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, 194 I მუხლის მიხედვით, ახალ ნივთზე თანამესაკუთრეთა წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.

III. 194 II მუხლის წინაპირობები და სამართლებრივი შედეგი

7

194 II მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზეც. ნორმის ფაქტობრივი შემადგენ ლობის ფორმულირება არასრულ წესს ადგენს და ორაზროვნად წაკითხვის საშუალებას იძლევა, რადგან მიუთითებს, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე საკუთრებას მოიპოვებს საკუთვნებელზეც და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საკუთვნებელი შეერთებამდე ერთ-ერთ ნივთთან იყო დაკავშირებული, რომელიც შეერთების შედეგად დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით არ მიიჩნევა მთავარ ნივთად. მართალია, ფორმულირების თანახმად, 194 II მუხლის შემადგენლობა მოიცავს ნორმის I ნაწილის შემადგენლობას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს ადგენს, მაგრამ, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, 194 II მუხლი გაგებულ უნდა იქნეს არა ისე, რომ შეერთების შედეგად არ წარმოიქმნება ერთიანი ახალი ნივთი, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილები ხდებიან შეერთებამდე არსებული ნივთები, არამედ, მოძრავი ნივთების შეერთების მიუხედავად, ახალი ნივთის განსაზღვრის შემთხვევაში, ერთ-ერთი ნივთი მიიჩნევა მთავარ ნივთად და, შესაბამისად, მეორე ნივთი ხდება ახალი ნივთის არა არსებითი შემადგენელი ნაწილი, არამედ მხოლოდ საკუთვნებელი.[3] მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას 194 II მუხლის იმპერატიულად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე ერთპიროვნულ საკუთრებას მოიპოვებს და არა თანასაკუთრებას. მაგალითად, ავტომანქანის მწარმოებელი აღჭურავს ავტომანქანას სხვა მწარმოებლის მიერ მიწოდებული სათადარიგო საბურავებით, რომელიც არ არის ავტომანქანის მწარმოებლის საკუთრება.

IV. ნორმათა კონკურენცია

8

ნორმათა კონკურენცია შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ მოძრავი ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება 194-ე მუხლის მიხედვით, განსაზღვრულ შემთხვევებში, ამავე დროს, შეიძლება მასალის გადამუშავება იყოს 195-ე მუხლის მიხედვით. 194 II და 195-ე მუხლებს შორის არ იქნება ნორმათა კონკურენცია, რადგან 194 II მუხლს უპირატესობა უნდა მიენიჭოს 195-ე მუხლთან მიმართებით, თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად. 194 I და 195-ე მუხლებს შორის წარმოშობილი კონკურენცია უმნიშვნელო ხდება იმის გამო, რომ ორივე ნორმის სამართლებრივი შედეგი თანასაკუთრებაა.




  1. Füller, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 947, Rn. 2.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 297.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 194, გვ. 133.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_194._თანასაკუთრება_მოძრავი_ნივთების_შერწყმის_შედეგად_წარმოშობილ_ნივთზე&oldid=1640"